ავტორი:

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

სომხეთში რუსეთის საელჩომ სომხური მედია გიუმრის ბაზის გარშემო ატეხილი უარყოფითი კამპანიის გამო გააკრიტიკა. მათი ცნობით, სომხეთში რუსული სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ უარყოფითი კონტექსტის შემცველი პუბლიკაციები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

"სომხეთში არ არის არც პოლიტიკური ძალა, არც მედია, ვინც მიზანდასახულად გამოვიდოდა და მოსკოვთან განხეთქილებას შეუწყობდა ხელს. ყოველ შემთხვევაში, სომეხ ჟურნალისტები ასე მიიჩნევენ..." - წერს kavkaz-uzel.eu.

გამოცემის ცნობით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა უკმაყოფილებას გამოხატავს ადგილობრივ მედიაში არსებული ბოლო დროინდელი ტენდენციის გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციისგან მკვეთრად განსხვავებულია.

საელჩოს ინფორმაციით, სომხეთში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ "რუსეთის სამხედრო ბაზა ერთგვარი სიმბოლოა რუსეთ-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და სომხეთი კვლავ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში".

"სერგეი შოიგუმ გიუმრის 102 ბაზის სამხედრო მეთაურობას უბრძანა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. ეს ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ინტერნეტგვერდზე განათავსა..." - წერს გამოცემა.

რუსეთის საელჩოს ცნობით, ამის კვალდაკვალ, გარკვეული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში განხეთქილება შეიტანონ.

"რატომ განიხილება რუსულ-სომხური ურთიერთობები არა რუსებისა და სომხების მიერ და არამედ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოებისა და მედიის მიერ?.. რას ეყრდნობიან "დამოუკიდებელი" ექსპერტები, როდესაც კვლევებს აქვეყნებენ" – წერს რუსეთის საელჩო თავის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ბოლო პერიოდში სომხეთში რუსული არმიის ყოფნა სხვადასხვა პლატფორმაზე საკამათო თემად იქცა. მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობა პროტესტის დასაწყებად კიდევ ერთი ბიძგი გახდა. მას მოჰყვა აქციები, სახელწოდებით "რუსეთის არმიავ, წადი აქედან" (Русская армия - вон из Армении!). იმავდროულად მიმდინარეობდა კონტრაქცია, რომლის მონაწილეებსაც საპასუხო შინაარსის ლოზუნგებით ჰქონდათ, რომლის თანახმადაც, "რუსეთის არმია სომხეთს თურქეთის პოტენციური აგრესიისგან იცავს".

სომხეთში რუსეთის ელჩის პრესმდივანი ალექსანდრე გუჩკოვი არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი მედიასაშუალებები ცდილობენ რუსეთისა და სომხეთის წყლის ამღვრევას...

"შესამჩნევია ის ტენდენციები, თითქოს ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს და ამიტომაც გადავწყვიტეთ ოფიციალური კომენტარის გაკეთება" – აცხადებს გუჩკოვი.

სომხური ინტერნეტგამოცემა Lragir-ის რუსული ვერსიის რედაქტორისა და პოლიტიკური მიმომხილველის ნაირა აირუმიანის შეფასებით: "ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ვასალურ დამოკიდებულებას აპროტესტებს და ითხოვს, სომხურ-რუსულ ურთიერთობები გადაიხედოს და რუსეთის მოკარნახის პოზიცია თანასწორ, ორივე მხარისთვის სარგებლის მომტან კავშირად ჩამოყალიბდეს. ამას მიიჩნევენ ანტირუსულ განწყობებად".

სოხმურ მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრვის განცხადებას, რომ რუსეთს სურს, მოსკოვს ამერიკის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებზე წვდომა ჰქონდეს და ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ ის ლაბორატორიები "წმინდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება და არა სამხედრო დანიშნულებისთვის..."

რუსული მედიაც დიდხანს ატრიალებდა ამ თემას და მუდმივად სვამდა კითხვას, ექნებათ თუ არა "შეუზღუდავი წვდომა ამ ლაბორატორიებზე რუსეთს?". ფაშინიანმა უპასუხა, რომ "ის სომხეთის საკუთრებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის".

"რუსები ყველაფერს, ყველა ნაბიჯს, გვერდზე გახედვას გიკონტროლებენ... თან გეუბნებიან, ჩვენ არ გზღუდავთ, უბრალოდ, შენთვისვე ჯობია ასეო... იქნებნ გვაცადოთ, თავად გადავწყვიტოთ, რომელი ჯობია" - წერენ სომხები სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ ამ თემის გარშემო აქტიურობენ რუსები, რომელთაც სომხეთი არ ეთმობათ.

"ჩვენ არ გვიკვირს, რომ სომხეთი სულ უფრო და უფრო იყურება დასავლეთისკენ. ეს ასეც იყო, თუმცა, მათ როგორც კი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დასჭირდებათ, მაშინვე ჩვენთან გაჩნდებიან..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვასილი არტემოვი.

3 წლის სირიელი გოგონა, რომელსაც მამა აფეთქების ხმაზე აცინებდა, სამშვიდობოსაა - ტრაგიკული ისტორიის ბედნიერი ფინალი

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

ირანში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა