გენერალ-მაიორი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე 15 წლის შემდეგ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი უშიშროების კომიტეტის გაუქმება და აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანა გახდა. რა მოტივით ხსნიდა შევარდნაძე უშიშროების კომიტეტის გაუქმებას; როგორ მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ; რატომ წავიდა კიტოვანი ღამის 2 საათზე სოხუმში; როგორ აღმოჩნდა 345-ე პოლკი აზერბაიჯანიდან ბომბორას აეროდრომში და რა უთხრა მათ პაველ გრაჩოვმა? ამ საკითხებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" - ანზორ მაისურაძეს ესაუბრა.
- ბატონო ანზორ, რა გახდა თქვენი და მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის დაპირისპირების მიზეზი?
ანზორ მაისურაძე: ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ წინააღმდეგი ვიყავი უშიშროების კომიტეტის გაუქმების, ეს ხდებოდა 1992 წელს.
- რა მოტივით აპირებდა შევარდნაძე უშიშროების კომიტეტის გაუქმებას?
- რატომ აპირებდა და არ უნდოდა. დამიბარა და მითხრა, გადავწყვიტე, გავაუქმო უშიშროების კომიტეტიო. მაშინ ვუთხარი, არ ქნათ ეს, ბატონო ედუარდ, უშიშროების კომიტეტის გაუქმება და დაშლა ნიშნავს სახელმწიფოს წელში გატეხვას და ნუ იზამთ ამას-მეთქი. რომ გააუქმებთ, მერე უკვე შეუძლებელი იქნება ამის თავიდან შექმნა, ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, დღეს ქვეყანას ეს სამსახური სჭირდება და არ გააკეთო-მეთქი. მაგრამ, არ დამიჯერა, მაინც უნდა გავაუქმოო - ასე მითხრა.
- მაგრამ, რა მოტივებს ასახელებდა?
- მოტივად ასახელებდა, მე შევიცვალე და თქვენ ვერ შეიცვალეთო. მე დემოკრატი გავხდი და თქვენ დემოკრატები ვერ გახდითო. მე რომ წითელი ვიყავი, გავმწვანდი, თქვენ ისევ წითლები დარჩითო. აი, ზუსტად ამ სიტყვებით მითხრა. თქვენ ყველაფერს ეროვნულს ებრძოდით და მე ახლა ეროვნულ მოძრაობას არ ვებრძვიო. ისე ამბობდა, თითქოსდა უმანკო იყო და ჩვენ მაგის ნებართვის გარეშე ვაკეთებდით ოდესმე რამეს. მისი ნებართვის გარეშე არაფერს არ ვაკეთებდით. ძალიან ვთხოვე, არ გააუქმო უშიშროება-მეთქი. მერე მოვიდა ჩვენთან სამსახურში, შეხვდა თანამშრომლებს, მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი, ალბათ, ასეა საჭირო-მეთქი.
- თუ თვლიდით, რომ არ იყო სწორი უშიშროების მაშინდელი კომიტეტის გაუქმება, მაშინ რატომ თქვით ეს ფრაზა, ასეა საჭიროო?
- ეს რომ არ მეთქვა, მაშინ დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. ჩვენ იარაღი აგვეღო და დაგვეხოცა ესენი თუ რა? ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი მომხრე იყო იმის, რომ ხელში აგვეღო იარაღი და ესენი გაგვენადგურებინა. მაგრამ, მე ამის წინააღმდეგი წავედი. არაფრით არ შეიძლებოდა მაშინ ამის გაკეთება. იმიტომ, რომ მაშინ ისედაც ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდნენ და მერე იტყოდნენ, ხომ ხედავთ, რა ქნესო.
- როდესაც თქვენი გამოსვლით დაეთანხმეთ შევარდნაძის გადაწყვეტილებას, როგორი იყო მისი რეაქცია?
- 1000 თანამშრომელი ესწრებოდა ამ საერთო კრებას. არავის ხმა არ ამოუღია. სიტყვით გამოვიდა შევარდნაძე და გაიმეორა იგივე, მე გადავკეთდი და თქვენ ვერ გადაკეთდებითო. ახლა ეს სამინისტრო რომ დაიშლება, თქვენ სხვადასხვა სტრუქტურებში წახვალთო. ვის გაქვთ შეკითხვა? მიმართა შევარდნაძემ დარბაზს - მაგრამ, 1000 კაციდან ერთ კაცსაც არ ჰქონდა შეკითხვა.
- არ ჰქონდათ, თუ ვერ გაბედეს შევარდნაძისთვის, ეთქვათ, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ, მერე რა? დაიჯერა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო? წელში გადატეხა მაშინ ქვეყანა.
- სახელმწიფო მეთაურს კანონით ამის უფლება ჰქონდა?
- არა. არ ჰქონდა. მისი ინიციატივით ეს გადაწყვეტილება ოთხმა კაცმა და მათი წინადადებით პარლამენტმა მიიღო. ტაშით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას მაშინდელი პარლამენტი.
- ვინ იყვნენ ესენი?
- ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი. ისინი პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.
- როგორ ფიქრობთ, შევარდნაძემ ეს გადაწყვეტილება რუსეთთან შეთანხმებით მიიღო? იმიტომ, რომ ამას ძალიან მალე მოჰყვა აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანა...
- არა მგონია, ეს რუსეთთან შეთანხმებით მომხდარიყო. მაგრამ, ამათ ამბიციებთან რომ იყო შეთანხმებული, ეს ფაქტია. უშიშროების სამსახური აკონტროლებდა ყველა მათ ქმედებას, არ უნდოდათ, კონტროლის ქვეშ ყოფილიყვნენ.
- უშიშროების სამსახური იყო აფხაზეთშიც, რა ბედი ეწია მას?
- მაშინ აფხაზეთის უშიშროებას ხელმძღვანელობდა ავთანდილ იოსელიანი. არძინბამ შესანიშნავად გამოიყენა ეს გადაწყვეტილება და შევარდნაძისნაირად გააუქმა აფხაზეთის უშიშროება. დაიბარა არძინბამ იოსელიანი და უთხრა, თქვენთან უშიშროების სამსახური გააუქმესო? დიახო, უპასუხა ცხონებულმა ავთომ, ჰოდა, აქაც გაუქმებულია თქვენი სამსახური და მიბრძანდით სახლშიო. უშიშროების სამსახური აფხაზეთში შევარდნაძემ დატოვა უქართველებოდ. ეს იყო საშინელი დანაშაული. ისეთი დანაშაული, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს. რაც მოხდა მერე, უკვე ყველამ ნახა.
უშიშროების სამსახური რომ გააუქმა, მერე დამიძახეს და მეუბნებიან, შექმენი ასეთივე სამსახური თავდაცვის სამინისტროშიო. უარზე ვიყავი, მაგრამ დაჟინებით ითხოვდნენ, შემექმნა ეს სამსახური, ამბობდნენ, რომ ამ სამსახურის გარეშე თავდაცვის სამინისტრო არ შეიძლებოდა. მაისის თვეში ეს სამსახური ყოველნაირი დოკუმენტებით შევქმენი, უშიშროებიდან 60% წავიყვანე ჩემთან, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სამმართველოში. ამის შემდეგ უკვე აფხაზეთში შევიდნენ შეიარაღებული ძალები, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი.
- როგორ გადაწყდა მაშინ ეს საკითხი?
- ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ მოტივით, რომ უნდოდათ, დაეცვათ რკინიგზის ლიანდაგი. ჩვენ უნდა დავიცვათ რკინიგზა, რომ არ გაიძარცვოს ვაგონები, ამიტომ უნდა შევიყვანოთ ჯარიო. საუბარი იყო რუსეთიდან-სასომხეთის მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე.
- როგორ გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რკინიგზის დაცვის მოტივით აპირებდა აფხაზეთში ჯარის შეყვანას?
- სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ეს საკითხი. როდესაც ეს საკითხი გამოიტანეს განსახილველად, სხდომას 75 კაცი ესწრებოდა, მაშინ სახელმწიფოს ხელმძღვანელად შევარდნაძე ითვლებოდა. მისი ინიციატივით მოხდა ამ საკითხის განხილვა და ამ 75 კაციდან ყველა დაეთანხმა აფხაზეთში ჯარის შეყვანას, გარდა ორი კაცისა.
- ვინ იყვნენ ესენი?
- გაგიკვირდებათ და ესენი იყვნენ ჯაბა იოსელიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი. მე ამის გამო დაპირისპირებული ვიყავი უკვე სახელმწიფო საბჭოსთან. როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, მივედი კიტოვანთან და ვუთხარი, არ შეხვიდე, ახლა აფხაზეთში ჯარის შეყვანა ნიშნავს ჩვენს დაღუპვას-მეთქი. ასეთი სიტყვები ვუთხარი - ჩვენ სპეციალურად გვიკეთებს ამას რუსეთი, სპეციალურად მოგვცეს ახალციხის 14-ე არმიიდან ტანკები, იციან ჩვენი ამბიციები, რომ ჩვენ შევალთ აფხაზეთში და ეს კი ნიშნავს აფხაზეთის დაკარგვას-მეთქი.
8 წელი ვიმუშავე საზღვარგარეთ, მე სხვა ქვეყნებისთვის გამიკეთებია ეს ამბავი და ახლა ჩვენ გვიკეთებენ, და არ ავყვეთ ამ პროვოკაციას-მეთქი. არ დამიჯერა. ღამის 2 საათზე წავიდნენ თბილისიდან. ჩემი იქ წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კიტოვანს ვუთხარი, მაშინ ჩემს თანამშრომლებს გაგაყოლებ-მეთქი. და გავაყოლე 2 პიროვნება. ერთს დიდი გამოცდილება ჰქონდა ავღანეთის ომში და მეორე შტაბის ოფიცერი იყო.
- შევარდნაძესთან რატომ არ მიხვედით?
- იმიტომ, რომ მასთან ამ საკითხზე უკვე ნაჩხუბარი ვიყავი. ვეხვეწე, ვემუდარებოდი, არ გააკეთო-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა.
- რა თქვეს თქვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც კიტოვანს გააყოლეთ?
- ეს ბიჭები რომ ჩამოვიდნენ, მითხრეს, ბატონო ანზორ, დაღუპულები ვართო. საშინელება ხდება აფხაზეთშიო და მომიყვნენ ის დეტალები, რომელიც თქვენც კარგად იცით.
- შევარდნაძე დღემდე ამბობს, მე ვიყავი სახელმწიფო მეთაური, არ მემორჩილებოდა ჯარი და არ მქონდა იმის უფლება, კიტოვანი შემეჩერებინაო...
- მე, ანზორ მაისურაძე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ უნამუსოდ იტყუება შევარდნაძე. ვეხვეწებოდი კიტოვანს, არ წახვიდე, დავიღუპებით-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ბატონო ანზორ, რომ არ წავიდე, შევარდნაძე ქვეყნის მტრად გამომაცხადებსო. მე ვუთხარი, სჯობს, მტრად გამოგაცხადოს, ვიდრე აფხაზეთი დავკარგო-მეთქი. არა, უნდა წავიდეო და ღამის 2 საათზე წავიდნენ. ის, რომ 75 კაციდან მარტო 2 იყო აფხაზეთში ჯარის შეყვანის წინააღმდეგი, მითხარით, აბა, რას ნიშნავს?
- როგორ ფიქრობთ, მაშინ შევარდნაძემ ის გააკეთა, რაც კრემლს აძლევდა ხელს?
- ეს ძნელი სათქმელია. რა ჰქონდა მას ჩაფიქრებული, კაცმა არ იცის.
- თქვენი აზრით, შევარდნაძემ ვერ გათვალა, რა შედეგი მოყვებოდა აფხაზეთში ჯარების შეყვანას?
- თავის პიროვნულ კეთილდღეობას ამჯობინებდა ყველაფერს. აბა, რატომ გააუქმა უშიშროება? რატომ შეიყვანა ჯარი? როდესაც ქვეყანას ასე უჭირს, შეიძლება ასეთი რამ გააკეთო? სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე საუბარი დაიწყეს აფხაზეთის შესახებ. ერთი საათით ადრე დამირეკა ავთო იოსელიანმა და ერთი ინფორმაცია მომაწოდა. ესენი საბჭოს სხდომაზე რომ ლაპარაკობდნენ, ხელი ნელა ავწიე, მაგრამ მერე ისევ ჩამოვწიე. ვიფიქრე, ცალკე ვეტყვი-მეთქი.
მერე ვიფიქრე, სჯობს, სახალხოდ ვუთხრა-მეთქი და ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა, არძინბა და რუსეთის პრეზიდენტი ელცინი ერთმანეთში აწარმოებენ მოლაპარაკებას, რათა აფხაზეთში ბომბორას აეროდრომზე შეიყვანონ 345-ე პოლკი აზერბაიჯანიდან ქალაქ განჯიდან, იგივე სპეცრაზმი. ეს პოლკი ადრე ნამყოფი იყო ავღანეთში და იქ იბრძოდა. აპირებენ, შეიყვანონ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე, რომ მერე ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-მეთქი.
- რა გიპასუხათ შევარდნაძემ?
- როცა შემაჯამებელ სიტყვას ამბობდა, ადგა და თქვა, არ ეკადრება ანზორ მაისურაძეს და მის უწყებასო, ჭორების დონეზე ასეთი რამ მოახსენოს სახელმწიფო საბჭოსო. წამოვდექი და ვუთხარი, ბატონო ედუარდ, არაფერი საჭორაო ანზორ მაისურაძეს და არც მის უწყებას თქვენთან და არც სახელმწიფო საბჭოსთან არა აქვს. ჩვენთან ასეთი წესია - ან გახსენებთ გადამოწმებულ ინფორმაციას, ან საერთოდ არ გახსენებთ. თუ არ გჯერათ, დღესვე დავიბარებ ბატონ ავთანდილ იოსელიანს და პირადად მოგახსენებ-მეთქი. ჯერ გაწითლდა, შემდეგ გათეთრდა და გააგრძელა ლაპარაკი. რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ 345-ე პოლკი შევიდა აფხაზეთში.
- როგორ შევიდა აზერბაიჯანიდან 345-ე პოლკი აფხაზეთში?
- ეს პოლკი აზერბაიჯანში, განჯაში იყო განლაგებული, განჯიდან გადმოიყვანეს და დააყენეს გუდაუთაში ბომბორას აერდრომზე. სოჭში მოლაპარაკებაზე ვიყავით საქართველოს დელეგაცია, მათ შორის მე და თენგიზ სიგუა, ეს კითხვა დავუსვით პაველ გრაჩოვს. ერთხელ რომ შევეკითხეთ, გრაჩოვმა ხმა არ გაგვცა, მეორედაც ვკითხეთ დ იგნორირება მოახდინა. მაგრამ, მესამედ რომ შევეკითხეთ, შემოგვხედა და გვითხრა, თქვენ როგორ გგონიათო, თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელის გარეშე ჩვენ ამას გავაკეთებდითო? მან მოგვცა ამის ნებართვაო. რასაც მე გეუბნებით, სიმართლეა და შეგიძლიათ, ეს დეტალები გადაამოწმოთ.
- თუმცა შევარდნაძე დღემდე მომხდარში კიტოვანს, იოსელიანს და სიგუას ადანაშაულებს...
- უნამუსოდ იტყუება. მე მოწმე ვარ ამის ყველაფრის. მაგის დავალებით წავიდა კიტოვანი, მაგის ნებართვით შეიყვანეს 345-ე პოლკის სპეცრაზმი ბომბორას აეროდრომზე, მაგისგან მიიღო ნებართვა გრაჩოვმა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა გაგრის დაკარგვაში. ამ პოლკმა უცებ დახოცა გაგრაში ქართველები, ამის შემდეგ შემოვიდნენ ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები, ქართველებს თავი მოჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს. დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, რომ ფეხმძიმე ქალს მუცელი გაუჭრეს და ბავშვი ამოუყვანეს, მოხდა დიდი ტრაგედია. ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი?!
- ედუარდ შევარდნაძის?
- აბა, ვისი ბრალი იყო? აბა, ვისი ბრალია? ყოველთვის იძახის, რუსებმა მომატყუეს, მომატყუეს, ხელი მომაწერინეს, მომატყუეს, ჯარი გამომაყვანინესო, ტექნიკა გამომაყვანინესო - არ ვიცი, როგორ სულ როგორ უნდა მოგატყუონ.
- გრაჩოვთან შეხვედრის შემდეგ შევარდნაძეს უთხარით, რომ 345-ე პოლკი მისი ბრძანებით მოხვდა ბომბორას აეროდრომზე?
- ამის შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ოფიციალურად დავწერე პატაკი ივლისის თვეში, ჩავაბარე თენგიზ სიგუას და წამოვედი. დავჯექი სახლში და 4 წელი არ გავსულვარ გარეთ, ხალხნო. ომის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აფხაზეთის ომზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დამკითხა ალექსანდრე შუშანაშვილმა, მას ჰქონდა აფხაზეთის საქმე გამოსაძიებელი.
2-საათნახევარი მკითხავდა. დაკითხვიდან რომ გამოვედი, ვუთხარი, ალე, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან-მეთქი. ერთი მითხარი, ვინ არის ამ საქმეში მთავარი დამნაშავე, არავის არ ვეტყვი არაფერს-მეთქი. გაიხედ-გამოიხედა, ნახა, მარტო ჩვენ ვიყავით, შეხედა შევარდნაძის სურათს და ასე თქვა, ამის ბრალიაო... ჩამოვართვი ხელი და წამოვედი. ვუთხარი, რომ ამას არავისთან არ ვიტყვი მეთქი. არც არასოდეს არ მითქვამს, სანამ ცოცხალი იყო. ამას ახლა თქვენ გეუბნებით, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ.
თამთა ქარჩავა