ავტორი:

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში

შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩაეგდოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებული რეფორმა.

„გასულ კვირას, როდესაც ქვეყანას ვსტუმრობდი, ნასიამოვნები დავრჩი იმ რეფორმათა პაკეტით, რომელიც გარდაუვალი ჩანდა. მსგავსი პირობა მიიღო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება - გამოსწორდება ძალიან მალე“, - განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, ვიდრე მათმა პარლამენტმა ბოლოდროინდელი მოვლენებით აჩვენა.

„საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე მათ პარლამენტმა აჩვენა დღეს. მე მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობა მეტად იყოს დასავლეთის მეკავშირე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რუსული აგრესიული პოლიტიკისგან თავის დასახსნელად“, - აცხადებს კინზინგერი.

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) აწერენ.

განცხადების თანახმად, ისინი შეწუხებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"ჩვენ ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება იყო და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი," - წერენ ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

თანამომხსენებლები ყველა მხარეს და განსაკუთრებით მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ განიხილონ შესაძლებლობები, რომლითაც ეს შესწორებები მომავალ არჩევნებამდე აისახება კონსტიტუციაში.

ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი აცხადებს.

"მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება,” - აცხადებს კენეტ იალოვიცი, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

მოვლენებს უარყოფითად აფასებს ლუის ნავაროც, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით," - აღნიშნავს ნავარო.

ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

კაცის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც.

"ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი," - აღნიშნა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმასთან” საუბარში.

პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება", - ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი 14 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს. კრამერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

"ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროექტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას და განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემთხვევაში არსებობს", - ამბობს კრამერი და მოუწოდებს მხარეებს შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ "ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ.

"სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ", - განმარტავს დევიდ კრამერი.

14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა - 101 მომხრე იყო, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა კი რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ენძელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილებების ჩაგდებას თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "დავიბრუნოთ ქვეყანა.” პარალელურად, გაიმართა აქციები საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.

პროტესტს შეურთდა გაერთიანებული ოპოზიციაც, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში