ავტორი:

ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

მარი ნარიმანიძეს და ბექა ბუჩუკურს სოფელ ქვეშეთიდან დღეს ყველა იცნობს - რამდენიმე დღეში ისინი ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ. ლაღი, გულწრფელი, "ფუმფულა" პატარები ინტერნეტით გაიცნეს და მათ მიმართ აღფრთოვანებას ვერავინ მალავს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის ნაწარმოების "ტერცო მონდოს" მიხედვით ფილმს იღებს. გადაღებების ნაწილი გასულ კვირას ხადას ხეობაში, მთიულეთში მიმდინარეობდა, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ეს არაჩვეულებრივი ბავშვები...

ფილმი სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე ერთად მოდიან რაიონის სკოლიდან, შემდეგ თბილისში გადაინაცვლებენ... საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდებიან ერთმანეთს. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება...

ეს ფილმზე, თუმცა რაც შეეხება მარის და ბექას, მათი პერსონაჟები სცენარში არც იყო გათვალისწინებული, ბავშვები მთიულეთში შემთხვევით აღმოაჩინეს და ისე მოეწონათ, რომ მათთვის ფილმში როლებიც კი შექმნეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ და როგორ იპოვა ეს საოცარი გოგო-ბიჭი, რომლებიც ერთი კვირის წინ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სოფელ ქვეშეთში, დღეს კი სრულიად საქართველომ გაიცნო და ყველა მათზე ლაპარაკობს... ეს ადამიანი "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ხათუნა ხუნდაძეა.

"მე კი აღმოვაჩინე, მაგრამ ბატონი მერაბის დამსახურებაა, რომ ისინი ამ ფილმში მონაწილეობენ... ამ ბავშვების შესახებ ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს ფოტოები "ფეისბუქზე". მათი ფანტასტიკური ფოტოები ბევრს ედო, თუმცა ყველამ მაინც გიორგი ნადირაშვილის გადაღებული საოცარი სურათები იხილა და გააზიარა.

ამ ბუთურიების არგადაღება როგორ შეიძლებოდა? მერე კი პატარები ჟურნალისტებმა აიტაცეს და ისინი ამა თუ იმ გადაცემასა თუ შოუში მოხვდნენ...

მოკლედ, ეს ამბავი ასე დაიწყო: ვიყავით ხადას ხეობაში, სოფელ ქვეშეთში საჯარო სკოლის მოსწავლეები (12-14 წლისები) უნდა შეგვერჩია... უცებ ეზოში ეს ორი ბუთურია ადამიანი შევნიშნე, ოღონდ, ცალ-ცალკე. მარი და ბექა დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან, მაგ ასაკისანი არ გვინდოდა, მაგრამ ისეთი საყვარლები, სასაცილოები იყვნენ, გამოვიყვანე და მათთან ერთად ჩვენმა ოპერატორმა ფოტოები გადამიღო. გოგო განათებული სახით და ბიჭი "რაიკომის მდივანივით"...

სურათი ჩვენს კასტინგ-მენეჯერს, მანანა თარალაშვილს რომ ჩავუტანე და ვაჩვენე, მაშინვე თქვა: ესენიც უნდა გადავიღოთო. ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს რომ ვაჩვენეთ, ხმა არ ამოუღია, სიცილი დაიწყო. მერე აიღო მაკრატელი, ჩემი თავი წააჭრა ფოტოს, დატოვა მხოლოდ ბავშვები და სურათი კედელზე გააკრა. ამით კი გვაჩვენა, რომ ესენი უკვე დამტკიცებული არიან როლზეო! მას მერე სულ ვეხუმრები: ბატონო მერაბ, როგორ ჩამომჭერით-მეთქი...

- მოკლედ, მათთვის როლები შეიქმნა...

- კი, ჩავსვით - ბავშვებს და აკითხავს სკოლაში და კლასიდან გამოჰყავს... ოქტომბრელები არიან... მოქმედება 80-იან წლებში ხდება. ჩვენი კოსტიუმების დიზაინერებმა, ქეთი კალანდაძემ და თეო თიგიშვილმა სანიტრის ფორმა შეუკერეს, რომელშიც გამოვაწყეთ და მაშინვე ძალიან საყვარელი პერსონაჟები გახდნენ.

ის ოქტომბრელის ნიშანი, რომელიც მკერდზე გავუკეთეთ, ძლივს ვიშოვეთ, ორად ორი ცალი იყო მშრალ ხიდზე... ფილმზე რეკვიზიტორების არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, მხატვარ კოტე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და კოტემ ბიჭუნას ხელში წითელი ჩანთა დააჭერინა, რომელზეც ვინიპუხი და პიტაჩოკია გამოსახული. თან, იმ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ისე დგანან, რომ მულტფილმის გამზადებული გმირები არიან.

გადაღებები რომ დამთავრდა, ბექას ბევრი "პეჩენია" ეჭირა ხელში, თითქოს ვინმე უკრძალავდა, არ აიღოო. მარიამმაც გადაღების შემდეგ პირველი რაც მითხრა: ხათუნა, მშია მე! სიცილი ამივარდა და დააყოლა - ყავაც მინდაო... მოკლედ, ძალიან გაგვამხიარულეს...

ბატონ მერაბს კადრი აქვს ასეთი, - მთავრი გმირი მეორე სართულიდან თივის ზვინში ხტება და სრიალდება. ბექას და მარიამს ძლივს ვაკავებდით, გაკვეხებული ჰქონდა თავი თივაში, უნდოდათ, რომ ისინიც გადამხტარიყვნენ. ზვინს გვიტკეპნიდნენ...

ექთნის თანაშემწის როლები აქვთ. ექთანიც ქეთი ჯანელიძე ბუთურია გვყავს, კეთილი და ფუმფულა, მის გვერდით მარი, სასწაულია... ზამთარში ისევ გავაგრძელებთ ქვეშეთში გადაღებას და მათზე უკვე ძალიან ახლო კადრი იქნება... გადაღება ისე მოეწონათ ბავშვებს, რომ კიდევ უნდათ...

ძალიან დამეგობრდნენ ფილმის მთავარ გმირ ბავშვებთან - გივიკო ხახიძესთან, ანდრია თოხაძესა და ლილე ლემანთან. მოკლედ, მათი დიდი ეპიზოდებია კიდევ გადასაღები და ისევ მოუწევთ ერთად ყოფნა...

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი