ავტორი:

"ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, "ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა" -  3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში" - ბიძინა ივანიშვილი

"ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, "ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა" -  3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში" - ბიძინა ივანიშვილი

წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საინვესტიციო პაკეტი დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ობიექტები გასაყიდად ცალ-ცალკე გამოვა. იმ სასტუმროებს, რომელიც არ გასხვისდება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეიძენს.

„იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით. წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს. რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება. თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველა ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ“, - განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თავად იზრუნებს წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

„წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში. როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შესაძლოა სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს.

მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამას გარდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "პანორამა თბილისთან" დაკავშირებითაც ისაუბრა - ივანიშვილის თქმით, მზად არის, პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს დაინტერესებულ ბიზნესმენს.

„პანორამა“ განსხვავებული უპირატესობების მქონე, სამ უნიკალურ სასტუმროს აერთიანებს: პირველი − ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგისა და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო. დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო. მეორე სასტუმრო − სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. აქვე გავიხსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

„პანორამის“ ამ მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად მოეხსნება, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს − ნებისმიერი მაღალი დონისა და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.

ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინარულ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ ამახვილებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას სჭირდება?!“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასტუმროში განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შესძენს მას.

ივანიშვილის ინფორმაციითვე, პანორამას მესამე სასტუმრო თაბორის გორაზე განთავსდება, სადაც გოლფის მოედნები გაკეთდება და „ეს სასტუმროც მაღალი შემოსავლების სტუმრებზე იქნება გათვლილი“.

„იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ „პანორამაზე“. ჩვენი ინტერესი კი ერთია − თბილისს ჰქონდეს ახალი სავიზიტო ბარათი − მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს − განავითარებს ჩვენს დედაქალაქში საქმიან ტურიზმს, რაც მთელ ქალაქზე აისახება“, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" -მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ამას არ დავუკავშირებდი არც ეკას და არც სხვას...." - დავით სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ჩანდა პანდემიის დროს როგორც პრემიერის მრჩეველი