ავტორი:

"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის

"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის

თურქეთი თანახმაა, შეწყვიტოს ცეცხლი სირიის ჩრდილოეთით, რათა ქურთულ სამხედრო ძალებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება მისცეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოსალაპარაკებლად თურქეთში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა.

მაიკ პენსის თქმით, ხუთი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე სრული სიმშვიდე იქნება და აშშ დაეხმარება ქურთ სამხედროებს, გავიდნენ საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც თურქეთი „მშვიდობიან ზონას“ უწოდებს.

უცნობია, დაეთანხმებიან თუ არა სრულად გადაწყვეტილებას ქურთები. ამასთან, ადამიანის უფლებების სირიული სადამკვირვებლო ცენტრი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეთანხმების მიუხედავად, საზღვართან მდებარე ქალაქში შეიარაღებული დაპირისპირება მაინც გრძელდება.

ბოლო 8 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად სირიაში 72 ადამიანი გარდაიცვალა, 300 ათასზე მეტმა კი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

თურქეთმა საზღვრისპირა ტერიტორიაზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ განაცხადა.

სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო, ტერიტორია გაეთავისუფლებინათ ქურთი მილიციისგან, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ქურთებისგან შემდგარი „სირიის დემოკრატიული ძალები“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იყო.

თურქეთს სურს, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი განასახლოს.

პრეზიდენტი ტრამპი მოკავშირეების მიტოვებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ „არც ქურთები არიან ანგელოზები“ :

„ეს არ არის ჩვენი საზღვარი, ამას ამერიკელების სიცოცხლე არ უნდა შევწიროთ“.

გუშინ კი გასაჯაროვდა წერილი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ერდოღანს მისწერა. წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება და მასში ტრამპი თურქ კოლეგას ურჩევდა, „არ ყოფილიყო სულელი“.

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ,“ - წერდა ტრამპი.

„ბიბისის“ წყაროს ინფორმაციით, ერდოღანმა წერილი სანაგვეში გადააგდო.

მას შემდეგ კი, რაც პენსმა და თურქეთის პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწიეს, ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მილიონობით ადამიანი გადარჩება.

„არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება“.

Great news out of Turkey. News Conference shortly with @VP and @SecPompeo. Thank you to @RTErdogan. Millions of lives will be saved!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 17, 2019

პოსტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტიც :

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - წერს ერდოღანი.

კალიფორნიის ტყეებში ძლიერი ხანძრის გამო, დენის გარეშე დარჩენა 2 მლნ-ზე მეტ ადამიანს ემუქრება

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის - ბარსელონაში კატალონიელი პოლიტიკოსების განაჩენი 350 000-მა ადამიანმა გააპროტესტა