ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერი #11(107), რომელშიც წაიკითხავთ:

ორი იბერიის ნათესაობის საკითხისთვის - XVII საუკუნის ერთი დოკუმენტის მაგალითზე

XVII საუკუნის პირველი ნახევარში საქართველოს მძიმე შემოტევათა გადატანა მოუწია ირანის მხრიდან. მეფე თეიმურაზ I-მა ამ შემოსევებამდე არაერთხელ სცადა დიპლომატიური კავშირის დამყარება რუსეთთან. ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. დასავლეთ ევროპაში დიპლომატიური მისიით გაიგზავნა ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი). ერთ-ერთი დასავლეთევროპული ქვეყანა, რომელთანაც თეიმურაზ მეფე დაკავშირებას იმედოვნებდა, იყო ესპანეთი.

ნიკიფორე ირბახის საქმიანობა ევროპაში, ისევე, როგორც მისი ღვაწლი, ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე სათანადოდ შესწავლილი არ არის. ქართულად და ესპანურად გამოქვეყნდა ესპანეთის ქალაქ სიმანკასის არქივში მიკვლეული დოკუმენტები, სადაც თავმოყრილია საიდუმლო აგენტებისა და ელჩების ცნობები, მეფეების ოფიციალური წერილები და სხვ. ერთ-ერთ დოკუმენტში ორი იბერიის ნათესაობის საკითხიც არის განხილული.

მადრიდში ნიკიფორე ირბახი შეხვდა წარმოშობით ბერძენ სასულიერო პირს, კონსტანტინე სოფიას, რომელიც ესპანეთის სამეფო კარზე მსახურობდა. საკუთარი სამშობლოს გათავისუფლების იდეით შეპყრობილმა სოფიამ იშვიათი დიპლომატიური მოხერხებულობითა და ოსტატობით შეადგინა წერილი, რომელიც ორი იბერიის ნათესაობის საკითხს შეეხება. ამ წერილმა კონსტანტინე სოფიას მეოხებითვე მიაღწია ესპანეთის სამეფო კარამდე და განსახილველად სამეფო საბჭოს გადაეცა.

ცათამბჯენის ტარანი ბომბდამშენით

1996 წელს პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა “ალ ყაიდას” მეთაურ ბინ ლადენს წინადადება შესთავაზა - ათი თვითმფრინავის ერთდროულად გატაცება და აშშ-ში ცნობილი სამოქალაქო სამიზნეებისთვის დაჯახება. ჩანაფიქრი ბინ ლადენმა დაიწუნა, თუმცა სამი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა და გეგმის მცირემასშტაბიანი ვერსიის შემუშავებას შეუდგა. სწორედ ამგვარად დაიგეგმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

ხალიდ შეიხ მოჰამედს ჩრდილოეთ კაროლინაში უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და სავსებით შესაძლებელია, თვითმფრინავების ცათამჯენებისთვის შეჯახების იდეა 1945 წლის 28 ივლისის ინციდენტიდან მოსვლოდა: ნიუ-იორკის ცათამბჯენ ემპაიერ სტეიტ ბილდინგს დილის 9 საათსა და წუთზე, სქელ ნისლში, ბომბდამშენი B-25 “მიტჩელი” 78-ე და მე-80 სართულებს შორის დაეჯახა.

ავარიის შედეგად შენობაში დიდი ხვრელი გაჩნდა. დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი და შენობაში მყოფი 11 ადამიანი. ერთ-ერთმა ძრავამ გამჭოლად გაიარა ცათამბჯენში, გახვრიტა მოპირდაპირე კედელი, იფრინა კიდევ 270 მეტრი და ახლომდებარე შენობას დაეცა. მეორე ძრავა და შასის ნაწილი ლიფტის შახტში ჩაცვივდა. შენობის დაზიანებისა და მსხვერპლის მიუხედავად, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი მომდევნო ორშაბათს გაიხსნა.

1960-იან წლებში, როცა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენი პროექტდებოდა, ამ ინციდენტის გათვალისწინებით განიხილეს სცენარი, თუ ერთ-ერთ შენობას შემთხვევით ბოინგი-707 შეეჯახებოდა. 2001 წელს ტყუპი ცათამბჯენი ორმა ბოინგ-767-მა იმსხვერპლა.

ჩერქეზიშვილნი - ქართული წარჩინებული საგვარეულოები

საქართველოს ისტორიაში შარავანდედით არის მოსილი იმ მამულიშვილთა სახელები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და მისთვის სიცოცხლეც კი არ დანანებიათ. მათგან მატიანეში უფრო მეტად თავდადებული მეფე-მთავრებისა და წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლების ვინაობა შემოგვენახა.

ქართულ წარჩინებულ საგვარეულოებს შორის ერთ-ერთი ღირსეული ადგილი ეკავათ ჩერქეზიშვილებს. ისინი პირნათლად ემსახურებოდნენ საქართველოსა და მის სათავეში ათასწლეულის განმავლობაში მდგარ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას XVI საუკუნიდან დაწყებული - ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე, რისთვისაც სათანადო აღიარებაც დაიმსახურეს...

ბოდორნის გუმბათიანი დარბაზი

ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით. ეკლესია დღევანდელი სოფელ ბოდორნის ტერიტორიაზეა, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ციცაბო მთის შუაწელზე.

ისტორიულ წყაროებში ბოდორნის შესახებ სხვადასხვა ტიპის ცნობებია დაცული. ქრონიკების მიხედვით, 1494 წელს არაგვის ერისთავმა ვამეყ შაბურისძემ სოფელი ხანდაკი შესწირა ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიას, ხოლო 1629 წელს ზურაბ არაგვის ერისთავს სოფელი ბოდორნა წილკნის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს. ტაძრის ამჟამინდელი შემოგარენი და მიუდგომელი კლდის ძეგლები დაკავშირებულია ასევე თემურ-ლენგის შემოსევებთანაც.

გადმოცემის მიხედვით, გახიზნული მოსახლეობა სწორედ ბოდორნის მთის ფლატეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში აფარებდა თავს. მსხვერპლიც დიდი ყოფილა. მათი ნაშთებით XIX საუკუნის დასაწყისამდე იყო სავსე ტაძრის ვრცელი სარდაფი, საბოლოოდ კი ტაძრის საძირკველში აღმოჩენილა.

მოგვიანებით ბოდორნა მეფე ერეკლე II-ის ვაჟის ვახტანგის საგამგებლოდ იხსენიება. ამ პერიოდს უკავშირდება ერთ-ერთი პირველი ცნობა ბოდორნის ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც პლატონ იოსელიანის ცნობით, 1789 წელს მეფე ერეკლეს ძე გიორგი დასწრებია.

ეს დღესასწაული ტრადიციულად სექტემბერში ღვთისმშობლის შობას აღინიშნება, ადგილობრივი და შემოგარენი დასახლებებიდან დღემდე უამრავ მომლოცველს იზიდავს და ერთგვარი ხატობის სახეს იღებს. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, მსგავსად სხვა ეკლესია-მონასტრებისა, ბოდორნის ეკლესიაში მრავალი ძვირფასი საეკლესიო ნივთი და ხელნაწერი ყოფილა დაცული, რომლებიც 1912 წლის შეკეთების პერიოდში უკვე გაუჩინარებულია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ულმი - ყველაზე მაღალი ტაძარი მსოფლიოში
  • მოკვლევა. მარილის ისტორია საქართველოში
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - ქუდი, როგორც ძალაუფლების ნიშანი
  • რეპორტაჟი ჯავახეთიდან. მოგზაურობა სამშობლოს გარშემო / ცხრაწყაროს უღელტეხილიდან ბუღდაშენამდე
  • ქართველები უცხოეთში. გოლგოთის გზაზე მავალი / მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით
  • სამხედრო საქმე, XV-XVI საუკუნეების ოსტატები. ევროპელი და ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობა / საყელო, სახელო, ხელთათმანი და ფეხის ჯავშანი
  • სიახლე. საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება
  • კინოს ისტორიიდან. სერჯო ლეონე და ამერიკული ვესტერნი / როგორ დაამარცხა უცნობმა იტალიელმა ჰოლივუდი უფრო მეტი სისხლითა და მკვლელობებით
  • თბილისის ისტორიიდან. სახლი მთაწმინდაზე / ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის სახლს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ვერ გადაარჩენს...
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი - სუკ-ი სმერშის წინააღმდეგ (დასასრული)
  • ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. სიტყვა, თქმული აკაკისაგან - ხელთუბნის სკოლის კურთხევის დროს ოქტომბრის 1-ლს 1884 წ.
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

"მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი