ავტორი:

"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ "ფეისბუქზე" გაავრცელა:

"როგორც იცით, ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში, იქ სადაც სამოქალაქო აქტიურობით დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევაჩერეთ ბორდერიზაცია.

პოლიცია საოკუპაციო ზოლთან ახლოს არ უშვებს ჩვენს ჯგუფს, რომ მშვიდობიანად აღვუდგეთ წინ ამ პროცესს. მეტიც, გაცემულია ბრძანება შაქშაქეთის პოსტთან გზის გადაკეტვის შესახებ, რათა თბილისიდან წამოსული ხალხი არ გაატარონ ატოცისკენ.

ამ პირობებში რჩება ერთადერთი გამოსავალი: წინ აღვუდგეთ ამ უკანანო გადაწყვეტილებას და ბორდერიზაციას.

ყველას მოგიწოდებთ, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დაიძრას ატოცისკენ. მარშრუტი ამგვარია: ავტობანიდან გადასახვევია აგარაში, აგარის პოლიციის შენობასთან მისულები გადაუხვევთ მარჯვნივ, ქვენატკოცის მიმართულებით და გზა მიგიყვანთ შაქშაქეთის პოლიციის პოსტამდე, რომელიც, სავარაუდოდ, გადაკეტილი დაგხვდებათ, თუმცა, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავიდეთ ატოცისკენ - გადაადგილება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მისი შეზღუდვის უფლება პოლიციას არა აქვს. ძალა ერთობაშია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - ვკითხულობთ "ძალა ერთობაშიას"-ს გვერდზე.

იმას, რომ შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას გამოჩნდნენ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი:

"მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. ეს პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, - განაცხადა გულიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას. ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს