ავტორი:

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 2019 წლის 21 მარტს ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ბათუმის "მედცენტრის" და რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალს ადანაშაულებენ.

ტრაგიკული შემთხვევიდან რვა თვე გავიდა და AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პაციენტის გარდაცვალების საქმის ძიება და გამოიკვეთა თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ჯერ კიდევ იკვლევს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დაასრულა ფუტკარაძის საქმის მოკვლევა და დასკვნა, რომელიც ექიმების შესაძლო გადაცდომებსა და პროფესიული გულგრილობის საკითხებს სწავლობდა, გარდაცვლილის დედის თანხმობით, უახლოეს დღეებში AMBEBI.GE-ს გადმოეცემა. დაზარალებული ოჯახი ელოდება კომისიის ექსპერტიზის დასკვნის პასუხებსაც.

მთავარი პროკურატურა საქმეს იძიებს სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. პაციენტის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან და მიიჩნევენ რომ, პროცესები ფორმალურად მიმდინარეობს, საქმე შეგნებულად ჭიანურდება.

პაციენტის დედა უკმაყოფილოა რეგულირების სააგენტოს დასკვნითაც. ნარგიზ ქათამაძე ამბობს, რომ დოკუმენტში საუბარია ხუთი ექიმის გადაცდომაზე, რომელთაგან ორს პაციენტთან შეხება არ ჰქონია, ხოლო ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, დასკვნაში ნახსენებიც არ არიან:

"ჩემი მთავარი პრეტენზია მიმართულია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებისადმი. მათ დამიღუპეს და მომიკლეს შვილი! ყველაზე მეტად ვადანაშაულებ რადიოლოგ ეკა ფუტკარაძეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. როდესაც მან ექოსკოპია გადაუღო ჩემს შვილს, ვერ დაინახა აპენდიციტის ნიშნები.

ეკა ფუტკარაძის მამა არის ცნობილი ექიმი აჭარაში და როგორც ვიცი, გავლენები აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ახლა ალბათ მიხვდებით, რატომ არ იმსჯელა რადიოლოგი ფუტკარაძის შესაძლო გადაცდომებზე რეგულირების სააგენტომ. ის არც კი არის მოხსენიებული ამ დასკვნაში.

ამასწინათ გავიგე, რომ ეკა ფუტკარაძის მამას გაუვრცელებია ხმები, თითქოს მელანო ადრეც ავადმყოფობდა და ჩვენ სამკურნალოდ თურქეთში დაგვყავდა, რაც არის სიცრუე. ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი!

მივედი მასთან კაბინეტში, მოვთხოვე პასუხი, საიდან მოიტანეთ ასეთი რამე-მეთქი და არც მომისმინა, აიღო ჩემი ერთადერთი შვილის სურათი, კედელზე მიანარცხა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამომაგდო კაბინეტიდან!" - უყვება AMBEBI.GE-ს ნარგიზ ქათამაძე.

მელანო ფუტკარაძის საქმის ადვოკატი გრიგოლ თუთბერიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ გამოძიება უკვე მერვე თვეა ერთ ადგილს ტკეპნის და საგამოძიებო მოქმედებებს თითქმის არ აწარმოებს:

"გამოძიბა დაიწყო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ოჯახს ჰქონდა პრეტენზია, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსა და მაღალტექნოლოგიური მედიცინის ცენტრში მომხდარ ფაქტზე. სადაც, სავარაუდოდ მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა მელანო ფუტკარაძე.

შეგნებულად ჭიანურდება სიმართლის დადგენის პროცესი, საქმე წინ არ მიიწევს. იგი რეალურად უნდა ეყრდნობოდეს მის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, იკვლევდეს და იძიებდეს, გამოძიება კი ელოდება, იქეთ მიაწოდონ ინფორმაციები და მასალები საქმეში ჩართულმა უწყებებმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე მხარემ. არადა პირიქით უნდა იყოს - გამოძიების მიერ მიცემული მიმართულებით უნდა ატარებდეს კვლევებს ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო.

ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას გარდაცვლილის პირადი მიმოწერა მეგობართან, მესენჯერის საშუალებით. თუ რა მდგომარეობაში იყო, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ეჭვქვეშ აყენებდა ექიმების კვალიფიციურობას და ა.შ. გამოძიება არ დაინტერესდა ისეთი საკვანძო, ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებით, როგორიცაა წინააღმდეგობა სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებსა და პაციენტის მოსაზრებებს შორის.

სამედიცინო ჩანაწერებში წერია, რომ პაციენტი კარგად იყო, მთელი ღამე მშვიდად ეძინა და არანაირ ტკივილს არ უჩიოდა, ამ დროს საპირისპიროს ამტკიცებს გარდაცვლილი პაციენტის მიმოწერა მეგობართან - სინამდვილეში ის გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ იყო და არ ეძინა

სამედიცინო ჩანაწერში არის კიდევ არაერთი არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაცია. კერძოდ: ფორმა #100, რომელიც იმ დღეს ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ გასცა და გამოძიების მიერ ამოღებული ფორმა #100 იდენტური არ არის. შეცვლილია მონაცემები. ეს გამოვავლინეთ ჩვენ და გამოძიებას რეაგირება არ ჰქონია მანამდე, სანამ ჩვენ არ აღმოვაჩენდით.

პარადოქსია, რომ გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია, ვინ იყო პასუხისმგებელი ექიმი იმ დღეს, როდესაც მელანო ფუტკარაძე პირველად გადაიყვანეს საავადმყოფოში. პროცესები ფორმალურად მიმდინარეობს. ექიმები დაკითხეს ფორმალურად, ზერელედ. უნდა ნახოთ ოქმები, გეგონებათ კოპირებულია და არსებითი კითხვები არ არის დასმული.

მკაფიო მოლოდინები არ გვაქვს, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ. თუ ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიპოვით სამართალს, მივმართავთ საერთაშორისო ინსტანციებს" - ამბობს ადვოკატი.

AMBEBI.GE-ს ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, რომ უწყების მოკვლევის შედეგად მედპერსონალის გადაცდომები გამოიკვეთა, თუმცა, შეუჩერდებათ თუ არა მათ პროფესიული საქმიანობა და გატარდება თუ არა სანქციები კონკრეტული ექიმების მიმართ, ეს პროფესიული განვითარების საბჭოზე უნდა გადაწყდეს.

"რეცენზიების შედეგად გამოიკვეთა ექიმების პროფესიული გადაცდომები, დარღვევები. უფრო სწორად შენიშვნები, დარღვევად ნაკლებად ითვლება პრინციპში. ეს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე დგას და უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი, რა სახით მოხდება ამაზე რეაგირება.

ველოდებით პროფესიული საბჭოს შეკრებას. დასწრება სურთ იმ ექიმებს, რომელთან დაკავშირებითაც არის რეცენზიები, ახლა მიმდინარეობს ექიმების მიერ ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცესი, მათ აქვთ სამართლებრივად უფლება, რომ გამოითხოვონ ეს დოკუმენტაცია, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას ეხება, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, მელანო ფუტკარაძის საქმე განიხილება პროფესიულ საბჭოზე.

როგორც წესი, საბჭოზე უამრავი საკითხი განიხილება და ეს საქმე რომელ საკითხად გავა, სამდივნო წყვეტს. ამიტომ ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭო.

რაც შეეხება იმას, რომ ეს ექიმები კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, ასეც იქნება სანამ საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათ შესახებ. მხოლოდ პროფესიული განვითარების საბჭოს პრეროგატივაა ექიმებისთვის საქმიანობის შეჩერება" - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა ლიბრაძემ.

გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა, საქმეში ჩართულ ყველა შესაბამის უწყებას საკუთარი შვილის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. ნარგიზ ქათამაძე ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და მიმართავს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსაც, საჭიროების შემთხვევაში.

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან