ავტორი:

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"გივი ორჯონიკიძეს მისი თანამედროვეები მოიხსენიებენ, როგორც უნიკალურ და უნივერსალურ პიროვნებას. ეს იყო მრავალმხრივი მოღვაწე და ღრმა მოაზროვნე, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი, მუსიკალური მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

წელს მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა, ხოლო გარდაცვალებიდან - 35" - გვიყვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია. გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი საღამო 3 დეკემბერს გაიმართება.

- ქალბატონო რუსუდან, ახალმა თაობამ ცოტა რამ იცის ბატონი გივი ორჯონიკიძის შესახებ, არადა, მისი დამსახურება ქართულ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ნამდვილად და სწორედ ამ თარიღს ეძღვნება 2019 წლის 2-4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია "მუსიკა კულტურის კონტექსტში", რომლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, სოლისტი გიორგი ცაგარელი) და სამების საკათადრო ტაძრის გუნდი (დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი) კონცერტს გამართავენ.

შესრულდება ქართული საგუნდო მუსიკა და გია ყანჩელის "ლიტურგია ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის „ქარით დატირებული".

- გივი ორჯონიკიძე იმ დიდი სამეგობროს წარმომადგენელი იყო, რომელშიც ერთიანდებოდნენ - გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი...

- გივი ორჯონიკიძე გასული საუკუნის 60-იანი წლების კომპოზიტორთა ბრწყინვალე თაობის აღიარებული ლიდერი იყო – ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია და მათი თანამოაზრე, უნიჭიერესი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე მას თავიანთ იდეოლოგად მიიჩნევდნენ. სწორედ გივი ორჯონიკიძე იცავდა თავისი მახვილი სიტყვით ამ მუსიკოსების მიერ ქართულ მუსიკაში პირველად დეკლარირებულ ახალ ესთეტიკას, რამაც მხატვრული აზროვნების ახალი ეტაპის დასაწყისი აღნიშნა. გივი ორჯონიკიძე მათი არა მარტო თანამოაზრე, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო. მისი გარდაცვალება მეგობრებისათვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე და გია ყანჩელი

- როგორც შევიტყვეთ, გია ყანჩელმა, მას ნაწარმოები მიუძღვნა...

- აი, რას წერდა გია ყანჩელი გივი ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, როდესაც მისთვის მიძღვნილი დიდი სიმფონიური თხზულება "ლიტურგია" დაასრულა:

"მხოლოდ დღეს, როდესაც ჩემში ვიგრძენი ძალა, დავასრულო შენი ნათელი ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოები, ვბედავ ქაღალდზე გადავიტანო ის, რაზედაც ფიქრი კარგა ხანია მტანჯავს. აუტანლად ძნელია უშენობა. ახლაღა ვხვდები, თუ რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება და არა მარტო ჩემი. რა ხშირად გკიცხავდით თბილისიდან გაუთავებელი გამგზავრების გამო. არ გვიყვარდა უშენოდ დარჩენა.

რა ვაჟკაცურად უფრთხილდებოდი შენ ჩვენს მეგობრობას და რად გიღირდა ეს ვაჟკაცობა. თითოეული ჩვენგანის დაცვის დროს შენ იცავდი შენს რწმენას, შენს სიმართლეს, შენს მუსიკას; იცავდი შენს იდეალებს - მაღალზნეობრივსა და დიადს.

რა უსამართლობაა, რა გულსატკენია, ასე ადრე რომ წახვედი ამ წუთისოფლიდან სწორედ ახლა გვჭირდები უფრო, რადგან ახლა განსაკუთრებით განვიცდით მოაზროვნეთა, მქადაგებელთა, მებრძოლთა, ჭეშმარიტ ლიდერთა საჭიროებას.

რამდენდაც შემეძლო, ვეცადე "ლიტურგიაში" გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება სწორედ ამგვარი პიროვნებისადმი, იდეალისადმი, რომელიც ჩემთვის უსაზღვროდ საყვარელი და ძვირფასი ადამიანის იერსახეში იყო განსხეულებული" - ეს გახლავთ ეპიზოდი წიგნიდან - "წერილი მეგობარს სიკვდილის შემდეგ".

ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

"ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი" - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფიდან" წასვლის შემდეგ

"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე