ავტორი:

3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

ერთი ძალიან საყვარელი ბიჭუნას - ლუკა ნაჭყებიას და მისი დათუნიას ამბავი უნდა გიამბოთ, რომლის შესახებაც სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ. ინტერნეტმომხმარებელმა, ქეთი ინაიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა დაკარგული დათუნიას შესახებ, რომელიც მისი 3 წლის შვილის საუკეთესო მეგობარია:

"გთხოვთ დამეხმაროთ - ჩემმა შვილმა დაკარგა “აუა”, რომლის გარეშეც არ იძინებს, არ ჭამს, არ თამაშობს, არ ბანაობს და ა.შ. გთხოვთ, თუ ვინმე შეამჩნევთ მსგავს ნივთს ზესტაფონში, ყავების ქუჩის ჩაყოლებაზე (მხოლოდ იქ გავჩერდით) და თბილისში პეკინის, იოსებიძის, ბულაჩაურის ქუჩების ტერიტორიაზე, შემეხმიანეთ, ძალიან განიცდის" - წერს ახალგაზრდა დედა პოსტში.

უამრავი გამოხმაურება მოჰყვა პოსტს - 2000-მდე გაზიარება და 200 კომენტარი, რომელშიც ინტერნეტმომხმარებლები დახმარებას სთავაზობენ ოჯახს "აუას" მოძებნაში, ბევრმა ახალი სათამაშო დათუნას ჩუქების სურვილიც გამოთქვა.

AMBEBI.GE ლუკას დედას დაუკავშირდა და დაინტერესდა პატარა ბიჭუნასა და მისი "აუას" ამბით:

"ჩემი შვილი ლუკა ნაჭყებია, სამი წლის და 5 თვისაა. მას ეს დათუნია, ბებიამ და ბაბუამ (ჩემმა მშობლებმა) უცხოეთში უყიდეს. ლუკას და დათუნიას განუყრელი მეგობრობა აკავშირებდათ. მის გარეშე არსად მიდიოდა, არ ჭამდა, არ იძინებდა, არ თამაშობდა, სულ თან დაატარებდა, ან გვერდით ეჯდა ხოლმე...

შარშან მანგლისში ვიყავით, სათამაშო თბილისში დაგვრჩა და მის წასაღებად წყნეთიდან მოვბრუნდით. ლუკას ამის გარდა კიდევ ორი "მეგობარი" ჰყავს - "სოსკა" და პლედი, რომლებსაც დაბადებიდან არ იშორებს. ეს სამი ატრიბუტი თუ არ აქვს თან, სიმშვიდეს კარგავს...

დათვს "აუა" დაარქვა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ხელში ჭერისგან, რეცხვისგან ცოტა შელახული იყო, ამიტომ, ვცდილობდით, ახლით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ახალს არ იღებდა, მაინცდამაინც ის უნდოდა, ძველი, რომელსაც „აუა“ შეარქვა.

- როგორ და სად დაკარგეთ?

- რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად შეკვეთილში ვიყავით. იქაც თან ჰქონდა დათუნია. უკან რომ ვბრუნდებოდით, მახსოვს, რომ სათამაშო მანქანაში იყო, მაგრამ ზესტაფონში ყავის დასალევად რომ გავჩერდით, იმის შემდეგ უკვე ვეღარ ვიხსენებ - ან იქ გადმოგვივარდა და დაიკარგა, ან თბილისში რომ ჩამოვედით - მაშინ. იმ კაფეში, სადაც ვიყავით, ჩავიდნენ, ეძებეს და ვერ მიაგნეს...

ბავშვი ძალიან განიცდის, ნერვიულობს, ცუდ ხასიათზეა, ახალ დათუნიას არ იკარებს...

სათამაშოების ქსელი "პეპელაც" დაგვიკავშირდა და გვითხრეს - ბავშვი მოგვიყვანეთ და რომელ დათუნიასაც შეარჩევთ, ვაჩუქებთო. მივედით და დათუნია გამოგვატანეს, მაგრამ მას ხელს არ ჰკიდებს, ძველი უნდა. ვცდილობთ, „პეპელას“ საჩუქარი შევაყვაროთ. ვუთხარით, რომ ეს დათუნია ძველი „აუას“ დედაა, რადგანაც ზომით ძველზე დიდია...

ლუკას დათუნიას სპეციფიკური სუნი ჰქონდა, რომელსაც ცხვირზე იდებდა და ასე მისი ყნოსვით იძინებდა. მოკლედ, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ.

- ლუკა ბაღში დადის?

- წელს ბაღში შევიყვანეთ და არ გაჩერდა. ახლა ვეუბნები, ბაღში რომ არ იარე, ალბათ „აუა“ თოვლის ბაბუასთან წავიდა, საახალწლოდ უსაჩუქროდ რომ არ დარჩე-მეთქი და ახლა ელოდება, რომ ის თოვლის ბაბუასთან ერთად დაბრუნდება. მანამდე კი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მონატრება გადაუვლის...

ვისაც გამოცდილი არ აქვს, ეს რა განცდაა, ვერ მიხვდება, რაზე ვსაუბრობ: მეც დამეკარგა ბავშვობაში საყვარელი თოჯინა, ის სტრესი ახლაც მძიმედ მახსოვს..."

ინტერვიუს ჩაწერა დავასრულეთ და მოგვიანებით გაირკვა, რომ უცნობმა ადამიანმა ლუკას მსგავსი დათუნია აჩუქა, რომელიც ბიჭუნამ მიიკარა:

"უკეთილშობილესი ადამიანი, ანი ხიზანიშვილი დაგვიკავშირდა და მოგვიტანა ზუსტად ისეთი დათუნია. ანის არ ვიცნობდით, ერთმანეთს ამ ფაქტით დავუკავშირდით - ანალოგიური დათუნია გვაჩუქა. ლუკა ვერც კი მიხვდა, რომ სხვა იყო და არის უბედნიერესი, თვალები სიხარულისგან უციმციმებს.

ლუკა ახალ დათუნიასთან ერთად

თუმცა, იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ იმ ძველ „აუას“ ვიპოვით... მანამდე კი, მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი, გამოგვეხმაურა, თბილი წერილები მოგვწერა, ყველას ვლოცავთ და ბედნიერებას ვუსურვებთ" - გვითხრა ქეთი ინაიშვილმა.

P.S. AMBEBI.GE გთხოვთ, შემთხვევით თუ სადმე იპოვით ლუკას განუყრელ დათუნიას, არ დაიზაროთ და შეგვეხმიანეთ...

"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია