ავტორი:

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი "ამირანი" და Artists Union ConceptArt უნიკალურ პროექტს წარმოადგენს: შედგება გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის - "სევდის ანგელოზების" პრემიერა და მაესტროს ნაწარმოებები კინოთეატრის სცენაზე ცოცხლად შესრულდება.

"სევდის ანგელოზები" სცენარისტმა და რეჟისორმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში - ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენში, ბაქოსა და თბილისში გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში, ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო.

საბჭოთა იდეოლოგები კი მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ ის კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა.

თეონა ჯორბენაძე, ფილმის რეჟისორი:

"ფილმში ბატონი გია თავად მისვამს კითხვას: თქვენთვის ურთიერთობები არ არის მთავარი? მისთვის ასე იყო... არ ვიცი, როგორ ახერხებდა, რომ არ გამორჩენოდა არც ერთი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, ან არ გამოეხატა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც რაიმე ძვირფასი აკავშირებდა...

წლევანდელი გიორგობა ცხადია, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი უნდა ყოფილიყო, ფილმის ჩვენებამდე მუსიკალური ნაწილის კონცეფცია საინტერესო გამოვიდა - ესტაფეტა გადაეცემა ახალ თაობას.

„სევდის ანგელოზების“ ფინალი სწორედ ეს შეკითხვაა - იქნებიან კი ორკესტრები, შემსრულებლები და დირიჟორები ნახევარი საუკუნის შემდეგ და თუ იქნებიან დაუკრავენ ყანჩელის ნაწარმოებებს? 23 ნოემბერს ჩვენ გვექნება ამაზე პასუხი, რადგან თითოეულ ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც სცენაზე იქნება ამ საღამოს, დარწმუნებული ვარ, წინ მრავალი ათწლეულის წარმატებული კარიერა ელოდება და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული შეხება ჰქონდა ბატონ გიასთან.

ყველაზე უმცროსი მათ შორის, ცოტნე ზედგინიძეა, რომელმაც სპეციალური ნაწარმოები მიუძღვნა გია ყანჩელის ხსოვნას და სწორედ ამ პრემიერით გაიხსნება 23 ნოემბრის საღამო..."

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი; საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ჩემთვის ძალიან ემოციური საღამო იქნება... "სევდის ანგელოზები“ მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს - 5 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მას შემდეგ არაერთხელ მოუხდა რთულ დროსთან შეხება...

ფილმში ასევე ასახულია ჩვენი ერთობლივი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში - ბერლინში, ბრიუსელში, ბაქოში... შთამბეჭდავი ფილმია, მაყურებელი ბატონ გიას კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს, შეიტყობს როგორი იყო საბჭოთა ეპოქაში ხელოვანის ბედი, როგორ ებრძოდნენ მათ სამეგობროს და თავად როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ცენზურის მიმართ. ბედნიერი ვარ, რომ მისი მუსიკის სიყვარული ახალ თაობასაც გადაეცა და 23 ნოემბერს ისინი იქნებიან საღამოს მთავარი გმირები“.

ნუცა თოფურია, მომღერალი:

"როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბატონი გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად უნდა შევასრულო „ყვითელი ფოთლები“, გულში ვამბობ: ნუცა, ხედავ, ოცნება აგიხდა! თვალები ცრემლებით მევსება, როცა ვფიქრობ, რა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც მაყურებლის, ასევე ბატონი გიას წინაშე.

მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ქალბატონი მარინა ბერიძე და მეუბნება, გია ყანჩელი დაგირეკავს, ნომერი ჩაიწერე, რომ არ დაიბნეო... დაუჯერებელი იყო, მაგრამ რატომ უნდა ეხუმრა ასე ქალბატონ მარინას? იმ დღეს არ დაურეკავს ბატონ გიას... მეორე დილით ვიღვიძებ და მხვდება გია ყანჩელის სამი გამოტოვებული ზარი, თვალები დავხუჭე და თავიდან გავახილე. ძალა მოვიკრიბე და გადავურეკე...

მითხრა, თავს არ შეგაწყენთ, უცებ გეტყვით: "ნიუ-იორკ თაიმსის" დაჯილდოვებაა, მე, პატრიარქს და პრეზიდენტს გვაჯილდოვებენ და ძალიან გამიხარდება, თუ მოხვალ და ჩემს „ყვითელ ფოთლებს“ შეასრულებო... როგორც კი ეს მითხრა, თავი ვერ შევიკავე, ცრემლები წამსკდა. ტირიო? - მკითხა. "დიახ, ბატონო გია, სიხარულისგან ვტირი-მეთქი. მოგისმინე „მხოლოდ ქართულში“ და ახალგაზრდა მომღერლის ნამღერი ასე არ მომწონებია, არაფერს გეტყვი, როგორც შენ გემღერება, ჩემი სიმღერა ისე იმღერეო.

იმ ღამეს ბედნიერებისგან ვერ დავიძინე. ვიმღერე დაჯილდოებაზე და საღამო რომ დასრულდა, კულისებში ბატონი გია მოვიდა და მადლობა გადამიხადა. "ყვითელი ფოთლების" შესრულების წინ, ყოველთვის ვყვები ამ ისტორიას და ვამბობ, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა..."

"სევდის ანგელოზებში" მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვები...

ფილმის ჩვენებამდე კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას ახალი თაობის ვარსკვლავებს გადასცემენ. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), ვახტანგ ერქომაიშვილი (დირიჟორი). პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

23 ნოემბრის საღამოზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კინოთეატრმა კიდევ ერთი სეანსი 22:15 საათზე დაამატა, ასე რომ გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს წინ ემოციური საღამო ელით...

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი