ავტორი:

"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას

"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილის 07:00 საათისთვის შევიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, სწორედ ამის გამო არ დახვდათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან რკინის ჯებირები, რომელიც ადგილზე გუშინ იყო განთავსებული.

„დღეს „ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის 05:00 საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში 07:00 საათზე. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის 05:00 საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ იქნება, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრების საკანონმდებლო ორგანოში ადრიანად მისვლაზე განმარტებას პარლამენტის პრესსამსახური აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 09:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დაგეგმილი, თუმცა, ინფორმაციისთვის, აღნიშნული სხდომა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

დეპუტატი სოფო კილაძე ერთ-ერთი იყო, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ადრე მივიდა.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოვედი? სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს.

„ოპოზიციის ნაწილი გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ამით ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებენ. სიძულვილის ენა, ადამიანების დაბულინგება მათ არ მიიყვანს კარგ შედეგამდე. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც „კმარა" იქცეოდა თავის დროზე და რა შედეგიც მიიღო საზოგადოებამ ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლისგან, ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის, როცა პირველი ღონისძიება - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დაანონსებული, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი