ავტორი:

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

"ჩემი შვილები თითქოს ჩემი უბედურების "მეწილეები" იყვნენ და ამით უფრო ვიტანჯებოდი. უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს..."

33 წლის ასაკში იმდენი ტკივილი გადაიტანა, სამჯერ ოცდაცამეტისანიც ვერ მოასწრებენ; უმძიმესი შრომის გარეშე მისთვის ერთ დღესაც არ ჩაუვლია. წუთიც არ ჰქონია ისეთი, იმედის გვერდით სასოწარკვეთილება არ მდგარიყოს და მაინც, ელისო გაბელიას გაცნობა დაგარწმუნებთ, რომ "ჰეფი ენდი" მართლაც არსებობს! თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ძლიერი ხარ და თავგანწირული ბრძოლა შეგიძლია. უზრუნველი ბავშვობიდან ქუჩაში ჯერ მშობლებთან, მერე კი ოთხ შვილთან ერთად აღმოჩნდა და მაინც აანთო თავისი ბედნიერების ვარსკვლავი!

- არასოდეს დამავიწყდება ჩემი დიდი სახლი ოჩამჩირის რკინიგზის სადგურთან. მახსოვს, მამამ სახლის უკან როგორ ამოთხარა ორმო და მკაცრად გამაფრთხილა, როცა ეზოში ვინმე უცხოს დაინახავ, გაიქეცი და ამ ორმოში დაიმალეო.7 წლის ვიყავი, როდესაც მამამ მე და დედა ოჩამჩირიდან გამოგვიშვა, თავად კი იქ დარჩა, აქაურობას და ჩემს ძმებს ვერ დავტოვებო. სენაკში ერთმა ქალმა შეგვიფარა. ლუკმას გვიყოფდა.

ის ქალი დღემდე მახსოვს... მერე თბილისში წამოვედით და ასე დაიწყო უსახლკარობა, რომელსაც თან მამის სიკვდილის შიში ახლდა. მამაჩემი ერთ წელიწადს არ გამოჩენილა და დედა აფხაზეთში მის მოსაძებნად წავიდა. დედაჩემი დღესაც ვერ გვიყვება, როგორ გადააღწია, მაგრამ დაბრუნებული სულ იმას იმეორებდა, რამდენი მიცვალებულიც დავინახე, ყველა პირაღმა გადმოვატრიალე, მაგრამ ჩემი ქმარი არც ერთი არ იყოო.

ასეთ გაურკვეველ მოლოდინში, უსახლკარობასა და შიმშილში ვიცხოვრეთ. მერე მამაც გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მახსოვდა - საკუთარი ძმების სიკვდილის მნახველსა და მთელი წელიწადი აფხაზეთის ტყეებში პარტიზანად ნამყოფს ფსიქიკა და ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული. დედა იმას ახერხებდა, რომ მხოლოდ პურის ფულს შოულობდა. ნაქირავები ბინიდან ბინაში გადავდიოდით და ამ სიარულში მოვხვდით ლოტკინის გორაზე, სადაც ჩვენი დაქირავებული სარდაფის გვერდით პატარა მაღაზიაში დავდიოდი წვრილმანების საყიდლად. იქ კი თურმე ჩემი მომავალი სადედამთილო მუშაობდა, რომელმაც თავის ვაჟს ურჩია, ცოლად მოვეყვანე. ასე მომიტაცა ჩემზე 8 წლით უფროსმა ადამიანმა, რომელსაც არ კი ვიცნობდი... ნათესავებმა და მშობლებმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მომაგნეს. მინდოდა დედასთვის მეთქვა, წავეყვანე, მაგრამ ვერ გავბედე. რომც გამებედა, უკან ვინ წამიყვანდა, მეტყოდნენ, ხალხი რას იტყვისო.

მოკლედ, დავრჩი და დავიღუპე, ის მომავალიც მოვისპე, რომელიც ოცნებაში მაინც მინდოდა მქონოდა. აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელსაც ჩემზე ბევრად სასტიკი ბავშვობა ჰქონდა გადატანილი, გამუდმებით სვამდა, მერე კი მცემდა. საკუთარი დედის მსხვერპლი იყო, მის გამო ყველა ქალი სძულდა - ჩემი ყოფილი დედამთილი ოთხჯერ იყო გათხოვილი და არც ერთ მამინაცვალს გერის მიმართ ადამიანური სითბო არ გამოუჩენია. როდესაც დათვრებოდა, არაადამიანურად მცემდა, თანაც შვილების თვალწინ. ოთხი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გამიჩნდა, რადგან მოძალადესთან იმის საშუალებაც არ მქონდა, არ დავფეხმძიმებულიყავი, ექიმთან წასასვლელი თანხაც არ გამაჩნდა. ასე რომ, ჩემი შვილები თითქოს ჩემი უბედურების "მეწილეები" იყვნენ და ამით უფრო ვიტანჯებოდი. უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს.

- შველას რატომ არავის სთხოვდით?

- ვინ მიშველიდა? უპირველესად მამას ვუფრთხილდებოდი, მისთვის რომ შემეჩივლა, ჩემს ქმარს მოკლავდა და ციხეში წავიდოდა. ასე რომ, ვდუმდი, დედამაც კი არ იცოდა ჩემი უბედურების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გროვდებოდა და რაღაც საშინელ ფიქრად ყალიბდებოდა. ერთხელ, როცა ჩემს უსაქმურ ქმარს და ბავშვებს შინ ჰუმანიტარული პროდუქტი მივუტანე, მან კი ცემა დამიპირა, ჩანთები დავყარე და ქუჩაში გავვარდი. რომელიღაც სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ამასობაში სანაპიროზე, სიონთან ახლოს ჩავიარეთ, მძღოლს გავაჩერებინე, გადმოვედი თუ არა, მაშინვე მოაჯირზე ავედი და მტკვარში გადავხტი. იხილეთ ვრცლად

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს