ავტორი:

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაშვილს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაშვილს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს, რომელმაც ცალი თვალი დაკარგა, გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც მისი მეუღლე, მაკა ლომთაძე ამბობს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაშავებულს აღუდგა ზედა ყბის სახე, თვალის ქუთუთო და თვალბუდე.

"დღევანდელმა დღემ ისევ გამახსენა ის სისხლიანი ღამე, ისევ გიორგის ტკივილებით ტანჯული სახე! იგივე მეორდება ზუსტად იგივე! რაც ძალიან ძნელი ასატანია!!! იგივე ტკივილები, განცდები, ემოციები... მომდევნო სამი დღე მძიმეა და სავსე ტკივილებით...

ჩემი ბრაზი ასმაგდება, როცა გამეფიქრება - ვის გამო, ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - დაწერა გიორგი სულაშვილის მეუღლემ მაკა ლომთაძემ ოპერაციის შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

AMBEBI.GE მაკა ლომთაძეს დაუკავშირდა, რომელიც ქმართან ერთადაა გერმანიაში:

"პირველი ოპერაცია, გიორგის 20 ივნისს ჩაუტარდა საქართველოში. მას შემდეგ მხოლოდ კონსულტაციებზე ჩამოვდიოდით გერმანიაში. ახლა კი პირველად ჩატარდა ოპერაცია გერმანიაში. საკმაოდ რთული ოპერაციაა...

- კონკრეტულად რისი ოპერაციაა? როგორც ვიცით, გიორგის თვალი სრულად აქვს დაკარგული...

- ჩაუტარდა ზედაყბის რეკონსტრუქცია, ქვედა ქუთუთოს რეკონსტრუქცია და ცხვირის ძგიდის ოპერაცია... ძგიდეც უნდა გაასწორონ, ტრავმამ ცხვირიც დაუზიანა... საკმაოდ რთული ოპერაციაა: სასიდან იღებენ ხორცს, დაამატებენ თვალში რომ თვალბუდეც მოამზადონ. ხოლო, ძვლის ნაწილს, რაც სჭირდება ზედა ყბის ძვალზე და თვალის ქვედა ძვალზე, თეძოდან იღებენ.

სამსაათიანი ოპერაციაა. აქაურმა ექიმებმა საქართველოში ჩასმული მეტალი ამოუღეს და ის ადგილი თეძოდან აღებული ფრაგმენტით შეავსეს, ვგულისხმობ თეძოს ძვალს. მერე კი სასიდან აღებული ხორცი გადაუნერგეს თვალბუდეში, ამასთან ქვედა ქუთუთოსაც აღუდგენენ.

- ვის მიერაა გერმანიაში ეს პროცედურები დაფინანსებული?

- ამჯერად, „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით ვართ გერმანიაში.

თუ არაფერი დამძიმდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გერმანიაში 7 დეკემბრამდე დავრჩებით და შემდეგ დავბრუნდებით საქართველოში.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?