ავტორი:

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

კიდევ ერთი ბოდიში ჩეჩნეთის ლიდერს - რამზან კადიროვს პატიებას სთხოვს გოგონა, რომელიც წარმოშობით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდანაა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, იმან კურბანოვამ, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, ინტერნეტში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ჩეჩნეთის ლიდერსა და მუფტს მკაცრად აკრიტიკებდა. გოგონა საუბრობდა კადიროვის ინიციატივაზე, რომ ინტერნეტმომხმარებლების პოსტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდეს.

“უარყოფითი ინფორმაციის ავტორები დავხოცოთ, ვაწამოთ და შევაშინოთ, რომ მათ მეტჯერ აღარ ჩაიდინონ მსგავსი რამ... ისინი ჩრდილს აყენებენ ჩვენს ტრადიციებს და შეუარაცხყოფენ ჩვენს ღირსებას...” - განაცხადა კადიროვმა, თუმცა, შემდეგ სიტყვები შეარბილა და თქვა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვამს და ეს ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა.

"ათას რამეს გვაბრალებენ ვიღაც არასამთავრობოები, ხალხის “გაქრობას,” მათ დახოცვას, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ირკვევა და თურმე, არავინ მოგვიკლავს და არც არავინ გამქრალა..." - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერს მხარი აუბა მუფტმა სალაჰ მაჟიევმაც. მისი თქმით, "პროვოკატორები და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები, მხოლოდ კადიროვს კი არა, მთელი ჩეჩნეთის სულიერებას აყენებენ ზიანს".

ვიდეო, თუ როგორ გააკრიტიკა იმანმა ჩეჩნეთის ლიდერი და მუფტი, ინტერნეტში აღარ მოიპოვება... კურბანოვას ინტერნეტგვერდი უკვე დაბლოკილია.

უკვე 28 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კი კურბანოვა ბოდიშს უხდის კადიროვს, როგორც რესპუბლიკის ლიდერსა და როგორც მამაკაცს და ამბობს, რომ მისი საქციელი უღირსი იყო.

"მე იმ სიტყვებით, როგორც ლიდერის და როგორც მამაკაცის ღირსება დავამცირე. მშობლებმა დიდსულოვნად ამიხსნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ: არასდროს გააკეთოთ მსგავსი რამ..." - მიმართავს გოგონა ინტერნეტმომხმარებლებს.

გოგონა ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, გამოიყურება როგორც ტიპური ჩეჩენი, თუმცა, თავის გამოსვლაში ამბობს, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთიდანაა.

ინტერნეტმომხმარებლები კადიროვისთვის მოხდილმა ბოდიშმა ძალიან გააღიზიანა. მათი მოსაზრებით, - “კადიროვცებმა” ბოდიშის მოხდა მოდად დაამკვიდრეს და უკვე ქალებსაც აღარ ინდობენ. ნებისმიერი ხუმრობა ან კრიტიკის შემცველი მიმართვა, შესაძლოა, სიცოცხლის ან ღირსების ფასად დაგიჯდეთ".

“რუსეთში კანონები რომ არ ვრცელდება, ვიცი, მაგრამ მოსკოვში პატარა გოგონას გამოთქმული აზრის გამო თუ იპოვიდნენ, მშობლებს შუბლზე იარაღს მიადებდნენ და გოგონას ბოდიშს მოახდევინებდნენ, მართლა არ ველოდი... გილოცავთ ჩეჩნებო, ჩრდილოეთ კორეაში ხართ! ალბათ თავს მშვენივრად გრძნობთ. სიტყვის თავისუფლებაზე ალბათ არაფერი გაგიგიათ და ვერც ვერასდროს გაიგებთ...” - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"გოგონა ასე რომ არ დაემცირებინათ, მამაკაცი არავინ ჰყავდა სახლში? მამა ან ძმები, მათ რომ მოეხადათ ბოდიში?! თითქმის ბავშვია და ამხელა სტრესი მიაყენეს..." - მიაჩნია ერთ-ერთ ინტერნეტმომხმარებელს.

"წლის ქმარი" - კაცი თვითმფრინავში 6 საათი ფეხზე იდგა, რომ მის ცოლს სკამებზე კომფორტულად დაეძინა

2 400 დოლარიანი პალტო და ექსკლუზიური კაბა - რა ეცვა აშშ-ის პირველ ლედის თეთრი სახლის ნაძვის ხის მორთვის დროს

კიევის ცენტრში უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა