ავტორი:

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

ქართული კინო კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ემშვიდობება - რეჟისორს, რომლის "მანდარინები" "ოსკარზე" წარადგინეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში; რეჟისორი, რომელმაც მაყურებელს დაუტოვა გახმაურებული ფილმები - "სამი სახლი", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან", "აღსარება", 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძის პოპულარობა დიდწილად განაპირობა დეტექტიურმა სერიალმა "ცხელი ძაღლი". პირველი ქართული დეტექტიურ-კრიმინალური სერიალი, "აუდიენციისა" და ტელეკომპანია "იმედის" ერთობლივი პროექტი იყო და 2003 წელს გავიდა ეთერში. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების - ლექსო ნიჟარაძისა (გიორგი ყიფშიძე) და ბიძინა თაბაგარის (ჟანრი ლოლაშვილი) ირგვლივ გადაღებულ სერიალს არნახული პოპულარობა ხვდა წილად.

სერიალის მე-4 სეზონი ეთერში 7 წლის დაგვიანებით 2013 წლის 11 თებერვალს გავიდა გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ ამ სეზონს აკრძალული სეზონი ეწოდა, ამავე წელს შედგა მე-5 სეზონის პრემიერა, თუმცა სერიალის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ დატოვა პროექტი, მაგრამ გადაღებები მაინც გაგრძელდა და სერიალის მე-5 სეზონი ირაკლი ბადურაშვილმა გადაიღო.

იმაზე თუ რატომ იყო სერიალის მეოთხე სეზონი აკრძალული, ზაზა ურუშაძემ 2013 წელს ყოველკვირეულ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო ინტერვიუდან:

- როგორც შევიტყვეთ, წინა ხელისუფლება ამ ფილმის 12-ვე სერიის განადგურებას შეეცადა. როგორ მოახერხეთ მისი გადარჩენა?

- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა, მაგრამ ამ სერიების ერთი ეგზემპლარი შინ წავიღე... "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონზე მუშაობა 2007 წელს დავასრულე. უკვე ეთერში უნდა გაგვეშვა, რომ იმავე წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შევარდა და დაარბია. მას შემდეგ ხელისუფლება აკონტროლებდა ამ ტელევიზიას და ეს სერიალი ეთერში არ გაუშვეს...

- რატომ?

- ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს.

- ბატონო ზაზა, ვისი დავალებით დაიბლოკა "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის სერიები?

- სისტემამ დაბლოკა. მე-4 სეზონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალია. მის როლს მსახიობი ნინო ბურდული თამაშობს. ფილმში მასზეც ამბობენ, რომ გაზით გაიგუდა, რაც ასევე ძალიან ჰგავს ბატონი ჟვანიას დაღუპვის ამბავს.

სერიალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, თუმცა ეკრანზე არ ჩანს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა შევასრულე. უბრალოდ, ეს ამბავი ქართველ საზოგადოებას აინტერესებს და ამიტომაც ვაქციე მეოთხე სეზონის მთავარ თემად.

- ხელისუფლების მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?

- რას წარმოვიდგენდი, 75-საათიან ფირს თუ წაშლიდნენ! კიდევ კარგი, შინ მქონდა ერთი ეგზემპლარი, თორემ ეს წვალება წყალში ჩაგვეყრებოდა... ახლა კი, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" კანონიერ მფლობელს გადაეცა, "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი მათ დავუბრუნე და ძალიან მალე გაუშვებენ ეთერში. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი სამსახური გაგვიწია. მათთვის უარესი არ მოხდა?! ამით ხომ უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს. გაეშვათ თავის დროზე, ეს ხომ ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი იყო.

სააკაშვილის ხელისუფლება კინოში, თეატრსა თუ ხელოვნების სხვა დარგში თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ადუმებდნენ, ტაბუს ადებდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ, თვითონ შექმნათ თავიანთი კინო. ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეს" ათეულობით მილიონი დაახარჯეს და 5 დოლარი ძლივს ამოიღეს. პროპაგანდისთვის ფილმის გადაღება ლენინური, საბჭოური ამბავია. ხომ გახსოვთ, ლენინმა რაც თქვა: კინო იდეოლოგიააო. ნაციონალებისა და "აგვისტოს 5 დღის" მაგალითზე ჩანს, რომ ფილმები ხელისუფლებამ კი არა, პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ... წაიკითხეთ ვრცლად

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს