ავტორი:

"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.

ის ბექა კვიციანთან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კვიციანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლოს წაუყენებენ.

როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მან კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.

„ბრალდებაზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საქმის მასალები არ მაქვს, მისი გაცნობის შემდეგ შემეძლება საქმის ვითარებაზე მოგახსენოთ.

რთული მდგომარეობა დამხვდა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის. მე, როგორც მის დამცველს, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა იმ ბრალდების ირგვლივ, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. შევეცადე, რომ მეტი კონკრეტიზაცია შემეტანა ჩვენს საუბარში, მაგრამ მან ფიზიკურად ვერ შეძლო პასუხების გაცემა, რადგან არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რასაც მდგრადი მდგომარეობა ჰქვია“, - განაცხადა მანელიძემ.

ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანი გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა.

„როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს“, - დასძენს ადვოკატი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუკი, ასეთი ფისიკური მდგომარეობა აქვს, როგორ შეძლო რამდენიმე დღით მიმალვა, ადვოკატი პასუხობს, რომ კვიციანი მიმალვაში არ იმყოფებოდა და არც ქვეყნის საზღვარი დაუტოვებია.

„მიმალვაში რამდენად იმყოფებოდა, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ის ბოგდან ხმელენცკის ქუჩაზე ცხოვრობს და იმავე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩემთვის როგორც ცნობილია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია“, - განაცხადა მანელიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს ფულს სისტემატურად სთხოვდა და მკველობაც ამის გამო მოხდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

„მოტივზე ფიზიკურად ვერ შეძლო კონკრეტული პასუხების გაცემა. ახლა ის დროებითი მოთავსების იზოლატორში სისტემატური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. მნიშვნელოვანია, მას დროული კვლევა ჩაუტარდეს, რის თაობაზეც, წერილობითი შუამდგომლობა დავუყენე ბრალდების მხარეს და სათანადო კვლევის ჩატარება მოვთხოვე.

ექსპერტიზა, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონალური არსებობს. პირველ ეტაპზე, აუცილებელია აბულატორიული ჩაუტარდეს, ვშიშობ, საციონალურის აუცილებლობაც დადგება“, -განაცხადა მანელიძემ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დილით კი ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება ხვალიდან