ავტორი:

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზის მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რუსული სააგენტო Tass.ru წერს, რომლის ცნობითაც, გზის მშენებლობა ჩეჩნეთის პირველი სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ დაიწყო, თუმცა 1998 წელს ქართულმა მხარემ პროექტი შეაჩერა.

კადიროვი იმედოვნებს, რომ ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზა რუსეთს საქართველოსთან ლოგისტიკის საკითხების დალაგებაში დაეხმარება. პროექტის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მის განხორციელებას შეძლებს.

"იტუმ-კალეს რაიონიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, რომელიც ადრე მოქმედებდა. ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ეს გზა გაიხსნება, მოსახლეობას, საქართველოს გავლით, თურქეთში გადასვლა, იქიდან კი, ევროპაში მოხვედრა შეეძლება. სასურველია გაიჭრას რკინიგზაც, მით უფრო, რომ ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", - აცხადებს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ გზის მშენებლობის იდეა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და პრეზიდენტმა უნდა განიხილონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი განხილვისთანავე დაიწყება.

"ფაქტია, რომ არის ამ გზის გახსნის საჭიროება და სურვილი. იმედი მაქვს, საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მათი საუკეთესო მეზობელი რუსეთია", - აცხადებს კადიროვი.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ.

როგორც Kavkaz-uzel.eu წერს, ჩეჩნეთის ლიდერი პუტინისთვის, ტრადიციულად, ერთგულების დამტკიცებას ცდილობს. ამ შემთხვევაშიც, "მან, საკუთარი მეფისთვის თავის მოსაწონებლად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. კადიროვი ცდილობს, პუტინს აჩვენოს, რომ მხოლოდ ჩეჩნეთის კი არა, მთლიანად რუსეთის კეთილდღეობაზე ზრუნავს".

Kavkaz-uzel.eu წერს, რომ ბოლო დროს რუსეთში კადიროვისა და პუტინის რეიტინგებზე საუბრობდნენ. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის უფროსის, გალას ტაიმასხანოვის თქმით, მოსკოვში ჩატარებულ სემინარზე, სადაც რუსეთის რეგიონების შიდა პოლიტიკა განიხილეს, ჩეჩნეთი ეფექტური შიდა პოლიტიკის გატარების გამო, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

"რასაკვირველია, ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს პუტინისა და კადიროვის მღალი რეიტინგის არ სჯერა. შეხვედრაზე არაფერი თქმულა იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს კადიროვის მთავრობის წნეხის ქვეშ. ისინი გაპროტესტებასაც ვერ ბედავენ, რადგან ხმის ამოღების უფლება არ აქვთ", - წერს გამოცემა.

ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, რომ არც ჩრდილოეთ კორეაში არსებობს საპროტესტო განწყობა, რადგან იციან, რა ელით. სხვები აზრს ირონიულად გამოხატავენ. მათი თქმით, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ჩეჩნები ამას ვერ ამჩნევენ.

lenta.ru-ს ცნობით, ცოტა ხნის წინ ძალოვნებმა განმარტეს თუ რაში სჭირდება კადიროვს რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი კორტეჟი. დაღესტნის შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, მაგომედ შამილოვმა ჩეჩნეთს "ძალიან მძიმე და სახიფათო" რეგიონი უწოდა. მისი თქმით, რესპუბლიკების ლიდერთა დაცვის საკითხი რუსეთის კანონმდებლობითაა განსაზღვრული და "თუ კადიროვი რუსეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას სჭირდება, ის დაცულიც უნდა იყოს". 5 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რამზან კადიროვს 15 შავი მანქანა აცილებს. ინტერნეტ-მოხმარებლებმა ამის გამო კადიროვი მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ სინამდვილში მას 2-3 ჯერ მეტი მანქანისგან შემდგარი კორტეჟი იცავს", - წერს გამოცემა.

ფაქტია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რუსეთის კარზე შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს და ის გარემოებაც, რომ თავს უფლებას აძლევს მსგავსი იდეებით გამოვიდეს, სწორედ ამაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რამზან კადიროვმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა. 2018 წელს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წელს კი კადიროვმა განაცხადა, რომ არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობებს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი სამანქანო გზის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემა OC Media-ს თანახმად, გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის 66-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში იყო გათვალისწინებული, რაც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს.

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობისას დაჭრილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს