ავტორი:

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მუხურაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და თოვლის საფარის სიმაღლემ მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 2 მეტრსაც გადააჭარბა.

ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, რომ გზის გასახსნელად ტექნიკა მუშაობს, თუმცა ურთულესი კლიმატური პირობების გამო, გზა ფაქტობრივად, ვეღარ ფუნქციონირებს და სოფელი გარემოსამყაროს მოწყვეტილია.

მათივე თქმით, მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობს და 1500-მდე ადამიანი მძიმე პირობებშია.

თენგო ქურციკიძე, სოფელ მუხურას მკვიდრი:

- რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, გარესამყაროს მოწყვეტილი ვართ. მთელი დღე მუშაობდა ორი თოვლმწმენდი ტრაქტორი გზა რომ გაეწმინდა, მაგრამ ისე გადაუღებლად თოვდა, ვერ ასწრებდნენ... 4 დღის წინ 11 მანქანა ჩარჩა გზაზე. ვიდრე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არ მოვიდნენ და ხალხი არ გამოიყვანეს, ვერავინ გამოდიოდა...

რამდენიმე დღეა ქალაქს მოწყვეტილი ვართ. ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე ვრჩებით, აქ კი ძირითადად მოხუცები არიან და ეს ძალიან გვაშინებს. ადგილობრივები ვერც ქალაქში ჩავდივართ სურსათისთვის. არადა, 450-დან 500-მდე კომლი ვცხოვრობთ, თუკი ცხოვრება ჰქვია ამას.

ხანდახან დენიც მიდის, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციულადაც ვწყდებით სამყაროს. გაზი კი გვაქვს, მაგრამ ამ სიცივეში არ არის საკმარისი გასათბობად და შეშას ვიყენებთ, მას დამზადება და მოტანა ხომ უნდა?! ერთმანეთს ვეხმარებით, იმ ოჯახებს, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ, ვცდილობთ დავეხმაროთ, თუმცა, დასახლება არც ისე ახლოს არის და გადაადგილება გვიჭირს. თოვლში ბარით გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ...

რამდენი ხანია ვითხოვთ ალტერნატიულ მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობას, თითქმის ყოველწლიურად ასეთი დიდთოვლობა გვაქვს და რა გახდა იმ 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, სადაც ამხელა თოვლი არ მოდის?! თან ის გზა ტყიბულსაც უკავშირდება და თერჯოლასაც. თავადაც მიკვირს, როგორ ვძლებთ ამ უგზოობასა და ჩაკეტილობაში. მერე ის უკვირთ, რატომ ტოვებენ მშობლიურ კერას, არადა, ყველა თოვლის მოსვლაზე ხან ტრაქტორი იკარგება და ხან ადამიანი.

უფროსებისგან მსმენია, აქ ყოფილა შემთხვევები, როცა თოვლის სიმაღლე სახლის მესამე სართულამდე ადიოდა და ხალხი პირდაპირ იქიდან გამოდიოდა გარეთ.

ცოტნე აბესაძე, ადგილობრივი:

- ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობის თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროსაც მივმართეთ, სადაც დეტალურად ავხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია სოფელ მუხურასთვის ეს პროექტი...

გასული წლის 2 მაისს ჩვენი განცხადების საპასუხოდ სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების სპეციალური ჯგუფი გამოგზავნა, რომლებმაც გზის მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნაც მოამზადეს, რომლის თანხმადაც გზის მშენებლობისთვის არავითარი ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობს, რადგან იქ სამანქანო გზა დიდი ხანია არის. საჭიროა, ბეტონის საფარის დაგება, რომელიც არმირებული, ანუ რკინის კონსტრუქციებით გამაგრებული უნდა ყოფილიყო...

2019 წლის 5 ივნისს ახალი განცხადება დავწერეთ, რომელსაც თან 500 მუხურელის ხელმოწერა ერთვოდა, რადგან ეს გზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, შევხვდით მაღალმთიანი რეგიონების განვითარების დეპარტამენტის უფროსს გიორგი დიდიძეს, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და ავუხსენით გზის მშენებლობის აუცილებლობა. ისიც, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომ სოფელი არ დაიცალოს...

ამას მოჰყვა უამრავი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, საკითხის შესწავლა... ბოლო კომუნიკაცია 2020 წლის 25 იანვარს გვქონდა. საქმის კურსშია ყველა უწყება, მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, რეგიონული განვითარების სამინისტრო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, რათა საკითხის ინიცირება ერთიანად მომხდარიყო, რადგან აღნიშნული გზის 2 კილომეტრი თერჯოლის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარეობს... ამ მუნიციპალიტეტმაც მიმართა სამინისტროს. ველით პასუხს, რომელზეც ჩვენი იქ ყოფნა-არყოფნაა დამოკიდებული..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მუხურელი ახალგაზრდა.

აღნიშნულ საკითხზე AMBEBI.GE-ს რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ ის თუ რა ფინანსური რესურსით მოხდება მშენებლობა, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა. თუმცა, მათივე თქმით, არის ალბათობა, რომ "მთის ფონდის" ბიუჯეტით მოხდეს მისი დაფინანსება, ბიუჯეტი კი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაიწერება და აღნიშნულ პროექტზე პასუხიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"