ავტორი:

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააუქმეს. გადაიდო სპორტული მატჩები, კონცერტები, გაუქმდა ფესტივალები, დაიხურა მუზეუმები.

პირველ მარტს პარიზში ლუვრი დახურეს და ის ამ დრომდე დაკეტილია. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენ ხანს იქნება მუზეუმი დახურული, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ყოველივე რამდენიმე კვირას გასტანს.

სანახაობა

სამხრეთ კორეაში ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა, რომელსაც ყოველდღე უამრავი ადამიანი სტუმრობდა, გიეონგბოკგუნგის სასახლე დაიკეტა და ახლა სტუმრებს ვეღარ იღებენ.

სხვადასხვა ქვეყნებიდან შეზღუდულია მოგზაურობა მილანში, ხოლო უკვე ქალაქში ჩასულ დამთვალიერებელს დუომოს ნახვის შესაძლებლობა აღარ აქვს. ოპერის პოპულარული სახლი, ლა სკალა კორონავირუსის საფრთხის გამო, გაურკვეველი ვადით დაიხურა.

პირველ მარტს დაკეტეს ტოკიოს ცათამბჯენი, რომელიც აქამდე იაპონიაში ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა იყო. აპირებენ, რომ ის 15 მარტს გახსნან, თუმცა ამ თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

პარკები, გასართობი ადგილები

24 იანვარს შანჰაიში დისნეილენდი დაიხურა და ამ დრომდე უცნობია, თუ როდის გაიხსნება. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დისნეილენდის გახსნას არ ჩქარობენ.

დაკეტილია ჰონგ კონგის დისნეილენდიც და მისი გახსნის თარიღიც უცნობია. დისნეილენდი დახურულია ტოკიოშიც, თუმცა ცნობილია, რომ მას 15 მარტს გახსნიან.

ფოტო შანჰაის დისნეილენდიდან

მუზეუმები

დაკეტილია მუზეუმების დიდი ნაწილი მილანში, ვენეციაში და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მუზეუმები გაიხსნება მაშინ, როცა ეცოდინებათ, რომ კორონავირუსის საფრთხე აღარ იქნება.

დაკეტილია მუზეუმები მთელს ჩინეთში. ჩინეთის ზოგიერთი მუზეუმი, მათ შორის, ეროვნული მუზეუმი ციფრულ მომსახურებაზე გადავიდა და მსურველს შეუძლია ხელოვნების ნიმუშები ონლაინ დაათვალიეროს.

კორონავირუსის საფრთხის გამო დაიკეტა ზოგიერთი მუზეუმი იაპონიაშიც, თუმცა აქ რჩება ისეთი მუზეუმებიც, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ. სამხრეთ კორეაში დაიკეტა კორეის ეროვნული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, კიოტოს ეროვნული მუზეუმი და სხვები.

ღონისძიებები

გასულ კვირას ტოკიოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მარათონი უნდა გამართულიყო. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო, გაუქმდა. ასევე, პარიზში გაუქმდა ზამთრის ყოველწლიური მარათონი.

იაპონიაში გაუქმდა კალათბურთის მატჩები და მთლიანად გაუქმდა სპორტის ამ სახეობის წლევანდელი სეზონი. კორონავირუსის საფრთხემ სუმოზეც მოახდინა გავლენა. გასულ კვირას სუმოს ასოციაციამ განაცხადა, რომ სუმოს საგაზაფხულო ტურნირი 8 მარტს დაიწყება, თუმცა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და გულშემატკივარს დასწრების უფლება არ ექნება. მსგავსი რამ სუმოს ისტორიაში პირველად ხდება.

ტოკიოში გაუქმდა ალუბლის ყვავილობასთან დაკავშირებული ყოველწლიური ფესტივალი.

არც კონცერტების კუთხით არის სხვაგვარი ვითარება. სხვადასხვა მუსიკოსებმა, მომღერლებმა ტურნეები გააუქმეს. მათ შორის, პოპულარულმა ჯგუფებმა BTS-მა და Green Day-მ. ამ უკანასკნელს გაზაფხულზე მოსკოვში ჰქონდა კონცერტი დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო, კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა