რას უნდა ვერიდოთ ზაფხულში?

რას უნდა ვერიდოთ ზაფხულში?

"გარემოს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის პირობებში ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე... მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ მწერებს. შებინდებისას გამოფრინდებიან ხოლმე ლეიშმანიოზის გადამტანები, ამიტომ პატარა ბავშვები ოთხ წლამდე ქუჩაში ნუ ისეირნებენ," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რომელსაც "რეზონანსი" ზაფხულში მოსალოდნელ გართულებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

პაატა იმნაძე: ყველაზე უფრო მეტად უნდა ვერიდოთ ბუნებაში როდესაც გავალთ წყარო იქნება, მდინარე თუ თუ ღელე, არ აქვს მნიშვნელობა, იქ წყლის დალევას, რადგან ადუღების გარეშე სახიფათოა.

რაც შეეხება საჭმელს, მაღალ ტემპერატურაზე ძალიან მალე ფუჭდება, ამიტომ დამზადების შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიხმაროთ და თუ გვრჩება, აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ.

რეკომენდირებულია, სალათებს როდესაც გავაკეთებთ, მაიონეზი და არაჟანი უნდა მოვასხათ სუფრაზე გატანის წინ და არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ გამზადებული. არაფერს ვამბობ ხელების დაბანაზე, რომელიც აუცილებელია, როგორც ყოველთვის.

ასევე მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ მწერებს. შებინდებისას გამოფრინდებიან ხოლმე ლეიშმანიოზის გადამტანები, ამიტომ პატარა ბავშვები ოთხ წლამდე ქუჩაში ნუ ისეირნებენ, ტანი უნდა ჰქონდეთ დაფარული ან სპეციალური სითხე უნდა წაუსვან, რომელიც მწერებს აფრთხობს.

- წინა წელს საკმაოდ პრობლემატური იყო ლეიშმანიოზი, როგორი ვითარება გვექნება წელს?

-ეს ყოველწლიურად პრობლემატური დავაადებაა. 100-ზე მეტი შემთხვევა ყოველწლიურად გვხვდება თბილისში, თუმცა წელს უფრო მეტს არ ვვარაუდობთ.

- რაც შეეხება სიცხეებს, რას უნდა ვერიდოთ და როგორ დავიცვათ თავი?

-გარემოს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის პირობებში ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა ერთი გაფრთხილებით: თუ იცავთ დიეტას, რომელიც ზღუდავს სითხის ჭარბად მიღებას, მაშინ აუცილებლად დააზუსტეთ თქვენს ექიმთან, რა რაოდენობამდე შეგიძლიათ გაზარდოთ სითხის მოხმარება.

ასევე ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოს მოსახლეობა, რადგანაც ის ზღუდავს ორგანიზმის შეგუებას გარემო პირობებთან.

რეკომენდებულია, რომ რამდენადმე გაიზარდოს მარილისა და მინერალების მოხმარება. ორგანიზმიდან ოფლის ჭარბად გამოყოფას თან ახლავს მარილისა და მინერალების გამოყოფის გაზრდა, ამდენად, აუცილებელია დანაკარგის შევსება და რეკომენდირებულია საკვებ რაციონში მათი შემცველობის გაზრდა. თუმცა სხვადასხვა დაავადებები ზღუდავს მარილის მოხმარებას, მაგ. ჰიპერტონია, თირკმლის ქრონიკული დაავადებები. ამ შემთხვევაში აუცილებელია მარილის მოხმარების ზღვრული დონე მკურნალ ექიმთან შეთანხმდეს.

ყველას ვურჩევთ, რომ ატარონ ზაფხულის შესაფერისი ნაჭრის სამოსელი - ნაჭერი უნდა იყოს მსუბუქი, ღია ფერის და თავისუფლად შეკერილი. ცხელ დღეებში გემოვნებით შერჩეული თავსაფარი დაგეხმარებათ დაიცვათ თავი გადახურებისაგან.

მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ცხელ გარემოში მუშაობისას. თუ მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას შენიშნავენ, რომ სიცხე აუტანელი ხდება და თავს ვერ გრძნობენ კარგად, სასწრაფოდ შეწყვიტონ ყოველგვარი აქტივობა, მიაშურონ გრილ გარემოს ან ჩრდილს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგრძნობთ თავის ტკივილს, სისუსტეს ან გონების გაფანტვას.

გარემოში აქტივობისთვის ფრთხილად შეარჩონ დრო, თუ ადამიანი იძულებულია, დროის გარკვეული მონაკვეთი გაატაროს ღია ცის ქვეშ (საველე მუშაობა და ა.შ.), უნდა ეცადონ გარემოში აქტიურობა მოხდეს დილით ადრე ან საღამოს.

- რაც შეეხება აცრებს, რომელი აცრებია სავალდებულო?

-განსაკუთრებული არაფერია, ამ ზაფხულს რაც გეგმური აცრებია, ის უკვე მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში პოლიომიელიტზე გვქონდა გამახვილებული ყურადღება. ვისაც გამოტოვებული ჰქონდა პოლიომიელიტის აცრა, აუცილებელი იყო ბავშვები აეცრათ ამ ზაფხულისთვის. ტაჯიკეთში არ არის ხოლმე დიდი ხნის მანძილზე ეს პრობლემა, მაგრამ ახლა ინდოეთიდან შევიდა ეს დაავადება და აუცრელი ბავშვები ავად გახდნენ. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიომელიტის საფრთხე აღარაა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან შესაძლოა იმ ქვეყნებიდან ჩამოიტანონ, სადაც ეს დაავადება პრობლემატურია.

- ხომ არ უნდა ველოდოთ არასეზონურ დაავადებებს ან ისეთს, რომელიც საქართველოსთვის უცხოა?

-არა, განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით, ერთი-ორი შემთხვევა შეიძლება იყოს ცხელების. საქართველოში ასეთი მხოლოდ რამდენიმე ფიქსირდება ხოლმე, მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც. ესაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის შეტევის სინდრომით და კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც შარშან დაფიქსირდა, თუმცა, აუცილებელია, როდესაც რამე გვაწუხებს, ექიმს დროულად მივმართოთ.

- რაც შეეხება ზღვის დაავადებებს, რას ურჩევდით ზღვაზე წამსვლელებს?

-საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა და რაიმე დაავადებათა გართულება არ შეინიშნება. საკურორტო სეზონი დაიწყო და გართულებები არ ყოფილა, მაგრამ ტბებსა და პატარა წყალსატევებზე ბანაობისას წყალი არ გადაყლაპონ. მზეს მოვერიდოთ, გარუჯვა კარგია, მაგრამ ზომიერად, რადგან კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივებისადმი თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბი ულტრაიისფერი დასხივება კანის უჯრედებში იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და ხელს უწყობს მათ გადაგვარებას.

ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის - ჰიპოფიზის აქტივობა, თირკმელზედა ჯირკვლების, ღვიძლის მდგომარეობა და ა.შ. რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც კანზე მრავლობითი პიგმენტური ლაქები და ხალები აღენიშნებათ. სინათლისადმი კანის მგრძნობელობის გაზრდა შეუძლია ზოგიერთ მედიკამენტს, კოსმეტიკურ საშუალებებს, სუნამოებსა და ოდეკოლონებს. სინათლის სხივებისადმი ნორმალურ და პათოლოგიურ რეაქციებს შორის საზღვარი ყოველთვის მკვეთრი არ არის.

აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს ყოველი ახალი პიგმენტური ლაქის გამოჩენას კანზე ან ძველის ზომების გაზრდას, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ დერმატოლოგს.

- სასმელ წყალთან დაავშირებით ხომ არ მატულობს დაბინძურების საფრთხე?

-დიდი წვიმების დროს ყოველთვის არის ამის საფრთხე, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა წყალსატევები დაბინძურდეს. თუმცა ამ პერიოდში ნაკლებად საფრთხეა.

გიორგი ფუტკარაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი