ავტორი:

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ჭიჭიაშვილი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულების გამო, მათ შორის იყო ადამიანების გატაცება. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელის ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, "აგრობიზნესბანკის" თანათავმჯდომარე პიტერ შოუს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაც. ჭიჭიაშვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხშიც. როგორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 2001 წელს მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აიღო.

ის 2003 წლის 24 ივნისს მოსკოვში დააკავეს და ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 2013 წელს საპატიმრო, ორ დღეში კი საქართველოს საზღვრები დატოვა.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივში ინახება შოთა ჭიჭიაშვილის ინტერვიუ, რომელიც 2013 წელს არის ჩაწერილი. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

- ბატონო შოთა, თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შეგრაცხეს. ვინ ხართ სინამდვილეში?

- სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ქართველი ვარ, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ პროცესებში ჩაება, რადგან სხვა გზა არ დარჩა... მამით ფშავ-ხევსური ვარ, დედით - ქისტი, ასე რომ, სუფთა კავკასიელი გახლავართ. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, სოფელ მატანში ზვიად გამსახურდია ამოდიოდა ხოლმე. 15 წლის ბიჭი ვიყავი და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს რომ ვისმენდი, ძარღვებში სისხლი მიდუღდებოდა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დაწყებისას პატარა ვიყავი, მაგრამ წასვლას ვაპირებდი, კომისარიატში მივედით თანატოლები, მაგრამ მამამ გამაჩერა და ხათრი ვერ გავუტეხე. ჩეჩნეთის ომში აღარავის არაფერი ვკითხე და მოხალისედ წავედი იქ, სადაც კავკასიის ერთიანობისა და თავისუფლების ბედი წყდებოდა. მერე საქართველოში დავბრუნდი... მიგვაჩნდა, რომ შევარდნაძემ მოსკოვიდან დახლართული გველური ინტრიგებით პუტჩისტების მეშვეობით მოიშორა ლეგიტიმური ხელისუფლება და თვითონ მოგვევლინა ერის "მხსნელად". ვინაიდან მათთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ზოგიერთებივით ფოჩიანი კამფეტებით ვერ მომისყიდეს, გადამემტერნენ. მათთან რომ მეთანამშრომლა, ყველაფერი გამწვანებული მექნებოდა. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ოფიციალურ ენაზე კრიმინალი ჰქვია, ჩვენთვის კი ომი იყო საქართველოს მტრებთან. იქიდან მიღებული ნადავლი საკუთარ ჯიბეში კი არა, საერთო ფონდში მიდიოდა და კავკასიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში იხარჯებოდა. ამათთვის მე ვიყავი კრიმინალი, მაგრამ ჩვენ რომ გაგვემარჯვა, მაშინ ეროვნული გმირი ვიქნებოდი.

- თქვენს სახელს უამრავი დანაშაული უკავშირდება, მათ შორის ადამიანების გატაცება... ეს არ ნიშნავს კრიმინალს?

- ნათქვამია, "მგელს მგლობა დასწამეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო". არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მეც უამრავი შეცდომა და ნაკლოვანება მაქვს, მაგრამ ცილისწამება ძნელი ასატანია. ბევრ უღირს საქციელს მწამებენ. ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ და მრავალჯერ სცადეს ჩემი განეიტრალება. ამას კონკრეტულად კახა თარგამაძე, ის "რკინის კაცი", ჯართში რომ ჩააბარეს, ვახტანგ ქუთათელაძე და სხვები ცდილობდნენ. მათმა სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე მომიწყვეს თავდასხმა. ყველაფერს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ საჯაია კურირებდა სატანა შევარდნაძის დავალებით.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ქართველების, ჩეჩნებისა და ქისტებისგან 100-კაციანი ბანდა ჩამოაყალიბეთ, რომელიც გასატაცებელ ადამიანთა კანდიდატურებს არჩევდა და წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. თქვენს სახელს უკავშირებდნენ ნარკოვაჭრობასაც.

- ეს არის კლასიკური ცილისწამება და ბინძური ჭორი, თქვენს ენაზე - შავი პიარი. შეიძლება ღრმად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ღმერთი ნამდვილად მწამს. მეორეც, ვარ ტრადიციული ქართველი და კავკასიელი. ნარკოტიკების გაყიდვა უღირს საქმიანობად მიმაჩნია და სხვისი უბედურებით გამდიდრება და კეთილდღეობის აწყობა არც არავის შერჩენია. ვფიცავ, ნარკოტიკებთან არც პირდაპირი, არც ირიბი შეხება არასდროს მქონია, თუმცა იყო ამის შანსი და შემოთავაზება. მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში. ამას მარტო ღმერთის შიშით არ გავაკეთებდი. მეორეც - ხალხის მრცხვენია, რწმენაც მაქვს და სინდისიც. ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე. იმათ კი ჩემი "გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს. არც რომელიმე სპეცრაზმის წევრი ვყოფილვარ, თუკი რაიმე მოწმობა მქონია, ყველა ყალბი იყო და ოპერაციების განხორციელებისთვის მჭირდებოდა.

მართალია, რომ მქონდა უშიშროების ოფიცრის მოწმობა, შსს-ს მაიორიც ვიყავი და კაპიტანიც, მაგრამ ამ "წოდებებს" მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ვიყენებდი. გატაცებას რაც შეეხება, ამაზე პასუხიც ვაგე - ათ წელიწადზე მეტი ყველაზე მკაცრ პირობებში, სამარტოო საკანში ვიჯექი ცხოველივით, მზე არ მინახავს და ჰაერი არ მისუნთქია, დღე იყო თუ ღამე, ვერ ვიგებდი, ჯანმრთელობა შემერყა და მხოლოდ ღმერთის წყალობით გადავრჩი. დროზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ, თორემ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. გარეთ ყოფნისას ბევრჯერ სცადეს ჩემი მოკვლა, თავს მესხმოდნენ, ხან მაფეთქებდნენ, ბოლოს ედუარდ ამბროსიჩის სპეცსამსახურებმა მომწამლეს და ორივე თირკმელგაჩერებული საწოლს მივეჯაჭვე, ტვინის შეშუპება მქონდა, 6 თვე ცოცხალ-მკვდარი ვეგდე, წესით და რიგით, ცოცხალი არ უნდა დავრჩენილიყავი.

- გატაცებებზე საუბარი არ დაგისრულებიათ. რის მიხედვით არჩევდით "მსხვერპლს"?

- სიმართლე გითხრათ, მორალური კანონები არასოდეს დამირღვევია. რასაც ჰქვია კავკასიური ტრადიცია და შარიათი, ყოველთვის წმინდად ვიცავდი. ვისაც ვიტაცებდით, ისინი ან აფერისტები იყვნენ, ან ნაძირალები, რომლებიც საქართველოში ხალხის გასატყავებლად მოდიოდნენ. ისეთ ხალხს ვარჩევდით, რომლებიც არც კანონთან იყვნენ სუფთა და არც კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ. არც ერთი მათგანი ქართველი და კავკასიელი არ ყოფილა. ამას გამოსასყიდის სანაცვლოდ ვაკეთებდით, თუმცა არავის შეურაცხვყოფდით, არც ვაწამებდით. ვატარებდით სამხედრო ოპერაციას, მიღებული თანხები კი "კავკასიის ფონდში" მიდიოდა.

- 2000 წელს დუისიდან "წითელი ჯვრის" თანამშრომლების გატაცებასთან რა საერთო გქონდათ?

- ისინი ჩეჩენი საველე მეთაურის, არბი ბარაევის ჯგუფის ნარჩენებმა მოიტაცეს და გამოსასყიდს - 2 თუ 3 მილიონს ითხოვდნენ. ბარაევის ერთ-ერთი ძმა, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ჩემთან ვალში იყო. ჩეჩნები ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, სიმართლე რომ გითხრათ, ცუდი თვალით უყურებდნენ, მისი წევრები ჯაშუშებად მიაჩნდათ, რომლებიც "წითელ ჯვარს" იმიტომ იყვნენ ამოფარებული, იმუნიტეტი და ხელშეუხებლობის გარანტია რომ ჰქონოდათ. მათი ახსნით, ისინი იყვნენ მზვერავები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ. ჩეჩნებმა მოიტაცეს ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელიც დიდგვაროვანის შვილი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი. ჩეჩნები გამწარდნენ, ამბობდნენ, მათ დავხოცავთ და ძაღლებივით გადავყრითო, მაგრამ მე შევაჩერე, ვუთხარი, ამით სიტუაცია გამწვავდება და შეიძლება საერთაშორისო კონფლიქტამდეც მივიდეთ, რატომ უნდა ვეგონოთ ყველას ტერორისტები და მოვექცეთ იზოლაციაში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა გვჭირდება-მეთქი.

ჩეჩნებმა მითხრეს, ესენი მაინც უნდა მოგვეშორებინა, შენ გჩუქნით და როგორც გინდა, ისე მოიქეციო. შევარდნაძეს და მის ძალოვანებს შევუთვალე, ამ ხალხს თმის ღერი არ ჩამოუვარდება, გამოსასყიდის გარეშე ჩაგაბარებთ, თქვენ კი მე და ჩემს ხალხს - 5 კაცს ძებნა შეგვიჩერეთ და სამართლებრივად რაც დამიმტკიცდება, იმაზე ვაგებ პასუხს-მეთქი (შოთა ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან იძებნებოდა - ნ.ფ.). აკი გითხარით, ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული და როგორც ცოფიან მგელს, ისე დამდევდნენ. არც მწვადი დავწვი, არც შამფური, ჩეჩნებიც ღირსეულად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და ჩვენი ძებნაც შევაჩერებინე. გატაცებულებიც მადლიერები წავიდნენ და შევარდნაძემაც ოფიციალურად გადამიხადა მადლობა.

- იმავე წელს ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეთ და მათი გათავისუფლება მხოლოდ ესპანეთის მთავრობის მიერ 2 მლნ დოლარის გადახდის შემდეგ მოხერხდა.

- დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე. მაშინ დუმილის უფლებას ვიყენებდი და ვერაფერი მათქმევინეს. მათთვის ზედმეტად ხმა არავის გაუცია. გავიტაცე ასირიელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა ჩემი საქმე რომ ნახოთ, მასში უამრავი ფაქტია მოყვანილი, რაც არ ჩამიდენია - მაგალითად, ბანკის ინკასატორებზე თავდასხმა, ვიღაც ქალის გატაცება. მერე ყველაფერი, თუკი რაიმე მომხდარა, მე მომაწერეს. აქლემივით მტვირთავდნენ საქმეებით და ფიქრობდნენ, აიტანსო. ნამდვილი დამნაშავეები მშრალად გამოვიდნენ და ყველაფერი მე ამკიდეს. ვფიცავ, ძალოვან სტრუქტურებთან და კახა თარგამაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ღმერთმა დამიფაროს, მათზე მემუშავა ან ინფორმაციით მომემარაგებინა ვინმე. ჩემთვის სახელი და ღირსება იყო ყველაფერი. რაც შეეხება იმ ინგლისელს, პიტერ შოუს ("აგრობიზნესბანკის" თავმჯდომარე), რომლის გატაცების დაბრალების მცდელობაც იყო, მასზე საერთოდ არაფერი მსმენია, ეს ამბავი რომ მოხდა, უკვე მოსკოვში ვიყავი.

- ბატონო შოთა, ვეფხია მარგოშვილთან რატომ დაგეძაბათ ურთიერთობა? არსებობდა ეჭვი, რომ მის აფეთქებასთან გქონდათ კავშირი.

- ადამიანს მიპარვით არასოდეს მოვკლავდი, მოსაკლავი თუ იყო, მივიდოდი პირისპირ, თვალებში ჩავხედავდი და ამას ისე გავაკეთებდი. იცით, რა მოხდა სინამდვილეში? ვინც დიდი ოდენობით ნარკოტიკს ყიდის, მარგოშვილს ვგულისხმობ, ის ავტომატურად შეკრულია ძალოვან უწყებებთან. ეს ან ოფიციალურ დონეზე ხდება და "ბარიგა" მათი აგენტია, ან არაოფიციალურად და იმ ფულს ერთმანეთში "ტეხავენ". ამ ბიზნესის უკან უფრო უშიშროება იდგა, ვინაიდან იარაღს და ნარკოტიკს ის კურირებდა, უმაგათოდ იქ რა მოხდებოდა, როცა სამი ნარკომანიდან ორი მათი აგენტი იყო? სახელმწიფოს და ძალოვან უწყებებს, თუ მოინდომებდნენ, ორ თვეში შეეძლოთ აღეკვეთათ ნარკოტიკებით ვაჭრობა. მარგოშვილის ლიკვიდაცია ან რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს, ან ქართულმა, ან ორივემ ერთად. ნარკოტიკების სფერო მე არ მეხებოდა. ეტყობა, მარგოშვილი კონტროლიდან გამოვიდა და მოიშორეს. ჩვენი ურთიერთობა კი მას მერე დაიძაბა, რაც მან ჩემი ძმადნაფიცის ბიძა მოიტაცა, ბოდიშიც მოიხადა და უკანაც დაიხია. სადაც მე ვიყავი, იქ მათი ადგილი არ იყო, ჩემზე წინ არ მიდიოდნენ. მათ თავიანთი სეგმენტი ჰქონდათ, მე - ჩემი.

- პეტრე ცისკარიშვილი რატომღა გაიტაცეთ 2001 წელს? იყო მითქმა-მოთქმა, რომ მას პანკისელი ნარკომოვაჭრეების ვალი ჰქონდა.

- პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას, როგორც მთის კაცს, რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, მეფის კარზე კი იყო დიდი ინტრიგები - ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა და ნომრიანი აგენტი, თელაველი კაცი. კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა "სასტავმა" კოტე ციხისთავი გამოაქცია ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, ვასვი, ვაჭამე, ჩავაცვი, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია და თუ რამე მოხდა, მის სისხლს მე ავიღებ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? კოტე პოლიციელის ფორმით იყო და წიგნაკი ჰქონდა.

ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია. ის თხუნელა იყო, შემოგზავნილი, თორემ დავალება მას თარგამაძემ და მისმა ხალხმა მისცა. ანუ მათ ჩვენდა გაუცნობიერებლად დაგვაჯახეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა "დაგვეთრია", უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისმა წაყვანამ მოგვიწია. უბრალოდ, გვინდოდა, დროებით, 1-2 დღე იზოლაციაში მოგვექცია, სანამ საქმეს გავაკეთებდით. მას თან ახლდა შეყვარებული, რომელსაც ვუთხარი, წადი, დაიკო, შენთან საქმე არ გვაქვს-მეთქი. ქალს თურმე ძალიან ჰყვარებია პეტრე და გვითხრა, სადაც ეს, მეც იქო და არ მიატოვა. ასეთი თავგანწირვის გამო პატივისცემა გაგვიჩნდა მის მიმართ. მათთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია, პირიქით, რომ სციოდა, ჩვენს ტანსაცმელს ვაცმევდით იმ გოგოს. ამასობაში ლამის მთელი სახელმწიფო გადავიკიდეთ. ახმეტამდე რომ მოვაღწიეთ, კოტე ციხისთავს ვუთხარით, მანქანა დაეტოვებინა. იქ ჯარის კორდონები იდგა, ჩვენ კი ჩვენი ბილიკები გვქონდა და იმის ავლით ჩუმად შევაღწევდით ხოლმე პანკისში. მანქანა რომ მიაგდეს, კოტემ ხელთათმანები არ ჩაიცვა და მანქანაში სპეციალურად დატოვა კვალი, ვითომ გადაავიწყდა. არ მინდოდა მასში ეჭვი შემეტანა, ალალად ვუყურებდი, 23 წლის ბიჭი ვიყავი და არც იმდენი გამოცდილება მქონდა. მერე ეს ციხისთავი ჯერ პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, შემდეგ იმ ქალს დაუწყო "ჩალიჩი", მათი დამცირება და მიწასთან გასწორება უნდოდა. მის არაკაცობაზე ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე.

- რა იყო ძალოვანების მიზანი?

- ეს ამხელა კაცი რომ ამკიდეს, მივხვდი, მხარეები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, პოლიტიკური ინტრიგა იყო, რომელშიც ჩაგვითრიეს და ბრმა იარაღად უნდოდათ ჩვენი გამოყენება. ამას მალე მივხვდი, ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი არაკაცურად - ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ კორიდორი მისცეს და დაიჭირეს. რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პეტრეს გადმოგცემთ-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს. პეტრეს ნარკომანობას აბრალებდნენ, მაგრამ ის სპორტსმენი კაცი იყო და სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, არც არავის ვალი ჰქონია, ეს იყო ბინძური პიარი. მგონია, ღირსეული კაციცაა, ჩემთვის ხელი არ დაუდია, არც არაფერი დაუშავებია, მეც ჩემი მხრივ, მისი ღირსება დავიცავი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი მაშინვე გავარკვიეთ.

- 2001 წლის მუხროვანის პირველ ამბოხებასთან რა კავშირი გქონდათ?

- მუხროვანის ბაზა ჩემი 7 კაცით უსისხლოდ და უმსხვერპლოდ ავიღე, მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილს და კობა ოთანაძეს გადავეცი. ისინი ვაჟკაცი და პატრიოტი ქართველები იყვნენ. მათთან მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მე იქ არაფერი მნდომია, არც ფულის გამო გამიკეთებია რამე. მერე იცით, იქ რა მოხდა? შემოვიდა ოთანაძისა და კრიალაშვილის ბატალიონები და შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენეს, შევარდნაძე ორივეს მოელაპარაკა, კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, მათ მოილაპარაკეს, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი.

- ამბობენ, ჟურნალისტი გიორგი სანაია პანკისში გადაღებულ მაღალჩინოსნების მამხილებელ ვიდეოკასეტას შეეწირაო. როგორ ფიქრობთ, მართლა არსებობდა ასეთი კომპრომატი?

- რამე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. ნარკოტიკების სფერო მძულდა და ჩახედული არ ვიყავი მასში, მაგრამ მგონია, ესეც ჭორია და არანაირი კასეტა არ არსებობს. სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს, უფრო მომავალი "ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს.