ავტორი:

"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"

"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალებას სოციალური ქსელებში უამრავი ადამიანი ეხმაურება:

გია ყანჩელი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელთან, სვიმონ ჯანგულაშვილთან ერთად

გოჩა აბულაძე, ბარიტონი:

"მთელი ჩემი ბავშვობა ვუსმენდი მის მუსიკას. ვერ ვხვდებოდი და ვერც წარმომედგინა, რომ ამ სილამაზის შემქმნელი ადამიანია. ჩემთვის ღმერთივით იყო მისი მუსიკა. გრძნობ, გიყვარს, ესაუბრები, გულით ატარებ, მაგრამ არ ჩანს არსად. მერე გავიზარდე და ერთ ჩემთვის ძალიან ბედნიერ დღეს, ბერლინში სრულიად შემთხვევით გავიცანი ის ღმერთკაცი, ვისი მუსიკითაც ვსაზრდოობდი მთელი ცხოვრება. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ვხედავდი მის უბრალოებას, მის თავმდაბლობას, ბავშვივით სიკეთეს... მერე ისე გამათამამა მისმა ადამიანურობამ ვუმღერე კიდევაც...

შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, თუ რას ვგრძნობდი, როცა გია მისმენდა... მერე გულში ჩამიკრა... ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ის უხილავი ღმერთკაცი, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა მისი ჯადოსნური და ღვთიური მუსიკით! მადლობა მაესტრო უკვდავებისთვის".

ედმონდ მინაშვილი, მსახიობი და პროდიუსერი:

"როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "შინდისის გმირების" მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა: - მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: - ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. სრულეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, "შინდისის გმირების" პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!"

ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი:

"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს".

ბუკა პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

"აცხონოს ღმერთმა გია ყანჩელი! მადლობა მას ყველაფრისთვის!"

ცოტნე ჯაიანი, მხატვარი:

"...ის აქ არ არის... ყანჩელი წავიდა... დაგვიტოვა დიდი ზღვა მუსიკის, სადაც ვიქნებით მარადის... ყანჩელი წავიდა ...სიცოცხლეს ყველას გვიფერადებდა, განსაკუთრებით შემოდგომის ფერებით, და სწორედ მაშინ დაგვტოვა, როცა ყვითლად იმოსება ხეები... აქაც გენიოსი აღმოჩნდა.. ყვითელი ფოთლები დაუფენენ გზას, რომ იქ, სადაც მიდის მშვიდობით განისვენოს... და თუ იქ მართლა მიდის , მაშინ “ის აქ არის”... ვიზიარებ, ეს ყველას დანაკლისია... და როგორი სიმბოლური იყო გუშინდელი დღე, ნიკოლოზ რაჭველის და ცოტნე ზედგინიძის მოსმენა... აღარაფერს ვიტყვი... მშვიდობით განისვენე მაესტრო, ქედს ვიხრი შენს წინაშე!"

ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი:

"უბედნიერესი ადამიანი და მუსიკოსი ვარ, რომ მასთან არა მხოლოდ გაცნობის, არამედ მის წინაშე დაკვრის ბედნიერება მქონდა... ბონში, ბეთჰოვენის ფესტივალზე, ყანჩელის მეორე სიმფონიაში სოლო მქონდა დასაკრავი... უსასრულოდ გაბმული ნოტი, რომლის ბგერა ღამეც მესიზმრებოდა. დღისით კი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს და უხმოდ გვიღიმოდა პარტერიდან... მის ნაწარმოებში სიჩუმეც სხვანაირად ისმინება... პაუზაც ხომ მუსიკაა... სიჩუმეც და სიმფონიის ყველაზე ძლიერი აკორედებიც "დოიჩე ველეს" ჩამწერ სტუდიაში დისკზე ჩაიწერა... გია ყანჩელის სახელი კი ისტორიაში..."

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით, რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი, მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო, ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ, რომ გია ყანჩელს ვიცნობდი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს