ავტორი:

"პრინცმა სამჯერ გამაუპატიურა" - ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სკანდალში გაეხვა

"პრინცმა სამჯერ გამაუპატიურა" - ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სკანდალში გაეხვა

ამერიკელი მილიარდერის ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, სკანდალი კი სულ უფრო ღრმავდება და საქმეში უამრავი ცნობილი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის - ბრიტანეთის დედოფლის შვილი, პრინცი ენდრიუ.

Town & Country წერს, რომ პრინცის კავშირებს ეპშტეინთან ახლა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობს.

Sunday Times წერს, რომ ამერიკელმა სამართალდამცველებმა ამის შესახებ ბრიტანულ სკოტლენდ იარდსაც შეატყობინეს.

„ამერიკელი გამომძიებლები რამდენიმე პოტენციური მსხვერპლის საქმეზე არიან ფოკუსირებულები და იმედს გამოთქვამენ, რომ უფრო მეტი დეტალის შესწავლას მოახერხებენ პრინცი ენდრიუს კავშირზე ეპშტეინის საქმესთან“ - ამბობს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოცემასთან.

ჯეფრი ეპშტეინი

სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ეპშტეინი 6 ივლისს დააპატიმრეს. ბრალდების ინფორმაციით, 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგონებს ფულს უხდიდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მილიარდერი მათ ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მდებარე სახლებში ეპატიჟებოდა.

გოგონებს, რომლებს შორისაც 14 წლის მოზარდებიც იყვნენ, ეპშტეინი სექსისთვის ასობით დოლარს უხდიდა. მილიარდერი ბრალდებებს უარყოფდა. მისი გარდაცვალების წინა დღეს სასამართლო დოკუმენტების უამრავი ფურცელი გასაჯაროვდა.

დოკუმენტებში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გისლეინ მაქსველი.

ეპშტეინის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ვირჯინია რობერტსი ამბობს, რომ 15 წლის იყო, როდესაც მაქსველმა ის მასაჟისტად მოამზადა. იმავე დოკუმენტში ქალი ამტკიცებს, რომ მაქსველმა პრინცი ენდრიუ გააცნო და უბიძგა, პრინცთან სექსი ჰქონოდა.

მოგვიანებით, სატელევიზიო ინტერვიუში ვირჯინიამ განაცხადა, რომ პირველი შემთხვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო და ლონდონში გისლეინ მაქსველის სახლში იმყოფებოდა.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გისლეინმა გამაღვიძა და მითხრა, დღეს პრინცს უნდა შეხვდეო. არ ვიცოდი, თუ მასთან სექსი უნდა მქონოდა. იმ ღამით ის გისლეინის სახლში მოვიდა, წავედით კლუბში. პრინცმა ენდრიუმ ალკოჰოლი მომცა, VIP სექტორში ვიყავით. მგონი, არაყი იყო...

მითხრა, მოდი ვიცეკვოთო. დავთანხმდი. შემდეგ კლუბიდან გავედი და ჩავჯექი გისლეინის მანქანაში. მან მითხრა, რომ სახლში დავბრუნდებოდით და იგივე უნდა გამეკეთებინა პრინცთან, რასაც ჯეფრისთან ვაკეთებდი.

პრინცმა სამჯერ გამაუპატიურა“ - იხსენებს ქალი.

პრინცი ენდრიუ, ვირჯინია რობერტსი და გისლეინ მაქსველი

პრინცი ბრალდებებს უარყოფს. განცხადება გაავრცელა ბუკინგემის სასახლემაც, სადაც აღნიშნულია, რომ იორკის ჰერცოგს ვირჯინია რობერტსთან სექსუალური კავშირი არასოდეს ჰქონია.

ეპშტეინთან მეგობრობის შესახებ არაერთხელ გაავრცელა განცხადებაც თავად ჰერცოგმაც - პრინცი ენდრიუ ამერიკელ მილიარდერთან ერთად გატარებულ დროს „შეცდომას“ უწოდებს.

დედოფლის შვილი ადასტურებს, რომ ეპშტეინს რამდენჯერმე ესტუმრა, თუმცა არასოდეს შესწრებია კანონდარღვევებს, რომელსაც ამერიკელ მილიარდერს ედავებოდნენ.

ეპშტეინი საკანში გარდაცვლილი აგვისტოში იპოვეს. მან თავი მოიკლა.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა