ავტორი:

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

ლუდომანია - აზარტული თამაშის გაგრძელების დაუძლეველი სურვილია, მიუხედავად ნეგატიური და ხშირად, დამღუპველი შედეგისა.

თამაშდამოკიდებულება ბოლო წლებში საქართველოს ეპიდემიასავით მოედო. არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 700 000-მდე ადამიანი თამაშობს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

საუბედუროდ, ლუდომანიამ უკვე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი 29 წლის სანდრო ბერაძეა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, რომლის ცხედარსაც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ცხვარიჭამიას ტყეში მიაკვლიეს...

სანდრო ბერაძის პრობლემის შესახებ ცნობილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წევრებისთვის. ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თამაშებზე დამოკიდებულებას.

"ასეთი კარგი ახალგაზრდა დაიღუპა. სანდრო, შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც ადიქციით (დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულება) იყო დაავადებული. მე ვიცნობდი სანდროს და მახსოვს, როგორ ებრძოდა ამ ადიქციას. თუმცა, ვეღარ გაუმკლავდა...

ჩვენი ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნაა მაქსიმალურად აიკრძალოს რეკლამები. ეს არის აგრესიული მარკეტინგი, რომელიც იპყრობს თინეიჯერების გონებას. ეს არის ქვეყნისთვის უთავმოყვარეო ბიზნესი, ლამის თბილისის ცაზე გადაჭიმონ ბეთების რეკლამები, ამის შედეგი კი საშინელია. ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი თაობა, უნდა ვიზრუნოთ თაობის გადასარჩენად და რას აკეთებს ამ დროს მთავრობა? - არაფერს!

საზღვარგარეთიდან მირეკავენ ემიგრანტი დედები, ტირიან. რეკავენ იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან... ისინი აღშფოთებულები არიან, რომ უცხოეთში მუშაობენ იმისთვის, აქ ვიღაცები გაამდიდრონ" - გვეუბნება "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე.

საგანგაშო სტატისტიკისა და ათობით ახალგაზრდის შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, ტელემაყურებლები სხვადასხვა მედიასაშუალებებით ყოველდღე უამრავ რეკლამას ხედავენ, სადაც პირდაპირ თუ ირიბად თამაშში ახალგაზრდების ჩათრევას ცდილობენ. რეკლამა, რომელიც გვკლავს, არის ყველგან - ტელევიზიაში, ინტერნეტში და ქუჩებში, არამხოლოდ ბილბორდების სახით, არამედ ტაქსებზეც.

VIDEO: "ეს არის ქვეყნისთვის უთავმოყვარეო ბიზნესი!" - ამ პათოლოგიით საქართველოში 700 ათასი ადამიანია დაავადებული

პარლამენტში ჩავარდნილი კანონპროექტის შემდეგ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა, რაც სრულად კრძალავს ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას.

"თამაშდამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების სერიოზული დაავადებაა. იდეა, რომლის თანახმად უნდა გაკეთდეს რეგულაციები, გამკაცრდეს კონტროლი, შევამციროთ ფულის გათეთრების რისკები და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ, დაიბლოკა ივანიშვილის დროს. მას, როგორც ჩანს, გარკვეული აქვს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, ამ ბიზნესთან ურთიერთობა.

სათამაშო ბიზნესი, სავარაუდოდ, თავის გადასახდელს იხდის "შავ ბურალტერიაში". არ შეიძლება, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზარტული კომპანიების რეკლამირება. ამ არხზე უნდა გადიოდეს სოციალური რეკლამები, სადაც იტყვიან, რომ თამაში ცუდია" - განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

ამ დრომდე ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მედიასივრცეში "პალიტრა მედია" იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვლიდან უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე თავის ყველა პლატფორმაზე - როგორც ინტერნეტსივრცეში პოპულარულ 20-მდე საიტზე (მათ შორის: AMBEBI.GE, IPN.GE, Kvirispalitra.ge, palitravideo.ge, sportall.ge და სხვა) ასევე რადიოში, ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში.

ამ გადაწყვეტილებით დამოუკიდებელმა მედიაჰოლდინგმა უარი თქვა მილიონობით შემოსავალზე, რადგან შემოსავალზე წინ მორალური პასუხისმგებლობა დააყენა.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკვე მეოთხე წელია "პალიტრის მედიის" ვერც ერთ პლატფორმაზე ვერ ნახავთ აზარტული თამაშების რეკლამას და მეტიც, მუდმივად მზადდება არაერთი სტატია, სოციალური რეკლამა თუ სიუჟეტი, რომელიც ლუდომანიის მავნებლობას უსვამს ხაზს.

სანდრო ბერაძის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, "პირველმა არხმაც" უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე - მაუწყებელი 2020 წლის იანვრიდან თავის ეთერში სრულად აკრძალავს სათამაშო ბიზნესის რეკლამას.

"პალიტრა მედია" საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება, ამასთან, სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამაზე.

ოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება, მაგალითად, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, სამწუხაროდ, ხშირად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზეც...

ავტორი: თეო ცუცქირიძე

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"