ავტორი:

ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი ქალის რთული და საინტერესო ცხოვრება - "ვიღვიძებ, ტყეში გავდივარ და არ ვიცი რა მოხდება"

ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი ქალის რთული და საინტერესო ცხოვრება - "ვიღვიძებ, ტყეში გავდივარ და არ ვიცი რა მოხდება"

ალგეთის ეროვნულ ნაკრძალში ლაშქრობას თუ მოაწყობთ, რომელიმე გორაზე ჭოგრიტში მომზირალ ლუსინეს წააწყდებით, ან შორიდან მაინც შენიშნავთ.

25 წლის ლუსინე დოსტიბეგიანი ერთ-ერთია იმ ოთხ ქალ რეინჯერს შორის, რომელიც 400-მდე მამაკაც კოლეგასთან ერთად, ურთულეს საქმეს ართმევს თავს. ამიტომ საკუთარ თავს არც სიზარმაცისა და არც ყურადღების მოდუნების უფლებას აძლევს.

ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეინჯერის დღე 7 საათზე ფორმის მორგებითა და საუზმით იწყება. ის თუ როგორ განვითარდება დანარჩენი დღე, მისთვის ამაღელვებელ საიდუმლოდ რჩება, რომლის ამოხსნასაც ყოველდღე ერთნაირი მოტივაციით ესწრაფვის.

"ტყეში რომ ჩავდივარ, მანდ იწყება ყველაფერი, რაც იწყება. გავდივარ სოფელ სამშვილდეს, მერე ჩავდივარ ხევში, გვაქვს ჩვენი გეგმა-გრაფიკების მიხედვით მოცემული მარშრუტები, რომლებზეც გვიწევს პატრულირება. ტყეში ვიზიტორი თუ შემხვდა, აუცილებლად უნდა დავაკვალიანო, სად იმყოფება, რა ტერიტორიაა, რა არის აკრძალული ამ ტერიტორიაზე.

იქვე ჩემს ტერიტორიაზე გადაბმულია სამშვილდის ნაქალაქარი, რაც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეკუთვნის და თუ დახმარება მთხოვა, შემიძლია, დავაკვალიანო და ნაქალაქარის ისტორია მოვუყვე, დავათვალიერებინო. გარდა ამისა, მიწევს ხევში ჩასვლა, ანუ მდინარესთან ჩავდივარ და ვაკონტროლებ რაღაცებს. თუ ხევში არ ჩავედი, ზევიდან ჭოგრიტით ვაკვირდები. ძირითადად, ჩიტებს ვაკვირდები. ჩემს სარეინჯეროში ქვეწარმავლები არიან და მაგათაც ვაკვირდები.

რომ ვთქვა, რომ ერთნაირი დღეები მაქვს - არა. ერთ დღეს ვაგებთ ფოტოხაფანგს, მერე ამ ფოტოხაფანგს ვამოწმებთ, ადგილზეა თუ არა. გვიწევს სკოლაში შესვლა და ბავშვებისთვის პრეზენტაციის მოწყობა და ეკო-საგანმანათლებლო გაკვეთილის ჩატარება. ერთ დღეს შეიძლება ბრაკონიერი დაიჭირო. ყველა დღე არის განსხვავებული. ვიღვიძებ, ტყეში ჩავდივარ და არ ვიცი რა მოხდება“ - გვიყვება ლუსო მოულოდნელობებით სავსე დღის წესრიგზე.

18 წლისამ დაიწყო რეინჯერობაზე ფიქრი. მის ფიქრებს ბიძგი პირველი ქალი რეინჯერის - სალომე იდოძის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიამ მისცა. 7 წლის შემდეგ, სტატიის სათაური და მთავარი ფოტოც კარგად ახსოვს. ფოტოზე, ქალი, რომელმაც ლუსინეს მომავალი განსაზღვრა, უკანა ფეხებზე შემდგარ ცხენზე იყო ამხედრებული. მნიშვნელოვანი როლი, ლუსინესა და ბუნების გამორჩეულმა ურთიერთობამაც ითამაშა.

"ბავშვობიდან მიყვარს ტყე, იმიტომ რომ, პაპაჩემი სულ ტყეში დადიოდა და ყოველთვის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებელი ადამიანი იყო, უბრალო, კეთილი. პაპაჩემის შემხედვარე, ტყესთან ურთიერთობა მინდოდა, მიყვარდა, მიზიდავდა“ - ამბობს ლუსინე და იხსენებს, რომ 2018 წელს, როდესაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ალგეთის ეროვნულ პარკში რეინჯერის ვაკანსია გამოაცხადა, ბავშვობაში ნანახი სტატია და გონებაში გადანახული კითხვა ამოუტივტივდა: "რატომ არ შეიძლება გავხდე რეინჯერი?“ და შესარჩევ კონკურსში ჩაერთო.

გასაუბრებისა და ფორმალური ნაწილის მოგვარების შემდეგ, ალგეთის ეროვნული პარკის სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლის რეინჯერი გახდა - თარიღი ზეპირად ახსოვს, 2018 წლის 23 ივლისი.

- რას ნიშნავს შენთვის იყო რეინჯერი?

- ოხ, დედა, რა რთული კითხვაა... ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ როცა გაცვია ფორმა და როცა ზუსტად გულთან გაწერია სიტყვა „რეინჯერი“, ძალიან ბევრს ნიშნავს! შეიძლება, სიტყვებით ვერ აღვწერო, იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, როგორც ადამიანების, ასევე ბუნებისა და მთელი ბიომრავალფეროვნების მიმართ.

- ცოტა ხნის წინ ნეპალში მსოფლიო რეინჯერთა კონგრესზე იყავი, რომელიც წელს ქალ რეინჯერებს მიეძღვნა, გვიამბე კონგრესის შესახებ...

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონგრესი წელს ძირითადად დაეთმო ქალი რეინჯერების საკითხს. მეც გავაკეთე პრეზენტაცია. მოვყევი საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და იმის შესახებ, რომ ვართ 4 ქალი რეინჯერი.

საქართველოდან მარტო მე წავედი და კონგრესის მერე 7 დღე დიდი ბრიტანეთის რეინჯერებთან ერთად ნეპალის ჩიტვანის ეროვნულ პარკში ვიყავი, დავაკვირდი მათ საქმიანობას, სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციას, მათი საქმიანობა შევისწავლე.

საქართველომ პირველად მიიღო ამ კონგრესში მონაწილეობა და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის იმიტომ, რომ ქვეყანა უნდა წარმედგინა ამდენი ხალხის წინაშე".

ლუსინეს თანატოლებმა არა მხოლოდ თეთრიწყაროს, არამედ საქართველოს ბევრი რაიონისა და სოფლის მიტოვება და სწავლა-მუშაობის თბილისში გაგრძელება გადაწყვიტეს. კითხვაზე რატომ არ მოიქცა თანატოლების მსგავსად, ახალგაზრდა რეინჯერი გვპასუხობს - "და სად უნდა წავსულიყავი? ხალხს კომფორტი უყვარს და მე არ მიყვარს კომფორტი და ამიტომ თეთრიწყაროში დავრჩი“.

დარჩა და სოფლისა და თემის გაძლიერებას შუდგა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როცა სოფელი და რეგიონია ძლიერი. თავის საზოგადოებაში იმ სიახლეებისა და შესაძლებლობების დასანერგად, რომელზეც ბავშვობაში ხელი არ მიუწვდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა - "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“, რომლის ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

"თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ 2016 წლის 16 ნოემბერს დავარეგისტრირეთ მეგობრებთან ერთად. ვაკეთებდით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს - სივრცე არ გვქონდა და 2018 წელს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, გადმოგვეცა 2 წლით შენობა უსასყიდლოდ, რომელიც გავარემონტეთ და ვაქციეთ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად“ - გვიყვება ლუსინე.

ორ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მუშაობა, მისთვის ხანგრძლივ თუ საინტერესო სამუშაო დღეს ნიშნავს. ენერგია არ ენანება, რადგან იცის, რომ იმას აკეთებს რაც უყვარს, იმას აკეთებს რასაც გარემოსთვისაც და ადამიანებისთვისაც სარგებელი მოაქვს. ამასთანავე მიიჩნევს, რომ ბუნება და ადამიანი ერთმანეთისგან განუყოფელია, სწორედ ეს არის, რისი თქმაც სურს ყველა ადამიანისთვის, სწორედ ეს არის, რაც მისი თქმით, ადამიანებს აიძულებს გარემოს მეტი პატივი სცენ და როგორც საკუთარ თავს, ისე გაუფრთხილდნენ.

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)