ავტორი:

"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოში მორიგი მარცხი განიცადა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო უკრაინელი მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს.

ქართველი პოლიტიკოსი 2018 წლის 12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა კიევში, მიხაილოვსკის გამზირზე მდებარე რესტორან "სულუგუნში" დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოდესის ექს-გუბერნატორი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი ბორისპოლის აეროპორტისკენ წაიყვანეს, იქედან კი, კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გაამგზავრეს.

ახლახან მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ ეთანხმება და უკრაინის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს.

მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაპირისპირება. არადა, როგორც ცნობილია, სააკაშვილი პოროშენკომ თავის დროზე გაშლილი ხელით მიიღო და უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად იგი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეც კი წარადგინა. თუმცა, შემდეგ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის შავმა კატამ გაირბინა, რაც სააკაშვილისთვის არც ისე სახარბიელოდ დასრულდა...

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სააკაშვილი პირველად 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარება და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. 26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც 6 თებერვალს ამოიწურა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისევ აღუდგინა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უკრაინაში იმყოფება, დააანონსა პოლიტიკური საქმიანობაც, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ მისი აქტიურობა არ შეიმჩნევა.

რაც შეეხება უკრაინის უზენაესი სასამართლოს 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას, იურისტები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, სადაც სააკაშვილი დამარცხდა და ეს გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკოსის მომავალ საქმიანობაზე.

"სასამართლო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დროის კონკრეტულ პერიოდში ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. უკრაინის სასამართლოებმა იმ მომენტისთის, რაც მოხდა იმის სამართლებრივი შეფასება გააკეთეს. ამ გადაწყვეტილებით, თუ ის იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მის სამართლებრივ სტატუსს არაფერი დაემუქრება.

მთავარი მისი სამათლებრივი სტატუსია ანუ მოქალაქეობაა. როგორც ვიცი, სააკაშვილს ამაზეც აქვს სასამართლოში სარჩელი შეტანილი და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამ ორ საქმეში სამართლებრივ კავშირს ვერ ვხედავ" - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა AMBEBI.GE-ს.

ანალოგიურად ფიქრობს იურისტი ლია მუხაშავრია. მისი აზრითაც, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მომავალზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ თავის დროზე სააკაშვილმა სარჩელი სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ პიარის გამო შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივ მხარესთან ერთად, პოლიტიკოსმა პოლიტიკური მარცხიც განიცადა.

"როგორც ჩანს, გაძევების გადაწყვეტილება თავის დროზე სამართლებრივად სწორი იყო და ახლა სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკა ნამდვილად არ მწამს და არ მჯერა, არა მგონია მას დიდი მომავალი ჰქონდეს. უკრაინაში მისი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი. რეალური მონაწილეობა უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილს არც ჰქონია და ვერც მომავალში მიიღებს.

სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ მის გაძევებას სასამართლო გაამტყუნებდა და ეს იქნებოდა მისთვის კიდევ ერთი პიარკამპანია. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის სასამართლო ასე არ ფიქრობს და რაც მთავარია, ასე არ ფიქრობს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ზელენსკი, რომელთანაც სააკაშვილი ცდილობდა საერთო ენა გამოენახა და უკრაინულ პოლიტიკურ ავანგარდში ყოფილიყო, თუნდაც მედიის აქტუალიზაციის თვალსაზრისით.

თუმცა, როგორც ვხედავთ უკრაინის პოლიტიკისთვის სააკაშვილი საინტერესო აღარ არის. ვერ გეტყვით რა გაგრძელება ექნება ამ განაჩენს, თუმცა საინტერესოა, ამჯერად რა სტატუსით იმყოფება უკრაინაში და მოხდება თუ არა მისი ხელმეორედ გაძევება ქვეყნიდან" - გვითხრა ძაბირაძემ.

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს