ავტორი:

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

ვიცი ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, საქართველოს ბევრ "გულმხურვალე გულშემატკივარს" პროტესტის გრძნობა გაუჩნდება და მეც იმ ახალგაზრდად მომნათლავს, რომელსაც უბრალოდ ქვეყნიდან გაქცევა სურს, ამის გასამართლებლად კი, თავის ქვეყანას აკრიტიკებს.

მართლაც, ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ ჩახვალ საცხოვრებლად, მიზეზს გკითხავენ და იტყვი - ჩემი ქვეყანა საქათმეს დაემსგავსაო, ვინ გაგამტყუნებს რომ ნორმალურ ადამიანს საქათმიდან გამოქცევა მოგინდა? თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, საქმეს ასე ვერ ვიმარტივებ…

მას შემდეგ, რაც დებატებში ჩავერთე, ყოველთვის, ერთი შეხედვით, დამარცხებულ ჰიპოთეზას ვირჩევდი და სწორი არგუმენტებით ვცდილობდი მის დაცვასა და გატანას. ახლაც ასეა ჩემი და ჩემი სამშობლოს ამბავი - როცა ქვეყნის გარეთ გავდივარ, იმ რეალობას ვივიწყებ, რომელშიც ყოველდღე გვიწევს ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს და მოსაყოლად სასურველ რეალობას ვიგონებ.

კარგი მთხრობელი ვარ, უფრო სწორად კარგი მეზღაპრეც ვხდები მაშინ, როცა ევროპის უმდიდრეს, ულამაზეს და საათივით აწყობილ დედაქალაქებში, საერთაშორისო სემინარზე ჩამოსულ მონაწილეებს ჩემი ქვეყნის შესახებ ვუყვები. თხრობისას ისეთი დამაჯერებელი ვხდები, სხეულზე ჟრუანტელიც კი მივლის, იმ ქართველებს ვემსგავსები სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს მჯიღის ცემით რომ ამბობენ ხოლმე...

ვყვები ჩემი ქვეყნის მთებზე, სტუმართმოყვარე ხალხზე, ტრადიციულ საკვებზე, რომლის მსგავსი სხვაგან არსად არის, გამარჯვებებითა და გმირობით სავსე ისტორიაზე, მრავალსაუკუნოვან ღვინის კულტურაზე, ხან იმასაც ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძველი ქვევრი ჩვენთან აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ყველაზე ძველი ისტორია მთელს მსოფლიოში ჩვენ გვაქვს, რაღაცაში პირველობა ხომ ჩვენს თავმოყვარეობას თავს კარგად მოუქონავს ხოლმე...

მაგრამ, იქნებ მაშინ, როცა ჩვენთან ღვინოს ქვევრში აყენებდნენ, სხვაგან უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ ქართველებისთვის კურთხეული მათრობელას დასამზადებლად და ამიტომ არ არის არსად უფრო ძველი ქვევრი აღმოჩენილი? ლოგიკურია ხომ?! დაფიქრებად ღირს, მაგრამ იმას რომ ამაზე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, საერთაშორისო დონეზე ხმამაღლა არასდროს ვაღიარებ...

ისევე როგორც არ ვამბობ, რომ სხვებისთვის მომღიმარი და სტუმართმოყვარე ერი, თავის სამმილიონიან სხეულში 80 ათას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს, კიდევ ამდენს ან უფრო მეტს, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლს მალავს, თვითონაც ძალადობს და ამაზე არ საუბრობს, თემას ტაბუს ადებს და ვინც ამ თემაზე საუბარს დააპირებს, კედელთან დააყენებს და დახვრეტს, ტყვიით თუ არა სიტყვით მაინც.

ქვეყნის გარეთ არც იმას ვაღიარებ, რომ ეს მრავალსაუკუნოვანი ერი ისე ჩარჩა თავის ტრადიციებში, რომ ყველაფერს განსხვავებულს ემტერება, მხოლოდ მორალურად კი არა, „ტაბურეტკებითაც“. აბა, იმას საერთოდ რა მათქმევინებს, რომ კი, მთელს ევროპაში ყველაზე კარგი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ ეს კერძები უკვე დიდიხანია ბებოს კერძების დამტვერილ რვეულში დარჩა, რადგან დღეს ქართველების რაციონს როგორც წესი - პური და პური შეადგენს... ამის წინ დედა მეუბნებოდა, პურს რომ მწვანილი შეატანო ისიც კი ძალიან გაძვირებულიაო.

როცა პრობლემებზე მსჯელობას ვიწყებთ, პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე, ნიუსრუმებში, კაბინეტებში, მეგობრები რესტორანში, რეჟისორები ფილმებში და მწერლები წიგნებში, შეგიმჩნევიათ, რომ კამათი მაშინვე მაღალმატერიალურ ღირებულებებზე იწყება? რომ სექსუალური უმცირესობა უნდა მივიღოთ და მათ ქორწინების უფლება მივცეთ, რომ სხვა უმცირესოსობებსაც ისეთივე უფლებები უნდა დავუტოვოთ, რომ მამაოები ჯიპებით არ უნდა დადიოდნენ... და კიდევ ათასი მსგავსი წინადადება გამახსენდება თუ საკუთარ თავს დროულად არ გავაჩერებ და არ გავიხსენებ რომ...

გუშინ კახეთიდან მოვდიოდი. გაჩერებაზე დავდექი. მანქანა არ მყავს, შესაძლებლობა ნამდვილად არ მაქვს, თორემ რომ მქონდეს სულ არ ვიფიქრებდი ეკოლოგიაზე, უფრო იმ აზრს „მივაწვებოდი“, რომ ამდენ ათას მანქანაში კიდევ რამდენიმე კუბური მეტრი გამონაბოლქვი საერთო ფონს ვერ შეცვლიდა... არადა შეცვლის, მაგრამ რაღაცებზე თვალების დახუჭვა ხომ კარგად გვასწავლა დრომ, საზოგადოებამ თუ ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზეც კი დახუჭონ თვალი?!

ჰოდა მეც დავხუჭავდი, ოღონდ, ჩვენ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვეძახით და სინამდვილეში ქათმების გადამზიდს ჰგავს, მაგით მგზავრობა აღარ მიწევდეს, არც კახეთიდან და არც ყოველდღე რუსთავიდან თბილისამდე და პირიქით.

ქვეყანა რომ საქათმეს ჰგავს არ იკმარეს და ქანდარების ჩამატება ისწავლეს ყველგან, სადაც სივრცეს დაინახავენ - ჩვენ რომ ქალაქები გვგონია იქ, ჩვენ რომ გზები გვგონია იქაც, ჩვენ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვეძახით მანდაც. ზოგიერთ ტრანსპორტში „თანამედროვე ქანდარები“ გადმოსაშლელია და სასურველ გაჩერებაზე ისე ვერ ჩახვალ, რომ ან შენი საჯდომი არ მiედოს ვინმეს, ან სხვისი საჯდომი არ მოგედოს შენ.

ასეთი ფიქრებით ასეულობით ადამიანი ყოველ საღამოს იმ გაჩერებაზე მხვდება, საიდანაც სახლში მიმავალ ტრანსპორტს უნდა გავყვე. ყველა მზად ვართ, ერთსაათიან, საცობებით სავსე გზებზე ფეხზე ვიდგეთ. ვიდგეთ და მომატებულ ტარიფებს ვიხდიდეთ.

ჯიბრზე, მგზავრობის (ანუ ტანჯვის) ხანგრძლივობაც იზრდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უნიკალური გეგმების წყალობით, რომლებიც ქალაქების განტვირთვას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში კი საცობებით დატვირთვას იწვევს.

ამ ყველაფრით დაღლილი და გაღიზიანებული ადამიანები შემდეგ ერთმანეთსაც აღარ ინდობენ - ბოლოს გაჩერებაზე რომ მივედი, გვარიანი ცემა-ტყეპა იყო ატეხილი რიგის (თუ უფრო სწორად ურიგობის) გამო. შემდეგ ეს განრისხებული ჯგუფი მძღოლს ეჩხუბება, ნერვებმოშლილი მძღოლი გზას ყურადღებას ვეღარ აქცევს და ავარიული სიტუაციები ჩნდება... ზუსტად მაგ დროს ხვდები, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, მაგრამ ზოგჯერ თქმითაც დაშავდება.

არადა ამ ბრაზს სადამდე ჩაიტევ ადამიანი? მაღაზიაში შეხვალ გამყიდველს ეჩხუბები, რომელმაც კარგად ვერ გაიგო რა უნდა მოგაწოდოს, ან დროულად ვერ მოგემსახურა, გამყიდველი სხვა მომხმარებელს ეჩხუბება, ეს გაბოროტებული მომხმარებელი სახლში წავა და ცოლს ეჩხუბება, ან შვილს, ან ქმარს, საბოლოოდ ყველა ერთმანეთს. ყველა სულ უფრო მეტად ბრაზობს ყველაზე...

მეც გავბრაზდი, კახეთიდან მომავალ გზაზე „ქათამმზიდის“ გადმოსაშლელ ქანდარაზე რომ ვიჯექი და ამ დროს უკან მჯდომს ჩასვლა მოუნდა, გატარების მცდელობაში თავი კარების ჩარჩოს მივარტყი და სწორედ მაგ დროს გავბრაზდი: საკუთარ მოუხერხებლობაზე, „ქათამმზიდივით“ ტრანსპორტზე, ამ ტრანპორტის მძღოლზე, რომელმაც სავარაუდოდ ტექდათვალიერებაც ვერ გაიარა და ახლა ყოველ თვე ჯარიმის სახით 50 ლარს იხდის, მთავრობაზე რომელსაც წესიერი კანონები ვერ შემოუღია, ქვეყანაზე, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, მალავს და აჩუმათებს და კიდევ ერთხელ ჩემს თავზე, რომელიც ქვეყნის გარეთ მეზღაპრეობს და თავის ქვეყანაზე ლეგენდებს იგონებს.

და ზუსტად ასე იქცა ჩემი ქვეყანა საქათმედ...

ფოტოზე: სტენსილი რუსთავიდან, მხატვარი - ნიკო

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "აფეთქების გაგონებისთანავე მიჰყევით ინსტრუქციას"

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?