ავტორი:

"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა

"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა

წელს, 26 წლის შემდეგ, უკვე მეორედ აღმოჩნდა აფხაზეთში, რითაც უბედნიერესია, რადგანაც მოინახულა ადგილები, რომელიც უზომოდ ენატრებოდა, ნათესავები და წინაპართა საფლავები...

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილია, მაგრამ ომმა, როგორც ბევრი ქართველი, მშობლიურ კუთხეს დააშორა...

ქალბატონმა მანანამ ორივე ვიზიტისას რეპორტიორის ფუნქციაც მშვენივრად შეითავსა და სოხუმიდან პირდაპირ რეპორტაჟებს გვაწვდიდა. AMBEBI.GE-ს ახლა უკვე საკუთარ განცდებზე უამბობს...

- ამჟამად ჩემი მთავრი მიზანი იყო, დედის საფლავზე საფლავის ქვა ჩამეტანა, რომელზეც მისი სახელი და გვარი ეწერებოდა... ამ წლების განმავლობაში ქვა არ ედო. თბილისში დავამზადებინე და აფზახურ-ქართულად დავაწერინე. რაც ვნახე, იქაურ საფლავებს, მხოლოდ რუსულად ეწერა. მე აფხაზურ-ქართული წარწერა მინდოდა, რომ ჰქონოდა.

მანამდე კი, მე და ჩემს და-ძმებს მოფიქრებული გვქოდა, დედა თბილისში გადმოგვესვენებინა. ისევე, როგორც სხვებმა გააკეთეს, აფხაზეთიდან თავისი მიცვალებული გადმოასვენეს. 26 წელი საფლავი მიტოვებული იყო, მაგრამ როცა ჩავედი და ვნახე, იქაურობას გადავხედე, ყველაფერი ისეთი მშობლიური და ბუნებრივი იყო, რომ თითქოს ეს 26 წელი არც ყოფილა... საფლავი შემაღლებულ ადგილზეა და იქიდან ზღვა ჩანს, ლამაზი ხედია და ვიფიქრე, დედაჩემი აქ უნდა იყოს-მეთქი... თან, ძირძველი სოხუმელია, მისი წინაპრებიც იქ არიან დაბადებული. ალბათ თვითონაც არ მოუნდებოდა, რომ აქეთ გადმოგვესევენებინა, რაშიც ჩემი და-ძმებიც დამეთანხმნენ.

- სოხუმში ყოფნისას, „ფეისბუქის“ საშუალებით თვალს ვადევნებდი თქვენს მოგზაურობას - ხშირად რთავდით ამა თუ იმ ადგილიდან „ლაივს“. სასაფლაოზე ყოფნისას სხვა ქართველების საფლავებსაც უღებდით ფოტოებს...

- კი, სხვა, ჩემთვის უცნობ ქართველების საფლავებსაც ვუღებდი სურათებს, სანთლები როგორც მეყო და შევძელი, ყველა მიცვალებულს დავუნთე. ბევრმა ფოტოებზე თავიანთი წინაპრების, ახლობლების საფლავები ამოიცნო და ამდენი წლის შემდეგ, ოჯახის წევრის, მეგობრის, ნათესავის საფლავი პირველად ნახა და ჩემი ატვირთული ფოტოების ქვემოთ მადლობას იხდიდნენ... ორი საფლავი გავასუფთავებინე კიდეც, რადგან სულ ეკლებში იყო გახვეული.

- ამჯერადაც ნათესავებთან ჩახვედით სტუმრად?

- კი და ბევრ ოჯახშიც მიწვევდნენ, სუფრას მიშლიდნენ (სუფრის ტრადიციები ჩვენ და აფხაზებს თითქმის ერთნაირი გვაქვს). მოკლედ, ძალიან თბილად შემხვდნენ. ერთმა ქალმა მითხრა - შენ ჩვენ შორის მშვიდობის მტრედივით ხარ, საოცრად კეთილგანწყობილი და ჩვენ სხვანაირები ვერ ვიქნებით შენ მიმართო... 5 დღე ვიყავი იქ და მართლაც, ხომ ვამბობ, სითბოს მეტი არაფერი მიგრძვნია. საუბარში ხშირად ახსენებდნენ - რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ „კარგ ცხოვრებაში ხომ ასე იყო“... „კარგ ცხოვრებაში“ ომამდე პერიოდს გულისხმობდნენ, როცა ქართველები და აფხაზები ერთად ვიყავით. მოკლედ, უბრალო, ადამიანურ საუბრებში ასე იყო...

მაჩუქეს 2 ბოთლი ბიჭვინთის ღვინო და თან, იქ ქალბატონი მიხსნიდა, - საოცარი ღვინოა, მერე მისმა მეუღლემ უთხრა, - ამას ღვინით რას გააკვირვებ, მაგათ კახური ღვინო აქვთ, მაგრამ იმან დაამატა, რომ ეს მისთვის მშობლიურია და ძვირფასი იქნებაო... ისინიც ისე მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში ჩემთვის მშობლიურია ყველაფერი და რომ ის ჩვენი სამშობლოა.

- აგრესიული ნაწილთან არ გქონიათ შეხება, რომლებიც არ გიღებენ და მორჩა?

- აგრესია არსად მიგრძვნია, ქუჩაში მარტო დავდიოდი ვიდეოლაივებს რომ ვდებდი, თბილისიდან მეხმაურებოდნენ და მეუბნებოდნენ - არ გეშინიაო? განსაკუთრებით უკვირდათ ქართულად რომ ვლაპარაკობდი. მინდა ვთქვა, რომ არც მაქცევდნენ ყურადღებას, მეც ამიტომ გავთამამდი და ქალაქშიც მარტო მხოლოდ ამიტომ დავდიოდი.

- როგორც ვიცი, აფხაზი მხატვარიც გაიცანით...

- კი და იმ „ლაივს“ 20.000 ნახვა ჰქონდა... თავიდან შემეშინდა და მისთვის არ მითქვამს, ქართველი ვარ და თბილისიდან ჩამოვედი-მეთქი. ვუთხარი, - სოხუმელი ვარ, აქ დავიბადე, მოსკოვში ვცხოვრობ-მეთქი. ცოტა ხანში კი მითხრა, - ქართულნარევი აქცენტი გაქვთო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მერე ვუპასუხე - ჩვენს საუბარსა და ურთიერთობაში დაძაბულობა რომ არ შემეტანა, ასე ამიტომ გითხარით. დიახ, ქართველი ვარ, თბილისში ვცხოვრობ, თუმცა სოხუმში დავიბადე და გავიზარდე-მეთქი. რას ამბობთ, მე მყავს ქართველი მეგობრებიო... ბოლოს როგორც ხელოვანმა მხატვრულად მითხრა კომპლიმენტები, ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა... ასეთი თბილი შეხვედრაც მქონდა... ურთიერთობებს რაც შეხება, ასეთ ეპიზოდსაც მოვყვები - ენგურის ხიდს რომ გადმოვდიოდი, უფროსმა მესაზღვრემ, ეროვნებით აფხაზმა (ასაკოვანი იყო) მკითხა - ღამით მარტო ხართ ქალი საზღვარზე? სად მიდიხართო? - თბილისში-მეთქი. სად იყავით და ვინ ხართო? ვუპასუხე... ისიც თბილად განეწყო - გვიანია, ავტობუსი აღარ არის, რომ გადაგიყვანოთ. - პირიქით, უკეთესია, თუ ფეხით გადავალ-მეთქი. იმ მიწაზე ფეხით სიარული მართლა მიხაროდა, თან, ბევრ რაღაცას ვათვალიერებდი. რომ გამომაცილა მითხრა - ჩვენთან კიდევ ჩამოდიო.

იმ პერიოდში დავინახე, ორი სასწრაფოს მანქანა, რომელებსაც აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე მწოლიარე ავადმყოფები გადმოჰყავდა... ერთი ტაქსისტიც შემხვდა, რომელმაც თქვა, რომ ოპერაცია თბილისში ჰქონდა გაკეთებული. ძალიან გაუხარდა, რომ ქართველი ვიყავი. ცხოვრებაში ორი ადამიანი მყავს ყველაზე ძვირფასი - დედაჩემი, ვინც გამაჩინა და მეორე ქართველი ექიმი, გვარად ჩხოტუა, რომელმაც სიცოცხლე მეორედ მაჩუქაო.

ასევე ქუჩაში ერთი კაციც შემხვდა, რომელიც ჩემთან მოვიდა, მომესალმა, გამიღიმა და მითხრა - „ფეისბუქიდან“ გიცნობთ. მანანა არ ხართ? თბილისიდან ჩამოხვედით და ვიცი, რომ აქ ხართო. როგორც ჩანს, ჩემს ლაივებს უყურებდა. მერე მითხრა, მამათქვენი ანატომიას მასწავლიდა, ძალიან კეთილი და რბილი ლექტორი იყოო. ჩემი ძმაც მოიკითხა და თბილად დამემშვიდობა... ჰო, ოჯახებში პაციენტებიც მივიღე, კონსულტაციები გავუწიე.

- როგორ ცხოვრობს დღეს სოხუმი?

- ქალაქში ზოგადად სიწყნარეა. ბევრი ხალხი არ მოძრაობს, საცობები არ არის, არანაირი მშენებლობა იქ არ მინახავს, გარშემო სულ სიმწვანეა. პარკეები ხეებითაა სავსე, გაჩეხილი თითქმის არაფერია, ეს ჩემს ლაივებშიც ჩანს... რაც შეეხება საკურორტო სეზონს, - წელს კი იყვნენ დამსვენებლები, მაგრამ როგორც იქაურებმა მითხრეს, შარშანდელთან შედარებით, უფრო ნაკლები... ტურისტები ძირითადად რუსები არიან...

- ყველაზე ემოციური ამ ვიზიტისას პირადად თქვენთვის რა იყო?

- ეს მხოლოდ სოხუმელებმა იციან - იმ ადგილების, ქუჩის ნაწილების მონახულება, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი ირეოდა, ვისხედით, ვიკრიბებოდით. როდესაც „ლაივებს“ ამ ადგილებიდან ვრთავდი, მაყურებელი მატულობდა... ჩვენთვის ძვირფას და სამახსოვრო ადგილებში წლების შემდეგ სიარული, ემოციური იყო. განსაკუთრებული იყო გზა სოხუმიდან ენგურამდე... ერთმა აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა და გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო. „ლაივი“ მაშინაც ჩავრთე, რადგანაც ამაღელვებელი იყო.

კომანში მოგზაურობამ არნაკლები ემოციები გამოიწვია...

კომანი სოხუმიდან შორს არ არის, 30 კილომეტრში იქნება, მთებშია, ძალიან ლამაზი ბუნებაა, სადაც ასევე მდინარე გუმისთა მიედინება. გუმისთას წყალიც დავლიე ისე, როგორც ამას წლების წინ, ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე, უსუფთავესია...

კომანი წმინდა ადგილია, იქ იოანე ოქროპირი აღესრულა, მერე კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, ხოლო სარკოფაგი, სადაც იყო დასვენებული, იქ ინახება. ტაძარი უძველესია - V-VI საუკუნის. იქურობა ძალიან მოვლილია.

ძირითადად რუსები მსახურებენ (ბერები, მორჩილები). იქვეა მამა ანდრიას საფლავიც, რომლებიც აფხაზებმა დახვრიტეს... საფლავს სახელი და გვარი არ აქვს, მაგრამ რომ ვიკითხე, მაჩვენეს, სადაც იყო. მისი საფლავიც მოვლილია. მოვინახულე წმინდა ვასილისკოს საფლავიც, სადაც სასწაულმოქმედი წყარო და პატარა სამლოცველოა. წმინდა ვასილისკოს საფლავზე ქვები იდო და მასზე სულ რუსულად ეწერა ადამინთა სურვილები. მეც შემეძლო ქვაზე დაწერა და ჩემი სურვილის იქ დადება, ჩემი სურვილები ორ ქვაზე ქართულად დავწერე და დავდე.

ამრაზეც გავისეირნე. იქ ასეთი ეპიზოდიც იყო - ერთმა აფხაზმა ბიჭმა დიდი სიხარულით მითხრა, რომ იქ სვანური კოშკიაო და მართლაც დავინახე სვანური კოშკი, რომელიც უზარმაზარი და ლამაზია. ისიც მითხრეს, რომ სვანი კაცის, არეთა კვიციანის მიერ ყოფილა აშენებული... ამის „ფეისბუქზე“ აღნიშვნის შემდეგ, არეთას შვილი დამიკავშირდა და უზომოდ მადლიერი იყო... მოკლედ, ამჯერად ეს არის, რისი მოყოლაც თქვენთვის შევძელი.

რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი