ავტორი:

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით

საქართველოში მეგაშოუების ჩამონათვალს ცოტა ხანში სრულიად ახალი მუსიკალური პროექტი შეემატება, რომელსაც "რუსთავი 2"-ის ეთერში იხილავს მაყურებელი.

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" არის კონკურსი, სადაც კონკურსანტები შეუზღუდავად, ნებისმიერი ქვეყნის, კუთხის ჰანგებს, ნებისმიერ ენაზე იმღერებენ. შესარჩევი ტურების სამი სერია ეთერში 15 დეკემბრიდან გავა.

"5 იანვარს პირველი ლაივკონცერტია. გვყავს 10 კონკურსანტი და გვექნება სულ 8 ლაივკონცერტი. კასტინგებზე ძალიან საინტერესო ჟიური მუშაობდა, სხვა პროექტებისგან განსხვავებული, არ ჩხუბობენ, თბილად და კარგად უძღვებიან საქმეს“ - გვეუბნება პროექტის რეჟისორი და „რუსთავი 2“-ის მთავარი რეჟისორი ნიკა ლომიძე, რომელიც არ გვიმალავს ჟიურის წევრების ვინაობას: ნატო მეტონიძე, გიორგი ცაგარელი და სალიო - სალომე კორკოტაშვილი.

"ამ მუსიკოსებმა შეარჩიეს კონკურსისთვის ათეული. ლაივებზე კი მათ ორი ახლი წევრი დაემატება. თუ ვინ, ამას ჯერ არ გეტყვით... ასე რომ, ახლა ვემზადებით იმისთვის, რომ 15 დეკემბრისთვის ეთერში პირველი სერია გავიდეს“.

- როგორ აპირებს სრულიად ახალი შოუ აქამდე არსებული ცნობილი და რეიტინგული მეგაშოუებისთვის კონკურენციის გაწევას? მით უფრო, რომ ყველა ერთად, თითქმის პარალელურ რეჟიმშია ეთერში...

- ჩვენ სხვა დასახელება გვაქვს და წესებიც სრულად განსხვავებული. ასეთი პროექტი ჯერ არ გაკეთებულა...

რაც შეეხება კონკურენციას, "დიდი სცენის" კეთებას არ დავიწყებდით, დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ პროდუქტის ხარისხიანობასა და გემოვნებიანობაში. ამასთან, გვაქვს ძალიან სწორი მიდგომა, პრინციპი, რომ კონკურსი არ ჩავატაროთ იმისთვის, რომ ეთერში ვაჩვენოთ მხოლოდ გადაცემა. ჟიურის წევრებიც იმავეს ფიქრობენ და გამუდმებით ამბობენ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კონკურსში აღმოვაჩინოთ ადამიანი, ან ადამიანები, რომელთან ერთადაც, სიამოვნებით შევძლებთ კოლაბორაციას, ერთობლივ პროექტს.

ასე რომ, უნდათ ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა, მათთან ერთად გამოჩნდებიან დიდ სცენაზე და მერე სხვა სცენებზე გააკეთებენ საინტერესო პროექტებს. მოკლედ, კონკურსანტების შეფასება ობიექტური და საინტერესო პროცესი იქნება.

- მაყურებელი ყველა ენაზე და ყველა ჟანრის მუსიკას მოისმენს?

- დიახ, შეიძლება, ლათინო-ამერიკული, იაპონური და არავინ იცის, რა მუსიკა გაიჟღერებს, რადგანაც პროექტებში ყელგან ერთი და იგივე ისმის. ნაცნობსა და პოპულარულ ნამუშევრებსაც გავაჟღერებთ, მაგრამ, ხომ ვამბობ, აუცილებლად განსხვავებულებსაც.

- ვინ არიან შოუს წამყვანები?

- შოუს ფილარმონიის სცენიდან წაიყვანენ: აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია, ბრდღვნიან ყველაფერს, ისეთები არიან! ასეთი წამყვანები იშვიათია - სცენაზე საოცრებებს ახდენენ. კონკურსანტებს ოთახიდან წარადგენენ - მაკო კვიტაიშვილი და გიორგი ქორქია. რაც მთავარია, პროექტს საოცარი კონკურსანტები ჰყავს. მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება!

- რას პირდება შოუ გამარჯვებულს?

- ესეც მნიშვნელოვანია, რომ ვარღვევთ დაჯილდოების პრინციპს, რომელიც ყოველ შოუში ერთია - სულ პირველ ადგილზე გასულს რომ ხვდებოდა ყველაფერი და დანარჩენი 9 კონკურსანტი არავის აინტერესებდა. სპონსორებს, სტუმრებს თავისი ფავორიტი კონკურსანტები ეყოლებათ. ფინალში სამი ადამიანი დარჩება და ყველა კონკურსანტი დაჯილდოვდება.

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?