ავტორი:

"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით, სავალალო მდგომარეობაა. მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ დედაქალაქში სუნთქვა შეუძლებელია და ქალაქის სუნი "ახრჩობთ".

აზოტის დიოქსიდი, იგივე აზოტის ორჟანგი საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება და ამ ნივთიერებით ყველაზე მაღალი დაბინძურება ფიქსირდება ქალაქის რამდენიმე წერტილში: მელიქიშვილის ქუჩაზე, ავლაბრის მოედანზე, მეტროსადგურ "დელისთან", მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩაზე...

დავინტერესდით, სად არის თბილისში ყველაზე რთული მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების კუთხით, ასევე რომელ სართულზე მცხოვრები ადამიანები არიან ყველაზე უსაფრთხოდ მომწამვლელი ჰაერის პირობებში.

AMBEBI.GE-მ შეკითხვებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსს ნოე მეგრელიშვილს მიმართა:

- ბატონო ნოე, ჰაერის დაბინძურების კუთხით აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ სართულზე ვცხოვრობთ?

- ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, რაც უფრო დაშორებულია სართული დაბინძურების წყაროსთან, რა თქმა უნდა, უკეთესია. თუ დაბინძურების წყარო არის ტრანსპორტი და მანქანები, რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობთ, უკეთესია, რადგან ამ დროს ნაწილაკების გაბნევა დიდია.

მაგრამ თუ გმირთა მოედანზე ცხოვრობთ, 11-სართულიან კორპუსებში, სადაც ესტაკადაა და ორ სართულზეა მანქანების მოძრაობა, შეიძლება დაბინძურების კუთხით მეხუთე სართულზე უფრო ცუდი მდგომარეობა იყოს, ვიდრე მესამეზე

ასევე, თუ ცხოვრობთ რუსთავში, სამრეწველო დასახლებასთან ახლოს, ამ დროს დაბლა ცხოვრება გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ სუფთაა ჰაერი.

ჩვენი დედაქალაქის მთავარი დამაბინძურებელი ტრანსპორტია, რა თქმა უნდა, მაღალ სართულებზე ცხოვრება უკეთესია. რაც შეეხება ტყვიას, ამის პრობლემა არ გვაქვს ქვეყანის მასშტაბით.

- ჰაერში ტყვია, რაც წლების განმავლობაში პანიკის მიზეზი იყო, რეალურად საფრთხე არ აღმოჩნდა?

- ტყვიით მოწამვლის პრობლემა ნამდვილად დგას ჩვენს ქვეყანაში, ეს ბავშვების სისხლის ანალიზითაც აღმოჩნდა, მაგრამ ამ მოწამვლის წყარო არ არის ჰაერი. ეს უნდა ვეძებოთ საღებავებში, სათამაშოებში და კვების პროდუქტებში.

თბილისში ჰაერიდან ორასზე მეტი სინჯი გვაქვს აღებული და ტყვია ნორმაზე დაბალია. ბენზინის შემოწმებამაც დაადასტურა, რომ იქ ტყვია ვერავინ იპოვა. ზოგადად,დღეს, მსოფლიო ბაზარზე უფრო ძვირია ტყვიის შემცველი ბენზინი და არავინ შემოიტანს.

- პირობითად ავიღოთ სპორტის სასახლის ტერიტორია, რომელსაც „ბეტონის ჯუნგლებად“ მოიხსენიებენ, ამ შემთხვევაში თუ აქვს მნიშვნელობა რომელ სართულზე იცხოვრებს ადამიანი?

- სავარაუდოდ, მაგ ტერიტორიაზე მაღალ სართულებზე უკეთესი ჰაერი იქნება, მაგრამ რადგან იქაც კანიონივითაა კორპუსები განლაგებული და განიავება შეფერხებულია, პირველ რამდენიმე სართულზე დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. სხვა ქუჩებზე, რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობთ, უკეთესია.

- რამდენად ეფექტურია დამატენიანებლების სახლში გამოყენება, განსაკუთრებით ზამთარში?

- ეს ჰაერის ხარისხზე მეტად ტენიანობას არეგულირებს. თუ არ შევამცირეთ გარე დაბინძურება, შიდაგამწმენდი ხელსაწყოებით პრობლემას ვერ მოვხსნით.

- დაბინძურებულ უბნებს შორის ყველაზე ხშირად წერეთლის გამზირი სახელდება...

- წერეთლის გამზირი გარდა მანქანებით დატვირთვისა, ამ სიაში მყარი ნაწილაკების გამოც ხვდება. იქვეა ელიავას ბაზრობა, საიდანაც მყარი ნაწილების გაფრქვევა უკონტროლოდ ხდება. სადაც გადატვირთულია მოძრაობა, იმ უბნებში გვაქვს პრობლემა. გარეუბნებში ნაკლებად, ან თუ არის, დაბალი დოზით.

ყველაზე ცხელი წერტილებია: წერეთლის და რუსთაველის გამზირი, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საბურთალო, იქ სადაც სატრანსპორტო კვანძებია

დამბინძურებლებიდან ძირითადად გვაქვს აზოტის ორჟანგის პრობლემა, მაგრამ ის დიდ ფართობზე არ ვრცელდება. მაგალითად, შეიძლება გზის პირიდან პირველი კვარტლის შემდეგ, პრობლემა აღარ იყოს, მაგრამ დიდ ფართობზე ვრცელდება, აზოტის ორჟანგიდან წარმოქმნილი მიწისპირა ოზონი. ის შეიძლება ყველაზე სუფთა ადგილასაც იყოს.

ჯერჯერობით, თბილისში მხოლოდ ერთ ადგილას დაფიქსირდა ოზონის პრობლემა - ილიას ბაღში, პლეხანოვზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ზაფხულშია.

მიწისპირა ოზონი გულ-სისხძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის პრობლემურია, მას სმოგის ეფექტი აქვს. აქამდე არ გვქონდა მსგავსი შემთხვევა და წელს ზაფხულში დაფიქსირდა ილიას ბაღში

თბილისში, სერიოზული გამოწვევები გვაქვს, განსაკუთრებულად მყარი ნაწილაკების კუთხით, რასაც სამშენებლო სექტორი იწვევს და ასევე ძალიან ხშირად შემოდის უდაბნოს მტვერი, ისეთ ადგილას არის საქართველო ტერიტორიულად.

მაგრამ ტყვია, ბენზოლი, გოგირდის დიოქსიდი იმდენად შევამცირეთ საწვავში, რომ ჰაერში ნორმის ფარგლებში რჩება ან უფრო დაბალია. ორი დამაბინძურებელი დაგვრჩა - მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი, რომლებიც ავტომობილიდან იფრქვევა.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით მოქალაქეებს?

- მაქსიმალურად მოვერიდოთ ტრანსპორტით მგზავრობას, გადავაადგილდეთ ფეხით ან ველოსიპედით, შორ მანძილზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოვიყენოთ. თუ კერძო ტრანსპორტს იყენებთ, მანქანა უნდა გყავდეთ გამართული, კატალიზატორი არ ამოჭრათ, წვის სისტემა უნდა იყოს მოწესრიგებული და გამოიყენეთ იმ ოქტანობის ბენზინი, რომელზეც არის თქვენი ძრავა გათვლილი.

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."