ავტორი:

ვინ "ჭამს" იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ -  რას სთავაზობს პარლამენტს  გაერთიანებული ოპოზიცია

ვინ "ჭამს" იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ -  რას სთავაზობს პარლამენტს  გაერთიანებული ოპოზიცია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემის კანოპროექტს არ დათანხმდება, პარლამენტის პიკეტირება და მწვავე პროტესტი გაგრძელდება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა იმართება.

„ჯერ მიიღებს ამ მოდელს, რაც ყველამ შევათანხმეთ. ამ მოდელს რომ მიიღებს, მერე ჩაატაროს პლებისციტი და იმასაც მოვუგებთ აუცილებლად. სანამ უკან არ წაიღებს ამ შეურაცხყოფას და ამ მოდელს არ დათანხმდება, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი. ვინ „ჭამს“ იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ და მერე ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი?! სად არის ასე?!“ - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, ბოკერიამ აღნიშნული განცხადება იქამდე გააკეთა, ვიდრე "ქართული ოცნების" ოფისში კახა კალაძე ბრიფინგს გამართავდა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებდა.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მათ მიერ შემუშავებულ მოდელს სთავაზობს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, მათ მიერ შემუშავებული მოდელი ეფუძნება ე.წ. გერმანულ მოდელს, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს, უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.

„სიახლე ამ ყველაფერში არის ის, რომ პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა, იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები - 6, 7 ან 8-მანდატიანი ოლქები. თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და შესაბამისად, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება საშუალება მიიტაცოს ხელისუფლება. მაქსიმალურად იყოს გამოხატული თითოეული ადამიანის ინტერესი და რაც მთავარია, ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ, ემსახურებოდეს ხალხს და არა კონკრეტულ ადამიანებს, ავტორიტარებს, რომლებიც სამწუხაროდ, ყალიბდებიან ძველი სისტემის პირობებში. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში და მას მხოლოდ და მხოლოდ 76 ხმა სჭირდება და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ, გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია. ყველა კონსტიტუციონალისტი, ვისთანაც გვქონდა საუბარი ცალსახად ამბობს, რომ ეს დოკუმენტი სრულიად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. ჩვენი შექმნილი მოდელი ეფუძნება „გერმანულ მოდელს“, ითვალისწინებს ქართულ რეალობას, იქნება მათ შორის მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მრავალმანმდატიანი მაჟორიტარული ოლქები და არ ექნება მანიპულაციის უფლება „ქართულ ოცნებას“. მიიღებს 25%-ს? - ეყოლება 25%, მიიღებს 40%-ს? ეყოლება 40%“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ პარლამენტის სხდომა მშვიდობიანად ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„ამ კანონს რომ მიიღებს პარლამენტი, პრობლემა არ ექნება პიკეტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ვაშაძემ აღნიშნული განცხადება იქამდე გააკეთა, ვიდრე "ქართული ოცნების" ოფისში კახა კალაძე ბრიფინგს გამართავდა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებდა.

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

LIVE: "360 გრადუსი" - აკაკი ბობოხიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"