ავტორი:

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

"ტფილისის ჰამქრის" წევრი, ცირა ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. აი, რას წერს ხელოვნებათმცოდნე გენიალური კომპოზიტორის შესახებ:

"ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს "თბილისობის" მიმართ და, რა თქმა უნდა, მეც. თუმცა, ეს სხვა თემაა. ამ 40 წლის განმავლობაში (სწორედ ამდენი გავიდა პირველი თბილისობიდან), წლევანდელი მგონია, რომ ყველაზე სევდიანი და ჩუმია. ამას ახსნა აქვს: გუშინ თბილისი გია ყანჩელს გამოეთხოვა.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ორი ფენომენი, ყანჩელი და თბილისი ერთმანეთს გვანან. თუ ვინმეს შეეძლო ეთქვა "მე ვარ თბილისი" (არასოდეს უთქვამს), ეს გია ყანჩელია. და, თუ ვინმეს შეუძლია თქვას "მე ვარ ყანჩელი", ეს თბილისია. (ერთხელ, ბროსეს ქუჩიდან რუსთაველისკენ მივდიოდი, ოპერასთან გაჩერებულ მანქანასთან იდგნენ ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი და გოგი ალექსი-მესხიშვილი, რატომღაც ყველას შავები ეცვათ და მათი ჭაღარა მძაფრად აღიქმებოდა. იმ მომენტში ოპერასთან იდგა მთელი ეპოქა. ამასთან ეს ეპოქა ძალიან თბილისურად, ლამის პლეხანოვურად იდგა. იდაყვამდე აწეული პერანგის სახელოებით და ცოტა დარდიმანდულად. ფოტო ვერ გადავუღე, მაშინ მობილურები მგონი არც იყო. თუმცა, რომც მქონოდა ალბათ ვერ გავბედავდი).

სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა.. თბილისში, პლეხანოვზე, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე. ამიტომაც მგონია, რომ "ყვითელი ფოთლები" თბილისის ჭადრებია! არც ნეკერჩხალი, არც მუხა, არც რაიმე სხვა.. მხოლოდ ჭადარი და ისიც თბილისის. "დავდივარ მარტო, უმისამართოდ..." თბილისის ქუჩებზეა... და საერთოდ, იმ ახალგაზრდა გოგოს (ყველასთვის ცნობილ ფილმში აყვავებული რტოთი ხელში რომ დადის) გეპეის, ან მზიურის ნიშის ტოტი უჭირავს ხელში...

გია ყანჩელის გარდაცვალების დღე გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაემთხვა. აქაც, მგონია, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გვანან, იმით, რომ ისინი ცამდე მართლები იყვნენ საკუთარი შემოქმედების და ქვეყნის წინაშე. ამ დღეებში ზუსტად გამოჩნდა, რომ ყანჩელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ მისი საოცრად ზუსტი და სამართლიანი ეროვნული და სამოქალაქო პოზიციით. ის აქ არის... აწი, ის ყოველთვის აქ იქნება, გუშინ რუსთაველის თეატრიდან ოპერამდე უწყვეტი ტაშით დაწყებული, ჩვენივე მობილურებზე დაყენებული ყანჩელისეული მელოდიით დამთავრებული. ასე, რომც არ იყოს, თბილისს გია ყანჩელი გარანტირებულად წელიწადში ორჯერ გაახსენდება. პირველად მაშინ, როცა სადღაც თებერვალში, სრულიად მოულოდნელად და ამავე დროს კანონზომიერად თეთრად იფეთქებს გეპეის ნუში და მეორედ შემოდგომაზე - როცა პირველი ყვითელი ფოთოლი მოწყდება ჭადარს. მე მინდა თბილისს ვუსურვო ყანჩელისებური სიმშვიდე. იმიტომ, რომ ეს სიმშვიდე მასთან ამავდროულად ფიქრია. დაფიქრებით მოვეპყრათ თბილისსაც. ნუ გამოვეკიდებით სტატისტიკას, იმიტომ რომ ქალაქი სტატისტიკით არ იზომება. ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი გავაკეთეთ ("რამდენი" სტატისტიკაა), ვთქვათ, რომ დღესაც ვაკეთებთ (ანუ პროცესში ვართ) ამ შემთხვევაში ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ და ჩვენი ქმედებები ხელოვნურად არ იქნება დაკავშირებული კონკრეტულ თარიღებთან. ნუ დავთვლით, რამდენი თბილისობა მოვაწყვეთ (ესეც სტატისტიკაა). ეს "თბილისობა" ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულება იყოს ქალაქთან მიმართებაში და ასე, მშვიდად ვიზრუნოთ თბილისზე.

ამ დღეებში გენიალური გრაფიკა გავრცელდა: შორს მიმავალი გია ყანჩელი ყვითელი ფოთლების ფონზე..

ქალაქის პერსონიფიცირება თუ შეიძლება, მგონია, რომ თბილისი ასაკოვანი მამაკაცია, ჭაღარა თმით, ოდნავ მხრებში მოხრილი, შეიძლება ჯოხზე დაყრდნობილიც, რომელიც მიდის.. სულ მეშინია, ერთხელ თბილისი მართლა არ წავიდეს.. ეს, რომ არ მოხდეს, უნდა გავიცნოთ ჩვენი ქალაქი. ამისათვის უნდა ვიაროთ დიდხანს, ვიაროთ ფეხით, უმისამართოდ და ეს ქალაქი თავად შეგიყვანთ კონკრეტულ მისამართებზე, სადაც აღმოაჩენთ საკუთრივ თქვენს თბილისს და თქვენს თავს ამ ქალაქში. ამ დროს გია ყანჩელის მუსიკასაც თუ გაიგებთ არ გაგიკვირდეთ... ეს არის თბილისი.

P.S. მე მას არ ვიცნობდი. ერთადერთი, რისი თქმაც პირველად და უკანასკნელად მისთვის შემიძლია, არის მადლობა - მადლობა სიცოცხლისათვის, ბატონო გია!"

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას