ავტორი:

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

მედიაციის მორიგი რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი მხარეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მოლაპარაკების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაცხადდა ხელმოუწერელი, შვედი მედიატორის ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, სათაურით - "სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე. მოლაპარაკების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა მედიასთან საკმაოდ განცხადება გააკეთა და მიანიშნა, რომ "საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“".

რა იქნება შემდეგ ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მანამდე კი, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება, ვინ იყო მეტად კონსტრუქციული, ვის და რატომ გაუჭირდა კომპრომისზე წასვლა, ამ ყველაფერზე ambebi.ge-ს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი უამბობს, რომელიც ასევე ესწრებოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებას.

ერთადერთი, რეალურად კონსტრუქციული ვინც იყო, ეს არის ვახო მეგრელიშვილი, რომელიც მზად იყო ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა კი აუცილებელი იყო. დანარჩენი, "ოცნებაც“ რაღაცას ცდილობდა, ოპოზიციაც, არც იმისკენ ვარ და არც ამისკენ, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რასაც ვხედავდი და ვისმენდი.

დავიწყოთ იქიდან, რომ დოკუმენტი დადო დანიელსონმა, ეს არც "ოცნების“ იყო, არც "ნაცმოსი". კულუარებში თუ რამე იყო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დენიელსონმა დაგვიდო ტექსტი და გვითხრა, - ეს არის ჩემი დოკუმენტი და მასზე ხელმოწერისკენ მოგიწოდებთ, ახლა წაიკითხეთ, გაეცანით და არავითარ შემთხვევაში მედიისთვის არ გაავრცელოთო. თუმცა ეს თქვა თუ არა, 15 წუთში მედიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია დოკუმენტზე. ერთადერთი, ვინც მასზე ხელს აწერდა, იყო ვახო მეგრელიშვილი, მეც - თავისთავად.

"ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ გარკვეული დათქმებით ჩვენთვის პუნქტები მისაღებია და ხელს მოვაწერთ, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა გვაქვსო. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობდა, - საერთოდ არ მოვაწერთ ხელსო. დანარჩენი, სხვებმა გადაწყვიტონ, ვინ ნაკლებ კონსტრუქციული იყო და ვინ - მეტად. ვთქვი და ვიმეორებ, რომ ამ შეთანხმების ჩაშლა დიდი უპასუხისმგებლობაა. მე იქ ვთქვი, რომ ერთის მხრივ, "ოცნება“ უნდა დათანხმდეს, რომ რურუაც დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და თუ კომპრომისი გვინდა,“ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იქნება კომპრომისი-მეთქი. მეორეს მხრივ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი იქნებოდა ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა. იქაც ვთქვი და აქაც ვიტყვი, რომ ოდირის დასკვნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის უბრალოდ ახირება და კაპრიზი. ეს არც იყო განხილული, დენიელსონის დოკუმენტში პირდაპირ ეწერა, რომ ოდირის დასკვნის მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევებიც იყო, ეს იყო, ის იყო, მაგრამ ვადამდელ არჩევნებს საფუძველი არ აქვსო. ვთქვი, თუ რამე გვინდა დავამტკიცოთ, აგერ, ოქტომბერში მოდის თვითმართველობის არჩევნები და ვანახოთ ყველას, რა ბიჭები და გოგოებიც ვართ, ეს იქნებოდა რეალური კი არა და, ორმხრივი კომპრომისი "ქართული ოცნებისთვის“ ძალიან რთული იყო რურუას საკითხის დათმობა, ოპოზიციისთვის კი - არჩევნები. "ოცნების“ მხრიდან ასეთი კითხვა დაისვა, - ჩვენ რომ რურუას საქმეზე უკან დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, თანახმა თუ ხართ და ხელს თუ მოაწერთ დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა. ახლა, ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს, ვინ ჩაშალა ეს მოლაპარაკება. "ქართული ოცნება“ რომ თითქოს ყველაფერზე თანახმა და შოკოლადი იყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ ეს კითხვაც დაისვა თალაკვაძის მხრიდან, ჩვენ რომ ეს დავთმოთ, ხელს მოაწერთო? ვადამდელი არჩევნები იყო ის საკითხი, რომელსაც ფეხს არავინ უცვლიდა.

რა თქმა უნდა, დანიელსონის გადასახედიდან, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი და ამიტომაც თქვა, რაც თქვა. დანიელსონს გაბრაზება არ გამოუხატავს, მაგრამ სახეზე ეხატა, ჩვენნაირი ჯიუტი და უკომპრომისო ხალხი რომ არ უნახავს, ხალხი, ვისაც ქვეყანა და სახელმწიფო არ ადარდებს. ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება რომ არ დარჩა, ეს ცხადია. მედიატორი დანიელსონი ყველა შეხვედრის წინ გვეუბნებოდა, თქვენს პარტიულ და პირად ინტერესზე მაღლა დააყენეთ სახელმწიფო ინტერესიო. ზუსტად საპირისპირო დაინახა ამ კაცმა, რაც სამარცხვინო იყო”.

არის თუ არა საიმისო რესურსი, რომ მხარეები კვლავ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზე ალეკო ელისაშვილს პასუხი არ აქვს:

"ეს ყველაფერი არის ბასტი-ბუბუ და მათ, ვინც მოლაპარაკების ჩაშლებით არიან დაინტერესებულნი, კაპრიზები რომ აქვთ და ფეხებს აბაკუნებენ, უბრალოდ, ლარის კურსი იკითხონ, იკითხონ, ხალხს ლუკმა-პური თუ აქვს სახლში, როგორ გააქვთ თვიდან-თვემდე თავი პენსიონერებს. იმ პოლიტიკოსებს აწყობილი აქვთ ცხოვრება და ხალხი რაში ანაღვლებთ? ამაშია საქმე. ნახევარი წელი გავიდა, რაც ამ კრიზისში ვართ და მარტო პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზეა ლაპარაკი. თუ არა ქვეყნის სიძულვილი და ხალხის პრობლემების, ბოდიში და, ფეხზე დაკიდება, მეტი ამას რა ჰქვია? ხალხის პრობლემები გულთან თუ მიგაქვს, კეთილი ინებე და ისინი შენს კაპრიზებზე მაღლა დააყენე. აქამდე ეს არ მესმოდა, ახლა კი შიგნიდან ვუყურებ იმას, როგორ არ უყვართ ქვეყანა. მარტო იმაზე არიან ჩაციკლულები, რაც მე მჭირდება, ის უნდა გავიტანო, რაც ქვეყანას, ის კი არა. ასეთ დამშეულ ქვეყანაში ნახევარი წელი იმაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, პარლამენტში შედიხარ, თუ არ შედიხარ? ვერ ბედავენ და ნუ ბედავენ, იყვნენ, როგორც არიან, აგერ, ჩვენ გავბედეთ და შევედით და ყველამ დაინახა, რომ ხალხის სამსახურში ვართ“.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე