ავტორი:

ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მილიარდერს ბრალად არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კავშირში ედებოდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ეპშტეინი ციხის დაცვას ჩამომხრჩვალი დახვდა. იმის მიუხედავად, რომ გული გაჩერებული იყო, პატიმარი სამედიცინო პუნქტში მაინც გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეპშტეინმა თვითმკვლელობა გასულ თვესაც სცადა, რის გამოც მის საკანში სხვა პატიმარი შეიყვანეს და ციხის დაცვა ყოველ 30 წუთში ამოწმებდა. შაბათ დილას ის მარტო დარჩა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

66 წლის მილიარდერს 45 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ეპშტეინი 6 ივლისს დააპატიმრეს. ბრალდების ინფორმაციით, 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგონებს ფულს უხდიდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მილიარდერი მათ ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მდებარე სახლებში ეპატიჟებოდა.

გოგონებს, რომლებს შორისაც 14 წლის მოზარდებიც იყვნენ, ეპშტეინი სექსისთვის ასობით დოლარს უხდიდა. მილიარდერი ბრალდებებს უარყოფდა.

მისი გარდაცვალების წინა დღეს სასამართლო დოკუმენტების უამრავი ფურცელი გასაჯაროვდა. ბევრ სხვა ამბავთან ერთად ცნობილი გახდა ერთ-ერთი ქალის ისტორიაც, რომელიც აიძულეს, სექსი ეპშტეინის გავლენიან მეგობრებთან ჰქონოდა.

დოკუმენტებში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გისლეინ მაქსველი.

ეპშტეინის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ვირჯინია ჯიუფრი ამბობს, რომ 15 წლის იყო, როდესაც მაქსველმა ის მასაჟისტად მოამზადა. იმავე დოკუმენტში ჯიუფრი ამტკიცებს, რომ მაქსველმა მას პრინცი ენდრიუ გააცნო და გოგონას უბიძგა, პრინცთან სექი ჰქონოდა.

ინფორმაცია სასტიკად უარყო ბუკინგემის სასახლემ, ბრალდებას არც მაქსველი ადასტურებს.

ჯეფრი ეპშტეინი და პრინცი ენდრიუ

ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი?

ნიუ-იორკში დაბადებული და გაზრდილი ეპშტეინი 1970-იან წლებში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი ფინანსისტობას მიჰყო ხელი და საკუთარი კომპანია J Epstein and Co დააარსა.

კომპანია განაგებდა კლიენტების აქტივებს, რომლების ქონებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ეპშტეინმა გამომუშავებული სოლიდური ანაზღაურებით დიდი ოდენობით უძრავი ქონება შეიძინა, მათ შორის - ვილა ფლორიდაში, რანჩო ნიუ-მექსიკოში და უზარმაზარი ბინა ნიუ-იორკში.

ოფიციალური ინფორმაცია ფინანსისტის ქონების შესახებ არ არსებობს. მის გავლენიან მეგობრებს შორის იყვნენ დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, პრინცი ენდრიუ, მსახიობი კევინ სპეისი.

თავდაპირველად ეპშტეინი მისი ერთ-ერთი მსხვერპლის, 14 წლის გოგონას მშობლებმა ამხილეს - 2005 წელს მათ პოლიციას განუცხადეს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ფინანსისტმა პალმ ბიჩზე მდებარე სახლში დაამყარა. პოლიციამ სახლი გაჩხრიკა და გოგონების ფოტოებს მიაკვლია. თუმცა პროკურორებმა 2008 წელს ეპშტეინთან შეთანხმება გააფორმეს და ფინანსისტმა პატიმრობის თავიდან არიდება შეძლო. გასულ წელს პედოფილიის დეტალები გასაჯაროვდა და ივლისში სამართალდამცველებმა ეპშტეინი დააპატიმრეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"