ავტორი:

"ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა, ყველა ქუჩა გადაკეტილია" - რა ხდება დილიდან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე

"ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა, ყველა ქუჩა გადაკეტილია" - რა ხდება დილიდან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე

პარლამენტის მიმდებარე - ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.

ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

ამ შეზღუდვების გამო, აქციის მონაწილეები, რომლებიც დილიდან ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, პარლამენტისკენ გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათ ხელს რკინის კონსტრუქციები უშლის, რომლებიც ადგილზე პოლიციას აქვს განთავსებული.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა აღნიშნულის საპროტესტოდ რკინის კონსტრუქციებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს, თუმცა პოლიცია ბარიკადების წინ განთავსდა, რის გამოც მომიტინგეები ბარიკადებს ვეღარ ეხებიან.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ეს პიკეტირებები მუდმივად გაგრძელდება და მუდმივად შეუქმნიან დისკომფორტს „ქართული ოცნების" დეპუტატებს:

"ჩვენი გეგმა იყო, კვლავ მივსულიყავით პარლამენტთან და პარლამენტის შენობის პიკეტირება გაგვეგრძელებინა. თუმცა, როგორც ხედავთ, ხელისუფლებამ მთაწმინდა პრაქტიკულად პარალიზებული გახადა, გადაკეტა ყველა მისასვლელი პარლამენტთან და არა მხოლოდ პარლამენტთან მისასვლელი გზა.

ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა, რადგან ყველა ქუჩა გადაკეტილია და ტრანსპორტი პრაქტიკულად ვერსად მოძრაობს. ის, რაც თბილისის ცენტრალურ უბანში ხდება, მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანის პარლამენტთან შეკრება არავის შეუქმნიდა დისკომფორტს, გარდა „ქართული ოცნების" დეპუტატებისა.

არა უშავს, დღეს ჩაკეტავენ, ხვალაც მივალთ. დღესაც შევეცდებით პარლამენტთან მივიდეთ. ეს პიკეტირებები მუდმივად გაგრძელდება და მუდმივად შევუქმნით დისკომფორტს „ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტმა მუშაობა საერთოდ ვერ უნდა შეძლოს.

"მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგია, ეს სურათი არის მინიმუმი, რაც უნდა იდოს სულ.

კარგი შედეგი იქნება, საერთოდ თუ არ შევუშვებთ შიგნით, მაგრამ მაგას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი.

მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს. გამოდის ის კაცი და ლაპარაკობს, ვითომ ნორმალური მდგომარეობაა, ყველაფერი კარგადაა და ორ კვირაში მიუნხენში გაგიშვებთ სამუშაოდო, გასულია ეს ხალხი, უფრო სწორად ის კაცია გასული და ესენი აყვნენ, საგიჟეთში ვცხოვრობთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის, გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს

"პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა..." - გიგი უგულავას "სელფი" ტაქსიდან

გვიწევს დეპუტატების შეკავება,  - ეს 100 დეპუტატი ეყოფა პარლამენტთან მყოფ 198 კაცს, ასე რომ მუშტებს ნუ აბრახუნებენ - ირაკლი კობახიძე