ავტორი:

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

რუსი მფრინავები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს, რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყვნენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მათ გადარჩენაში წვლილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღოდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებული ექიმის შვილმა გაავრცელა.

"სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა",- განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

"დაჯილდოვებულია და ძალიან სახიფათოა" - ამ სათაურით გამოაქვეყნა ქართველი ექიმების მიერ გადარჩენილ რუს პილოტზე წლების წინ სტატია mk.ru-მ (Московский Комсомолец) .

"ქართველების მიერ ჩამოგდებული Су-24-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა, მხოლოდ პილოტი ვიაჩესლავ მალკოვი გადარჩა, თუმცა ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა გადატეხილი, ტყვედ აიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ… იმავდროულად, საქართველოს კანონმდებლობით, გასამართლების შემთხვევაში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, საბოლოოდ 13 ქართველ ჯარისკაცში გადაცვალეს, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავდა..." - წერდა გამოცემა.

რუსული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოში მკურნალობის შემდეგ, პილოტს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.

"მაშინდელი პრემიერთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ის ბინითაც დააკმაყოფილეს... გათავისუფლების შემდეგ, რომ მასზე საქართველომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, რუსეთში არ იცოდნენ, არც თავად მალკოვმა იცოდა და შემთხვევით, მაღალი რანგის თანამდებობის პირების შეხვედრაზე გაიგო..." - წერდა გამოცემა.

მალკოვს მანამდე, 1994 წელს, ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა, სადაც მედლითაც დააჯილდოვეს.

"იმ ომის სამხრეთ ოსეთის ამბებთან შედარება არც შეიძლება. აგვისტოს ომი დროს, მახსოვს როგორ დავეცი მიწაზე, დარწმუნებული ვიყავი, ეკიპაჟის სხვა წევრებიც ცოცხლები იყვნენ. ისე ცხელოდა, გონება დავკარგე. ამ დროს ვიღაცებმა მიპოვეს. გზაში, მანქანაში მოვედი გონზე, რატომღაც მჯეროდა, რომ ოსები იყვნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბიჭები შევნიშნე.

შემდეგ რაღაც დასახლებულ პუნქტს მივადექით, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი დამხვდა, წარწერით "GEORGIA" . მაშინ მივხვდი, რომ ქართველების ტყვე ვიყავი. ძალიან თავაზიანად მექცეოდნენ. მანქანაში გოგონა იჯდა, რომელიც გამორჩეულად მახსოვს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმიყვანეს. შესასვლელთან, დაჭრილი ქართველი სამხედროები იყვნენ, რომლებსაც ჩემს დანახვაზე ბრაზი მოერიათ და მოსაკლავად გამოიწივნენ.

მათ იარაღიც თან ჰქონდათ. გოგონა ისე შეშინდა, მეთაურობას დაურეკა და მათ იქაურობას მოგვაშორეს. სხვა ქართველმა სამხედროებმა გადამარჩინეს, ომზე კრინტი არ დასცდენიათ. ჩემდა გასაოცრად, ძალიან კორექტულები იყვნენ. იქიდან თბილისის მთავარ საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ქართველმა ექიმებმა ჩემი მდგომარეობა შეაფასეს და ამიხსნეს, რომ ხერხემალი მქონდა დაზიანებული..." - ამბობდა რუსი სამხედრო, რომელიც სოფელ იგოეთში ქართველ ტყვე ჯარისკაცებზე გადაცვალეს. ის ამჟამადაც შეიარაღებულ ძალებში მსახურებას განაგრძობს.

მეორე გადარჩენილი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი იგორ ზინოვი, რომელსაც ასევე საქართველოში უმკურნალეს, შეიარაღებული ძალებიდან სამოქალაქო ავიაციაში წავიდა.

"მას ქართველების ტყვეობაში ყოფნა ათი დღის განმავლობაში მოუწია. რაც მთავარია, ის ტყვედ თავის ძველ მეგობრებს ჰყავდათ. 50 წლის სამხედრო მფრინავის ცხოვრებაში, იმ ომის შემდეგ "ცნობიერების გადატრიალება" მოხდა და მან არმიიდან წასვლა გადაწყვიტა..." - წერდა წლების წინ kem.kp.ru.

იგორ ზინოვი და ვლადიმერ პუტინი

გამოცემის ცნობით, ზინოვმა კატაპულტირების შემდეგ გონება დაკარგა და გონს მხოლოდ თბილისის საავადმყოფოში, ქართველი ექიმების ძალისხმევით დაუბრუნდა.

"მადლობელი ვარ მათი, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. როგორც ტყვეს, ისე არასდროს მომქცევიან. მათგან პატივისცემას ვგრძნობდი, როგორც პაციენტი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, რასაც იმ ქართველ სამხედროებზე ვერ ვიტყვი, რომლებიც ჩემთან დაკითხვაზე შემოდიოდნენ..." - იხსენებს ის.

ქართველი ექიმის ცხინვალის ციხეში ტყვეობას რუს საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი, ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს, თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნიათ, რომ პაციენტების დასახმარებლად წასულ ექიმს სიტყვა იმ რუსმა მფრინავებმაც უნდა შეაწიონ, ვინც მისი წყალობით გადარჩნენ.

"რუსი ექიმების ხელში რომ ჩავარდნილიყავით, დარწმუნებული ვარ, ვერ გადარჩებოდით, იქნებ ახლა მაინც გეყოთ გამბედაობა და უბრალოდ, ადამიანური მადლობა უთხრათ იმ კაცს დახმარებისთვის... თან ამბობთ, რომ დიდი პატივისცემით გვექცეოდნენო" - წერს ვალერი ვოლოხინი.

ცნობისთვის, ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?