მსახიობი და მოდელი ქეთი ფარცვანია საზოგადოებამ გაიცნო ფილმით "ოცნების ქალაქში", თუმცა მანამდე ქეთი "მის საქართველოს" კონკურსშიც მონაწილეობდა და "მის ექსტრავაგანტურობის" ტიტულიც მოიპოვა.
ქეთი ქალაქში ჯერჯერობით მუქი ნაცრისფერი ჯიპით მოძრაობს, თუმცა 12 აგვისტოს შემდეგ (ქეთის დაბადების დღე აქვს) შესაძლოა ახალი "XX5"-ის მფლობელიც კი გახდეს.
- ქეთი, რა მანქანა გყავს?
- სამი წლის წინ, ომამდე შევიძინე "ბე-ემ-ვე-X5" 23.000 დოლარად, თუმცა ახლა ეს ავტომობილი გაცილებით ნაკლები ღირს.
- ავტომანქანა შენი შემოსავლით შეიძინე?
- დედინაცვალმა მიყიდა, ახლაც მის სახელზეა გაფორმებული, მაგრამ მე ვატარებ.
- რატომ ამოირჩიე მაინცდამაინც "X5"?
- დავიწყოთ იმით, რომ ჯიპია და საქართველოს გზებზე გამოსადეგი. სასპორტო მანქანაა და კარგად მოვერგე, ძალიან შემიყვარდა, თუმცა გამოცვლაზე მაინც ვფიქრობ.
- რომელი ავტომანქანის შეძენა გსურს?
- ახალი "X5"-ის, თანაც შავის. ჩემი მანქანა მუქი ვერცხლისფერია, არადა ამ მოდელს შავი უფრო უხდება. კარგი იქნება დაბადების დღეზე თუ მიყიდის ვინმე, ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჩემთვის.
- ავტომანქანის ნომერს მნიშვნელობას ანიჭებ?
- ახლა ჩემი ავტომობილის ნომერი ჯფფ 555-ია. წარმოიდგინე, ჩემთვის ისე მნიშვნელოვანია ნომერი, რომ 800 ლარი გადავიხადე დაუფიქრებლად.
- "555" პრეზიდენტის პატივსაცემად ხომ არ აიღე?
- (იცინის) მიხვდი, ხომ? რა თქმა უნდა, უკვე ყველამ იცის, რომ "5" ჩემი უსაყვარლესი ციფრია.
- მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ მანქანას, რომლის საჭესაც ქალი უზის, უნდა ერიდო...
- მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე ძალიან მხიბლავს, მამაკაცებს შეუძლიათ არ მომერიდონ, რასაც ბევრ ქალ მძღოლზე ვერ ვიტყოდი.
- პატრული ხშირად გაჩერებს?
- იშვიათად, ჩემი ნომერი იოლი დასამახსოვრებელია და მცნობენ...
- საგზაო წესებს არ არღვევ?
- ვარღვევ, როცა ახლომახლო პატრული არ ჩანს.
- და თუ დაგინახეს?
- მანქანიდან რომ გადმოვდივარ, იბნევიან (იცინის), პატრულთა შორის თაყვანისმცემლებიც მყავს, ზოგი ასე მომმართავს: "ჩემო ღვთაებავ!".
- საჭესთან ხომ არ ბილწსიტყვაობ?
- არ ვიგინები, თუმცა თუ ვინმე გზას გადამიჭრის ან არასწორად გაივლის და ზედმეტად გამაღიზიანებს, შუათითს ვუწევ.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)