ავტორი:

კიევში მოკლული ქართველი "#1 ტერორისტად" წოდებული შოთა ჭიჭიაშვილია

კიევში მოკლული ქართველი "#1 ტერორისტად" წოდებული შოთა ჭიჭიაშვილია

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე, "#1 ტერორისტად" ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილია. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა.

„გიდასტურებთ, რომ გარდაცვლილი არის შოთა ჭიჭიაშვილი. საკითხზე კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან უკვე შედგა“, - აცხადებენ შსს-ში.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.

მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ჭიჭიაშვილი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულების გამო, მათ შორის იყო ადამიანების გატაცება. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელის ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, "აგრობიზნესბანკის" თანათავმჯდომარე პიტერ შოუს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაც.

ჭიჭიაშვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხშიც. როგორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 2001 წელს მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აიღო.

"მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილსა და კობა ოთანაძეს გადავეცი. ისინი ვაჟკაცი და პატრიოტი ქართველები იყვნენ. მათთან მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მერე შევარდნაძე კრიალაშვილსა და ოთანაძეს მოელაპარაკა - კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი", - ამბობდა ჭიჭიაშვილი.

ის 2003 წლის 24 ივნისს მოსკოვში დააკავეს და ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 2013 წელს საპატიმრო, ორ დღეში კი საქართველოს საზღვრები დატოვა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს