ავტორი:

საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება

საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ვინ დაიკავებს პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებს, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გუნდი პოზიციას შეაჯერებს.

„სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა და შესაბამისად, თანამდებობები.

ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები.

ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან.

ბენედიქტ (ბენო) ქაშაკაშვილი სპორტსმენი და ბიზნესმენია. არის ალპინისტი, 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. ის არის საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

ქაშაკაშვილი ფლობს სასტუმრო "Vinotel"-ს.

რაც შეეხება გოცორიძეს, "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ის პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ “პერსონის” პრეზიდენტი; საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცეპრეზიდენტი; ასევე, გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარე.

თემურ გოცირიძემ "ოცნებას" 2016 წელს 40 000 ლარი შესწირა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები