ავტორი:

"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე

"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე

ქუთაისში კეთდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელსაც, გასართობიც და სამეცნიერო ცენტრიც ადგილზე ექნება - ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. ინტერვიუს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ივანიშვილის თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება მისი დიდი ხნის სურვილია.

ბიძინა ივანიშვილი 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორთან შეხვედრას იხსენებს.

„მე შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს, ხუბუას ჩემივე ინიციატივით, მაშინ გარემონტებაზე იყო საუბარი და დავიწყეთ კიდეც. საუბარშივე გამოვთქვი ჩემი დიდი ხნის სურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ. ეს იყო 2007 წელი, თუ არ მეშლება. სხვათა შორის, ბათუმისთვის პროექტიც მაქვს გაკეთებული, რაშიც მილიონ დოლარზე მეტი მაქვს გადახდილი, უცხოელებს დავუკვეთე. უცხოელებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს აღარ არის პერსპექტიული და არ შეიძლება ამხელა უნივერსიტეტის გაკეთება, საკუთარი ენერგიით უნდა იმუშაოს და სამ სართულზე მეტი არ ივარგებდა. შემდეგ პოლიტიკური პროცესები გართულდა, ამას ომი დაერთო, მათთან (მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები) ურთიერთობა შევწყვიტე და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ქუთაისის იდეა ჩამოყალიბდა, მე მგონი ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სწორი.

თქვენ იცით, რომ ისტორიულად, ტრადიციულად, ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და მე ვფიქრობ, რომ ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. დრო კი ბევრი დაიხარჯა, მაგრამ მე მგონი პროექტი ბევრად სწორად განვითარდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასავლეთის რეგიონს დამატებით ხიბლს შესძენს და სტუდენტები გადანაწილდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი.

„როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“, - აღნიშნა ხვედელიძემ.

მისი თქმით, ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.

„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე“ - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

„იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა. დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება თუნდაც ხელოვნული ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

ამასთან, ხვედელიძემ დასძინა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიმზიდველია ტერიტორიული თვალსაზრისითაც.

„სადღაც საათნახევარში, ერთ საათში ზღვასთან შეგიძლია იყო. ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა  -  რა დარღვევები გამოვლინდა 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად

საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული

ლევან სურგულაძე - დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს