ავტორი:

პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ხორბლის პური მსოფლიო მოსახლეობის ძირითად საკვებს წარმოადგენს. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება. პურის მოხმარების დღიური ნორმა ადამიანზე სხვადასხვა ქვეყნებში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის საშუალებით ადამიანი ღებულობს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს. პური განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ასრულებენ ნერვული სისტემის რეგულატორების როლს და უზრუნველყოფენ სტრესისაგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავენ გლუტამინის მჟავას, რომელიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე სწავლის უნარისა და მახსოვრობისთვის.

ნახშირწყლებიდან პური ძირითად სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას შეიცავს. სახამებელი ადამიანისთვის ადვილად შეთვისებადი ნივთიერებაა. უჯრედანა კი პირიქით - ადამიანის ორგანიზმის მიერ არ შეითვისება, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ის მაინც აუცილებელია.

კერძოდ, უჯრედანა:

• აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას;

• ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას;

• დადებით როლს თამაშობს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციაში, თრგუნავს ლპობის პროცესებს;

• დადებით გავლენას ახდენს ლიპიდურ ცვლაზე, რომლის დარღვევამაც შესაძლებელია სიმსუქნემდე მიგვიყვანოს;

• ბოჭავს ნაღვლის მჟავებს;

• ხელს უწყობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოყვანას ორგანიზმიდან.

რაც მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებლის შემცველობა და ნაკლებია უჯრედანას შემცველობა. მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, რა თქმა უნდა უფრო ნოყიერია, მაგრამ უფრო დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჯრედანაც სჭირდება: საკვებში უჯრედანას ან სხვა შეუთვისებადი ნახშირწყლების ნაკლებლობა კუჭნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და შესაძლოა სწორნაწლავის ავთვისებიანი სისმსივნის მიზეზიც კი გახდეს.

ამიტომ, ქათქათა თეთრი პური არც ისეთი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორც გვგონია. გარდა ხორბლისა, პური ჭვავის ფქვილისგანაც ცხვება. გემრიელ პურს აცხობენ აგრეთვე ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ნარევისგან. ჭვავის პური ნაკლებად კალორიულია (100 გრამი ჭვავის პურის საშუალო ენერგეტიკული ღირებულებაა 190 კკალ, ხორბლის პურისა კი - 233 კკალ) და დიეტურ კვებაში გამოიყენება. გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების დროს დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ისეთი დამატებებით დამზადებული პური, როგორიცაა მაგალითად:

• ქატოს დამატებით დამზადებული პური _ შეკრულობის, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს;

• ცილების დამატებით დამზადებული პური, რეკომენდირებულია დიაბეტიკებისათვის;

• ლეციტინიანი პური _ ათეროსკლეროზის, ანემიის, ღვიძლის დაავადებებისა და სტრესით გამოწვეული შედეგების შემცირებისათვის არის რეკომენდებული;

• კვლიავის დამატებით დამზადებული პური _ კარგია შებერილობისა და მუცელში სიმძიმის დროს;

• იოდის შემცველი პური _ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;

ნინო ესაკია - ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

R

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

რა ისტორია აქვს „შავ პარასკევს“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს?