რუსული სამხედრო "გარადოკები" "საზღვრის" მთელს პერიმეტრზე

რუსული სამხედრო "გარადოკები" "საზღვრის" მთელს პერიმეტრზე

თბილისში ახალგორის რაიონში მშენებარე რუსული სამხედრო ქალაქების საქართველოსათვის საფრთხის შემცველობაზე საუბრობენ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს ამით ჩვენი ქვეყნის "ინვალიდად" წარმოაჩენა სურს ისეთი სტრუქტურების წინაშე, როგორიც ნატო და ევროკავშირია. სამხედრო ექსპერტის გიორგი მელითაური ფიქრობს, რომ რუსეთი ამ ტერიტირიაზე განთავსებულ სამხედრო ძალებს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებს. შსს-ში კი ამბობენ, რომ ახალგორის რაიონში რუს "მესაზღვრეთა" პოსტები შენდება. თუმცა, მშენებლობა არც ისე მასშტაბურია.

სამხედრო ქალაქების მშებებლობას ახალგორის რაიონში მცხოვრებლებიც ადასტურებენ. თუმცა, მათი თქმით, მშენებლობა უფრო მასშტაბურია. "ინერპრესნიუსის" ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ყაზბეგის რაიონიდან რამდენიმე კილომეტრში, ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანში რუსი ოკუპანტები სამხედრო ქალაქს აშენებენ.

"მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. სამხედროებისთვის განკუთვნილ შენობებს და სხვა ინფრასტრუქტურას სოფლის ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ადგილზე აშენებენ", - განაცხადებენ ახალგორელები.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ქალაქის მშენებლობა ახალგორშიც იგეგმება და რუსული მხარე მშენებლობაზე დასაქმებას ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდება.

ახალგორში ამბობენ, რომ ანალოგიური ქალაქი დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან ერთ კილომეტრში - სოფელ ახმაჯშია.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგორის რაიონში რუსი "მესაზღვრეების" პოსტები შენდება. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა არც ისე ფართო მასშტაბიანია.

"ახალგორის რაიონში, სოფელ ყანჩავეთში არის და შენდება ცენტრალური სამხედრო ბაზა. თუმცა, ახლა არ დაწყებულა და ეს ბაზა დიდი ხანია შენდება. დანარჩენ ადგილებში მხოლოდ სამხედრო პოსტები იგება. სოფელი ახმაჯი ახალგორის რაიონის შესასვლელთან მდებარეობს და აქ რუსი ოკუპანტების მიერ მესაზღვრეთა პოსტები შენდება. პოსტები იქ მომსახურე მესაზღვრეებზეა გათვლილი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არალეგიტიმურია, მაგრამ არ არის ძალიან ფართო მასშტაბების", - ამბობს უტიაშვილი.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახალგორის რაიონში ყანჩავეთის სამხედრო ბაზის დამხმარე ნაგებობები შენდება და ახალი შენობები ამ ბაზის ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება.

"ახალგორის რაიონში სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული მასშტაბების მშენებლობები მიმდინარეობს. გაჩნდა დამატებითი საგუშაგოები და პატრულის ჩასაყენებელი შენობები. ახალგორში შენდება ყაზარმები და ბინები რუსი ოფიცრების ოჯახებისათვის. იმ სოფლებში, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, იქნება ყანჩავეთის ბაზის ნაწილი და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ბალაანში არა წამყვანი ინფრასტრუქტურა, არამედ დროებითი საზღვრის გასაკონტროლებელი პუნქტი განთავსდება", - ამბობს ზაქარეიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ახალგორის რაიონში მიმდინარე მშენებლობები ჩვენი ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, რუსეთისათვის რეგიონში სამხედრო ბაზის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფუნქციონირება. ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ საქართველო ვერ გახდეს ვერც ნატოსა და ვერც ევროკავშირის წევრი.

"ეს ჩვენი ქვეყნისათვის საფრთხეს ქმნის. როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში უცხო ქვეყნის უკანონო საოკუპაციო ჯარები დგას, ეს უკვე საფრთხეა. რაიმე სახის საომარი მოქემდებების დაწყების შემთხვევაში ეს ბაზები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე თავის დროზე ვლადიკავკაზიდან რომ ჯარების შემოყვანა. თანაც ამ მშებებლობებს, ვფიქრობ, უფრო მორალური დატვირთვა აქვს ნატოს ჯარებისა და ინფრასტრუქტურის წინააღდეგ.

"ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე არის ნატოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა. შესაძლებელია, გამოაცხადონ, რომ აქ 3 500 კაცი იქნება და რეალურად 300 იყოს, ან უფრო მეტი და ამას ვერვინ შეამოწმებს.

"ცოტაც რომ იყოს, რუსეთისათვის მნიშვნელოვანი ბაზის არსებობაა და არა მისი ფუნქციონირება. რუსულ მხარეს ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ საქართველო ვერც ნატოში გაწევრიანდეს და ვერც ევროკავშირში. ამ სტუქტურებში საქართველოს ეტყვიან, რომ უცხო ქვეყნის ჯარებით მათთან შესვლით ჩვენი ქვეყანა საკუთარ პრობლემებს მათ პრობლემებადაც აქცევს. ამიტომ ჯერ ამ სიტუაციის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

"რუსეთი ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ საქართველო ინვალიდ სახელმწიფოდ აქციოს ისეთი დიდი სტრუქტურებისათვის, როგორც არის ნატო და ევროკაშირი. თუმცა, კვიპროსი, თურქეთის ჯარების ყოფნის მიუხედავად, ევრპოკავშირში მაინც მიიღეს. ჩვენ მიმართ იქნება თუ არა ასეთივე უპირატესობა, არ ვიცი. შესაძლოა, ზუსტად ის თქვან, რომ კვიპროსის შემთხვევაში დავუშვით, და საქართველოს შემთხვევაში აღარ დავუშვებთო", - ამბობს ზაქარეიშვილი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი მელითაური ამბობს, რომ ახალგორის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობები დიდი ხნის წინ დაიწყო. მისი თქმით, თუ აქამდე რუსეთის შეიაღებულ ძალებს დროებითი სამხედრო ბანაკები ჰქონდათ, ახლა უფრო კაპიტალური ნაგებობების მშენებლობა მიმდნარეობს.

"რუსეთი ქართულ მიწაზე ფეხის უფრო მჭიდროდ მოსაკიდებლად მოქმედებს და აგრძელებს თავის აგერსიულ პოლიტიკას საქართბელოს მიმართ. ამისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, იქნება ეს ყაზარმები პირადი შემადგენლობისათვის, სასაწყობე მეურნეობისათვის, ტექნიკური მომსახურებისათვის, თუ დამატებით სამხედრო დანიშნულების გზების გაყვანა. ყველაფერი არის ლოგიკური პრიცესი, მაშინ როდესაც რუსეთის მხრიდან ქართული მიწების ათვისება მიმდნარეობს", - ამბობს მელითაური.

მისივე თქმით, ახალგორში მიმდინარე მშენებლობები რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ნაწილია - რუსეთი ცდილობს, პოლიტიკური თვალსაზრისით თავისი ყოფნა რეგიონში მაქსიმალურად კომფროტული გახადოს.

"როდესაც რუსეთი საუბრობს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, ამ რეგიონებშიც კი იციან, რომ ასე არ არის. რუსეთი ატარებს თავის ანექსიურ პოლიტიკას და ნებისმიერ შემთხვეაში იმ ტერიტორიებზე, სადაც მისი სამხედრო ნაწილებია განლაგებული, მაქსიმალურად ცდილობს უფრო კომფორტული გახდეს რუსეთის წარმომადგენლოაბა, პირველ რიგში პოლიტიკური თავლსაზრისით.

"გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე ძლიერი კონტინგენტის ყოლა რუსეთის მხრიდან სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებზე ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალური, მუდმივი ინფრასტრუქტურის ქონის პირობებში, უფრო მარტივია იგივე დროებითი სამხედრო ბანაკების მშენებლობა და ფუნქციონირება. ასეთ დროს პრობლემას აღარ წარმოადგნეს რაოდენობის გაზრდა როგორც პირადი შემადგენლობის, ისე შეიარაღების, ტექნიკის თავსაზრისით", - ამბობს მელითაური.

იგი ამ პროცესების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზეც საუბრობს. მისი აზრით, პლაცდარმად ქცეულ ტერიტორიაზე განლაგებულ ქვეით სახმელეთო ძალებს რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

"საფრთხე მუდმივად არსებობს. როცა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო და მტრულად განწყობილ სახლემწიფოს შეიარაღებული ძალებს მუდმივი დისლოკაციის ადგილი აქვთ, რა თქმა უნდა, ეს მაღალ რისკებს ყოველთვის შეიცავს. როდესაც პრაქტიკულად საქართველოს შუაგულშია შემოჭრილი, ეს არის პლაცდარმი რუსული შეიარაღებული ძალებისთვის. საჭიროების შემთხვევაში რუსეთი თავის სახმელეთო ძალებს აბსოლუტურად თავისუფლად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. მას აღარ დასჭირდება როკის გვირაბის გამოვლა, რომელსაც შეზღუდული გამტარიანობა აქვს, მით უმეტეს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

"სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს, საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხევაში, სერიოზული უპირატესობა აქვს. ელემენატრულია, რუსეთი ანექსიის პოლიტიკის ნაწილია და გასაკვირი არაფერია. რუსეთი, როგორც ოკუპანტი, ცდილობს უფრო მყარად დადგეს ამ ტერიტორიაზე. ის უკვე სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს.

"ასეთი მშენებლობები ძალიან დიდ სამხედრო უპირატესოაბს აძლევს რუსეთს. მათთვის სამხედრო თვალსაზრისით, დიდი უპირატესობაა, როდესაც საქართველოში უფრო კარგად სტრუქტურიზებული იქნება და უფრო მეტი შეიარაღებული ძალები ეყოლება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება უპრობლემოდ გამოიყენოს ამ ტერიტორიაზე დაგროვილი დიდი რაოდენობის შეიარაღებული ძალები", - ამბობს მელითაური.

ლილი ხმალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?