ავტორი:

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც წალკის რაიონის დაბა ბედიანში მდებარე ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საავდმყოფოს თანამშრომელთა მტკიცებით, დაწესებულება იხურება. საპირისიროს აცხადებს საავადმყოფოს დირექტორი.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა ხდება სინამდვილეში ბედიანში და რა ბედი ელით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს.

მალხაზ ჟღენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექთნის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ საავადმყოფო დახურვის საფრთხის წინაშეა. რაც მთელ სოფელს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენებს.

„ჩვენს თანამშრომელს აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აპირებს ამ საავადმყოფოს დაკეტვას. გვიშვებენ უფასო შვებულებებში, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, შვილები. სოფელში ერთი კაცი არ არსებობს, რომელიც ამ საავადმყოფოში არ იყოს დასაქმებული. ზოგი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.

დირექტორი გვეუბნება, რომ გაგიშვებთ უფასო შვებულებებში და მერე გადაგანაწილებთ ხონის საავადმყოფოშიო. მე მაქვს 400 ლარი ხელფასი და ხონში ამ ხელფასით რა გავაკეთო, რომ დავტოვო ოჯახი და გადავიდე?! თავი ვირჩინო თუ ოჯახი ვარჩინო? როგორც ვიცით, დაიხურება ეს საავადმყოფო და მის ადგილას გაიხსნება ნარკოლოგიური ცენტრი შუა ქალაქში. არ უნდათ გადასვლა პაცინტებსაც.

გუშინ ჩემი სმენა იყო, მოდიოდნენ პაციენტები და გვეკითხებოდნენ - მართლა წაგვიყვანენო? ვაწყნარებდით, არსად წაგიყვანენმეთქი. მთელი სოფელია ამის წინააღმდეგი“ - გვიყვება მალხაზ ჟღენტი.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორს, გიორგი გულაშვილს. მისი მტკიცებით, მითქმა-მოთქმა საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გულაშვილი ამბობს, იგეგმება რებილიტაცია და არა სერვისების გაქრობა.

„ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ცვლილებებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა შეამოწმა ჩვენი დაწესებულება და დაწერა ძალიან კრიტიკული დასკვნა, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ბედიანის საავდმყოფოში და მართლაც ასეა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მამაკაცთა კორპუსში, სადაც 89 ბენეფიციარზე სამი საპირფარეშო და ორი სააბაზანოა. ამასთან, იგი საჭიროებს რეაბილიტაციას.

ქალთა კორპუსი ჩვეულებრივ რჩება და საუბარია მამაკაცების გადანაწილებაზე ხონის საავადმყოფოში, ვიდრე რეაბილიტაცია დასრულდება. ახლა ვამონტაჟებთ გამათბობლებს, რომლებიც აქამდე არ იყო" - ამბობს გულაშვილი.

დაუბრუნდებიან თუ არა მამაკაცი ბენეფიციარები ისევ ბედიანის საავდმყოფოს, ამაზე საავადმყოფოს ხელმძღვანელს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მან ასევე არც დაადასტურა და არც უარყო თანამშრომლებისთვის ექვსთვიანი უფასო შვებულების შეთავაზების ფაქტი.

"მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ისინი დაუბრუნდნენ ისევ ბედიანს, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მუშა პროცესია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას, შემცირდება თავისთავად, თუ მამაკაც ბენეფიციარებს გადაიყვანენ ხონში, მათ წაყვებათ სადღეღამისო დაფინანსება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე 23 ლარს შეადგენს. სადაც გადაიყვანენ ამ პაციენტებს იქ გადაყვებათ ეს დაფინანსება.

ამ ეტაპზე არ ვთავაზობთ არც ერთ თანამშრომელს ექვსთვიან უფასო შვებულებას. მინდა ხაზგამით ვთქვა, სერვისების წყვეტა არ იქნება და არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება" - განაცხადა გიორგი გულაშვილმა.

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ოლღა კალინა, AMBEBI.GE-სთან საუბარშუ ამბობს, რომ დაწესებულებამ წერილით სულ რამდენიმე დღის წინ მიმართა სახალხო დამცველს და მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კალინას თქმით, პროცესები გაუმჭირვალედ მიმდინარეობს და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

"ეს ინფორმაცია მაქვს სახალხო დამცველის აპარატიდან. აპარატს მიმართეს ერთი დღით ადრე ამ გადაწყვეტილებამდე და ჰკითხეს - ღირს თუ არა დახურვა და პაციენტების გადანაწილება ხონის საავადმყოფოში. ინფორმაცია არის დახურული და ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით რას აპირებენ. სახალხო დამცველმა გააგზავნა პოზიცია და არ ვიცით რას იზამენ.

რა თქმა უნდა, ცუდი პირობები იყო ბედიანში, მაგრამ ასეთი პირობები იყო მუდმივად, წლების განმავლობაში და ბოლო დროს არ გაუარესებულა, ამიტომ დაფინანსება კი არ უნდა შეემცირებინათ - პირიქით, უნდა გაეზარდათ.

ასევე, საჭიროა პაციენტების თანხმობა ამაზე და მათი მომზადება. რაც მთავარია, რატომ არის გამოსავალი ერთი ინსტიტუციის დასუსტება და მეორეს გაძლიერება? რატომ არ მოხდა მაგალითად, მრავალპროფილურ საავადმყოფოებში საწოლების შექმნა და ამით ანაზღაურება იმ დანაკლისის? ისედაც არ არის საკმარისი საწოლები აღმოსავლეთ საქართველოს საავადმყოფოებში და კიდევ შემცირება, ძალიან გაართულებს სიტუაციას" - ამბობს კალინა.

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია მიიჩნევს, რომ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულება უნდა დაიხუროს. ფსიქიატრის თქმით, შენობა რეაბილიტაციის შემთხვევაშიც ვერ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს.

„30 წელია ვმუშაობ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასათიანზე მიმუშავია ყველაზე მძიმე პერიოდებში, გათბობა და წყალი რომ არ იყო, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ბედიანში რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს იყო წარმოუდგენელი. მთელი გზა ვტიროდი... უმძიმესი ვითარებაა იქ. პაციენტები არიან არაადამიანური მოპყრობის და წამებსი მსხვერპლები ფაქტობრივად.

ჩვენი, საკითხზე მომუშავე არასამთავრიობო ორგანიზაციების, ფსიქიატრების რეკომენდაცია იყო, რომ ბედიანიდან მომხდარყო პაციენტების გაყვანა. ჩვენ ცალსახად მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს, არავითარი რემონტი და რეაბილიტაცია. წლებია ხდება სახალხო დამცველის ანგარიშებში ეს დაწეებულება და პაციენტების იქ ყოფნა შეფასებულია, როგორც წამების ტოლფასი.

ეს დაწესებულება თავიდანვე ძველის სტილით აშენდა საბჭოთა დროს და ძალიან კარგად აჩვენებს საბჭოთა რეჟიმის დამოკიდებულებას ამ პრობლემების მქონე პაცინეტების მიმართ. პაციენტები არიან ფაქტობრივად მოწყვეტილები ყველას და ყველაფერს, იქ მისვლა არის ძალიან რთული, უჭირთ მიკითხვა ოჯახის წევრებს. ეს შენობა ძალიან ჰგავს საპატიმროს თავისი შინაარსით. იგი ვერც საავადმყოფოდ გამოდგება და ვერც საცხოვრებელი ტიპის დაწებულებად. ამიტომ იგი უნდა დაიხუროს" - ამბობს ჭყონია.

ამ ეტაპზე ბედიანში 140 ადამიანი მკურნალობს.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ბედბიანის საავამდმყოფოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშრებით.

"77 წლის მამაკაცია, სხეულის 35%-ანი დამწვრობით" - გუგა ქაშიბაძის თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა