ავტორი:

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს, რომელიც მისი შემოსავლის წყაროა. შემოსავლის ძირითად ნაწილს შოპინგში, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევასა და სწავლაში ხარჯავს. ცდილობს, სხვადასხვა, პატარ-პატარა ნიჭი განავითაროს, რისი შესაძლებლობაც ბავშვობაში არ ჰქონია...

ჯულიანა ბარ-გნარი:

- ფულის საჭიროება მცირე ასაკიდანვე გავაცნობიერე, რადგან ჩვენი სამუშაო სფერო საკმაოდ ძვირად ღირებულია: წარმატების მისაღწევად მხოლოდ შრომისმოყვარეობა საკმარისი არ არის - ფინანსური რესურსიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გახვიდე, გამოცდილება მიიღო, ინდივიდუალური გაკვეთილები "აიღო"... ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს გაგვიმართლა - საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვები პოპულარული გახდა. პატარა ასაკიდან შევძელით, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ფეხზე მყარად დავდექი.

- როცა ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდი. ამ პროფესიის დაუფლება იმიტომ გადაწყვიტე, რომ მომავალში სტაბილური შემოსავალი გქონოდა?

- ალბათ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ იმ წრეში ვტრიალებ და ვმუშაობ, რომელიც უზომოდ მიყვარს! ბავშვობაში, თუ ვინმეს ეგონა, რომ ცეკვა ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, სინამდვილეში ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, სამეჯლისო ცეკვების პედაგოგი გავმხდარიყავი და ამით ფული მეშოვა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ საქმეში აუცილებლად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავდი... ვინც სკოლას ამთავრებს, იმ სფეროზე ფიქრობს, რაც გარკვეული დოზით საინტერესო და ასევე, შემოსავლის მომტანი იქნება. სტომატოლოგობა ჩემმა ძმამ მირჩია, რადგან თავად სტომატოლოგია, რუსეთში მუშაობს. უბრალოდ, მითხრა, - ძალიან საინტერესოა, უნდა სცადოო... მეც ვცადე. სხვათა შორის, ნამდვილად საინტერესო იყო. უბრალოდ, მერე პედაგოგობის "გემოც" გავიგე...

- სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულე?

- კი, დავასრულე, დიპლომირებული სტომატოლოგი ვარ (იღიმის).

- შეიძლება ოდესმე ამ პროფესიით იმუშაო?

- რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და კარგია, რომ ადამიანს კიდევ ერთი პროფესია გაქვს, მაგრამ თუ გულახდილად ვსაუბრობთ, ცოტა ეჭვი მეპარება, სტომატოლოგად ვიმუშაო. ამასობაში, უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი. მაგალითად, თუ ბავშვობაში მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი და გარკვეულ სასწავლო წრეებზე ვერ დავდიოდი, მივხვდი, ახლა შემიძლია, ჩემი ყველა პატარ-პატარა ნიჭი განვავითარო ან ნაკლი გამოვასწორო. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგად ვხატავ. მინდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო და დიზაინერი გავხდე. თუკი ეს გამომივა, შეიძლება ვიფიქრო, ამ პროფესიით მუშაობას გავაგრძელებ თუ არა. თან, ჩემს მოსწავლეებს ხშირად თავად ვურჩევ კოსტიუმის მოდელს, სტილს... მინდა, ჩემი შესაძლებლობები უფრო მეტად დავხვეწო და რასაც ვაკეთებ, პროფესიულ დონეზე გავაკეთო.

- წლებია, შენ და ოთო ფოლადაშვილი საქმიანი პარტნიორები ხართ. როგორ ფიქრობ, ოთოს გარეშე, სტუდიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას როდის მიიღებდი, ან საერთოდ, ამ მხრივ, შენი საქმიანობა როგორ წარიმართებოდა?

- ყველა მოვლენა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ამიტომ არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის შემდეგ მოხდა. სტუდიის გახსნას არ ვგულისხმობ: როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად, საერთოდ არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, პედაგოგი გავმხდარიყავი, მაგრამ საშუალება მოგვეცა, ამ ამპლუაში საკუთარი თავი გამოგვეცადა. მივხვდი, ეს უზომოდ საინტერესო საქმიანობაა. თან, ბავშვებთან ურთიერთობა მართლა უდიდესი ჯილდოა. გამოცდილება მივიღეთ - რამდენიმე წელი ასისტენტებად ვმუშაობდით.

მერე, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის (ვინც ვითარდება და მეტის მიღწევის სურვილი უჩნდება) მსგავსად, ვიფიქრეთ - თუ ასისტენტები ვართ და ეს საქმე გამოგვდის, მოდი, ჩვენი სტუდია გავხსნათ-თქო. ასე რომ, ეს სპონტანური აზრი არ ყოფილა. დრომ და გამოცდილებამ მოიტანა. მეც და ოთოც მაქსიმალისტები ვართ: საქმეს მაშინ მოვკიდეთ ხელი, როცა დავრწმუნდით, რომ ამის გაკეთება "10-იანზე" შეგვიძლია.

- თქვენი საქმიანი ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიულია თუ უთანხმოებაც ყოფილა?

- ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ჩვენ შორის სულ ჰარმონიაა-მეთქი, რადგან გულახდილად რომ გითხრათ, სულ ჰარმონია ჩემთვის ჰარმონიაც არ არის (იღიმის). ორი ინდივიდი ვართ: მას ის მოსწონს, მე - ეს. რაც მთავარია, ყოველთვის შეგვიძლია, რაღაცაზე შევჯერდეთ. ჩვენ შორის დიდი პატივისცემა და ნდობაა, რაც უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ვსაუბრობდით, თუ რამდენი ხანია, რაც "წყვილში ვდგავართ". აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია, მეწყვილეები ვართ. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი დასტურია, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია. კარგი ტანდემი ვართ. იმედია, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, კარგი სახელი და ძლიერი სტუდია გვექნება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა