ავტორი:

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს

ტელეკომპანიების - "მთავარი არხის" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერები ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე იტალიაში, კომოს ტბაზე დასვენებასაც ასწრებენ.

"მთავარის" სიუჟეტის თანახმად, თბილისი-მილანის რეისით საქართველოდან იტალიაში ქართველი მილიონერის წვეულებაზე 50-მდე ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გაემგზავრა, რომელთა შორისაც თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "ოცნების" დეპუტატები - ბექა ოდიშარია, ილია წულაია, გოჩა ენუქიძე და სხვები იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიების წყაროს ცნობით, "ქართული ოცნების" სახეები კომოს ტბაზე პარტიის შემომწირველი ბიზნესმენის, გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და "უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტები" უწოდა.

მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან "როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს" .

"როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება ვის ვიცნობ და ვის არა, „ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ შესათანხმებელი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენს პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ, სად წავალთ და სად მოვალთ, მაგრამ მე მაინც, დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხები გამეცა.

თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აეროპორტში შეხვდა თალაკვაძეს:

“ბატონი არჩილ თალაკვაძე, დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?

მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, - წერს კანდელაკი.

რაც შეეხება კახა კალაძე, თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება, სადაც კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

თუმცა, ტელეკომპანიების ინფორმაციით, კალაძეც ზემოთაღნიშნულ წვეულებას დაესწრო.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კალაძე არა საახალწლო განათებების დასათვალიერებლად, არამედ დასასვენებლად წავიდა იტალიაში:

"კალაძე ხომ ხალხზე მზრუნველია მას ძალიან სტკივა ხალხის გასაჭირი და ამიტომ საახალწლო „მებელის“ შესარჩევად გაემგზავრა იტალიაში და ისევე იტანჯება ეს ადამიანი, როგორც ხალხი იტანჯება გაჭირვებისგან, ისევე წუხს ეს ადამიანი, როგორც თბილისელები წუხან. ისევე აწუხებს მას სოციალური გაჭირვება და ამიტომ წავიდა იტალიაში, ტბაზე ისვენებს, ძვირად ღირებულ იახტაზე, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო „მებელი“ შეარჩიოს ჩვენთვის. დიდი მადლობა, კახი“ - განაცხადა ვაშაძემ.

რუსთაველზე აქცია დაშალეს - სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

"პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება" - გიორგი ვაშაძე პოლიციას მიმართავს

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა