ავტორი:

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

„საქართველოს ვარკვლავის“ კონკურამდე 2016 წელს პროექტი „ნიჭერი“ იყო, რომელმაც ლაგოდეხელ, 15 წლის გოგონას ბარბარა სამხარაძეს არნახული წარმატება მოუტანა. ის მეგაშოუს გამარჯვებული გახდა...

ახლა, როცა უკვე სრულწლოვანია და 18 წლის გახდა, იმედი აქვს, რომ მისთვის, ახალ პროექტში მონაწილეობით, ახალი ცხოვრება და გამოწვევები იწყება, რისთვისაც მზად არის.

ბარბარა სამხარაძე:

- ესპანეთში ვიყავი, ქასთინგის შესახებ რომ გავიგე. დავფიქრდი, რა შეეძლო ამ პროექტს ჩემთვის მოეტანა, რა შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში დაწყებულიყო, თუ ჩავერთვებოდი. მივხვდი, რომ „საქართველოს ვარკვლავი“ იმის საშუალებას იძლევა, საქართველოს ფარგლებს გასცდე და ქვეყნის სახელით მოხვდე დიდ კონკურსზე ევროპაში. მოკლედ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. ოჯახის წევრებმა დამიჭირეს მხარი. სულ იმას მეუბნებოდნენ, - ცხოვრებაში მოსული შანსი უნდა გამოიყენოო. თუმცა თავიდან ეიფორიაში კი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, მინდოდა თუ არა, ამ კონკურსში მონაწილეობა.

- მოკლედ, გაიარე კასტინგი და დღეს უკვე საუკეთესო ათეულში ხარ. რა მოლოდინი გაქვს, რას ელი ამ პროექტისგან?

- პირველ რიგში, ველი ახალ შესაძლებლობებს, უკვე სრულწლოვანი ვარ და მეტად შემიძლია ისინი გამოვიყენო. წინა კონკურსზე, როდესაც გავიმარჯვე, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და სოფელში დავბრუნდი, ახლა უკვე ქალაქში ვარ, გზებიც ვისწავლე და ბევრი რამ... შემიძლია ყველა შემოთავაზება განვიხილო და ჩემს სასიკეთოდ მოვმართო.

- ამ პროექტის მიღმა რას საქმიანობ?

- გასულ წელს შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით ვსწავლობდი, მაგრამ წელს რაღაც ცვლილებები იყო ჩემს ცხოვრებაში, ამასთან, ეს პროექტიც გამოჩნდა და მივხვდი, რომ ეგ დარგები საერთოდ არ იყო ჩემი. მომავალში ამ სპეციალობით ვერ ვიმუშავებდი და თავი დავანებე. ძალიან მინდა ფსიქოლოგობა.

ახლა, ძირითადად, რომანის წერით ვარ დაკავებული. წიგნზე უკვე 2 წელია, ვმუშაობ. ადამიანურ ურთიერთობებზე ვწერ. არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ეს პროცესი, მაგრამ მუზა როცა მეწვევა და წერის სურვილი შემომაწვება ხოლმე, მაშინ ვმუშაობ.

- შენი კონკურენტები არიან ასევე შენსავით სხვა კონკურსებში გამარჯვებულები, ნახევარფინალისტებიც და ახალბედები. გამოუცდელი კონკურსანტების წინაშე უნებურად უპირატესობით რომ სარგებლობ, ამაზე რას იტყვი?

- კი, ხალხი ამის წინააღმდეგია, რომ კონკურსებში გამარჯვებულები რატომ მონაწილეობენო? ამაზე ასეთი პასუხი მაქვს, - პირზე ხელს არავის ვაფარებთ, რომ არ იმღერონ და საკუთარი შესაძლებლობები არ გამოავლინონ. „ევროვიზიაზე“ ნებისმიერი საქართველოს სახე იქნება. წელს რა როგორ იქნება, არ ვიცი, ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია, აქაც და იქაც.

- ამჯერად მაყურებელი როგორ ბარბარას იხილავს?

- ეს იქნება ყველაზე სიგიჟე და პირველ რიგში, სიახლე ჩემგან! სულ სხვა ბარბარას იხილავს მაყურებელი. ბარბარა, რომელიც დაჩაგრული ქალების სახე იქნება. მოკლედ, ისეთი სიმღერები მაქვს, ძალიან ჩაგრული ქალების დამცველად მოვევლინები მაყურებელს.

- საინტერესოა...

- კი, ქალები, რომლებიც იმართებიან ქმრებისგან, არიან ძალადობის მსხვერპლნი, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზე შესრულდება და ტექსტები ამ ყველაფერს იტყვის. ის სიბრაზე, ემოცია, რაც ამ სიმღერის შესრულებისას უნდა დაგროვდეს, ყველაფერს ვაგროვებ. მოკლედ, ძალადობის წინააღმდეგ და მის დასაძლევად ჩემს სათქმელს ვიტყვი. ასე მგონია, რომ ეს სიმღერები ჩემთვისაა შექმნილი, რომ თუნდაც ადამიანების დაცვა, სცენიდან ჩხუბი და იმის დამტკიცება, რომ რაც სხვა გზით არა და სიტყვით და სიმღერით შეიძლება. მე ამას გავაკეთებ და შევძლებ. თუ ეს შემიძლია, რატომაც არა!

- ე.ი. ადამიანების დაცვა შეგიძლია?

- ერთი ეპიზოდი გამახსენდა, - თბილისში, ჩემი სახლის წინ, ბიჭი გოგოს სცემდა. ძალიან შევწუხდი, ავნერვიულდი, არ ვიცოდი, რა მექნა და 112-ში დავრეკე. მოკლედ, ის გოგო გადავარჩინე, სახლში მშვიდად წავიდა... ვიმეორებ, ჩემი სიმღერები, ასეთი ადამიანების მისამართით გზავნილები იქნება.

- გამოდის, ძლიერი და მებრძოლი ქალი ხარ.

- უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის გავილაშქრებ. ჩემი რომანიც ზუსტად ამ თემაზე იქნება. ჩემი პერსოაჟი ძალიან ძლიერია, მაგრამ შესაძლოა, საკუთარ გრძნობებთან სუსტიც იყო. რომანში გაიდეალებული ურთიერთობები მაქვს ნაჩვენები, თუნდაც მეგობრების მიმართ. ვეცადე ისინი რეალური სამყაროსგან განსხვავებული ყოფილიყო, ანუ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. რომანს „მერე რა...?!“ - ასე დავარქვი. რიტორიკული სათაურია.

- დავუშვათ, გაიმარჯვე და „ევროვიზიაზეც“ მოგიწია წასვლამ. რამდენად შეძლებ ევროპულ აუდიტორიას თავი დაამახსოვრო?

- როდესაც იგებენ, რომ „საქართველოს ვარსკვლავში“ ვმონაწილეობ, მაშინვე 2018 წლის „ევროვიზიის“ გამარჯვებულ ნეტას იხსენებენ - მასთან მაიგივებენ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ყველა მსუქანი გოგო არ არის ნეტა, რომელიც ისურვებს, „ევროვიზიაზე“ წავიდეს. ყველას ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს, რომ თავის თავი წარმოაჩინოს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება სიმღერით მოვხიბლო მაყურებელი, რადგანაც ამას მე არ ვირჩევ, ჩემი კომპეტენცია არ არის. რაც შეეხება ევროპელ მაყურებელს, ბევრი მეგობარი მყავს ევროპაში და ვიცი, რომ მათთვის სიმღერა მეორეხარისხოვანია, როცა ადამიანური თვისებები წამოიწევს ხოლმე წინ. თუმცა ვფიქრობ, ამ სინთეზით - ადამიანობით, სიმღერით, გარეგნობით რატომღაც არ უნდა გამიჭირდეს. ასე რომ, ჩემი თავის იმედი მაქვს!

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

"30 ტატუ მაქვს და ამაზე არ გავჩერდები" - პიტო სეთურიძე სვირინგის ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე

"ამ თემაზე არსად მილაპარაკია…რასაც ვაკეთებ ყველაფერი მას ეძღვნება" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე და სიძეზე, რომელიც მხარში მამასავით უდგას