ავტორი:

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"

როგორც მომღერალს არაერთ კონკურსში აქვს გამოცდილება მიღებული. ბოლოს ნათია თოდუამ გერმანიაში პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში (The Voice of Germany) გაიმარჯვა და დღესდღეობით გერმანიაში მოღვაწეობს, თუმცა პარლელურად თავისი გამოცდილებით მეგაშოუს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრია.

ამ პროექტში უკვე მეორე სეზონია, აქტიურად არის ჩართული. მოქმედი, ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი სხვებს აფასებს და გარკვეულ რჩევებსაც აძლევს. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფესტივალ Music Video Underground Festival-ის გამარჯვებული გახდა.... ნომინაცია "საუკეთესო სოლო შემსრულებელი" მოიგო. მომღერალი ნომინაციაში სიმღერისთვის Love letter იყო წარდგენილი.

ნათია თოდუა:

- 2 კვირის წინ გამოვიდა ჩემი მეორე სინგლი ვიდეოთი, Love letter. youtube-ს გვერდზე შემოთავაზება მოგვივიდა, რომ კალიფორნიაში, ფესტივალ Music Video Underground Festival-ის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსში მონაწილეობა მიგვეღო. აღნიშნული კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ.

ერთ კვირაში მივიღე სტატუსი და გავიმარჯვე ნომინაციაში - "საუკეთესო სოლო შემსრულებელი", რაც იმის შანსს მაძლევს, რომ ამ ფესტივალზე ეს სიმღერა ( Love letter) ლაივში შევასრულო. გარდა ამისა, იანვრიდან ტურნეს ვიწყებთ, მერე ვეცდებით, რომ ამერიკაში გარკვეული შანსები ხელიდან არ გავუშვათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანულ MTV-ზე ეს ვიდეორგოლი გავიდა.

ამ ეტაპზე ჩემს ბენდთან აქტიური რეპეტიციები მაქვს. შტუდგარდში კონცერტისთვის ვემზადები. ჩემი პირველი სოლო 10 იანვარს ბერლინში გაიმართება, თუ დრო და სურვილი გექნებათ და ბერლინში იქნებით, მობრძანდით, დასწრება თავისუფალია. ეს ყველაფერი იმ გულშემატკივარისთვის, ვინც ამდენი ხანია, მელოდება. მინდა, მადლობა ჩემი საკუთარი რეპერტუარით გადავუხადო. შესრულდება სიმღერები პირველი ალბომიდან.

- ნათია, ასეთი რთული რეჟიმი რომ გაქვს - ამდენს დაფრინავ, შაბათ-კვირას კი აქ, პროექტის ჟიურიში ზიხარ... როგორ ასწრებ?

- კი, რთული რეჟიმი მაქვს - მივფრინავ-მოფრინავ, ვიღლები, მაგრამ ამას ძალიან მივეჩვიე. როცა ასე არ ხდება, მგონია, რომ საქმე რაღაც კარგად არ მიდის და პრობლემაა. მივეჩვიე ასე ცხოვრებას და მიხარია, როცა საქმეში ვარ. ამ დროს უფრო მარტივად აკვირდები რაღაცეებს, რა შეიძლება გააუმჯობესო, გააკეთო, უკეთესი შექმნა. ამიტომაც ვცდილობ, წინ წავიდე და არ გავჩერდე.

- "საქართველოს ვარსკვლავს" შენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია?

- "საქართველოს ვარსკვლავი" მხოლოდ კონკურსი და იქ ჩემი ჟიურის წევრობა არ არის. უნდა აღვნიშნო, რომ გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ძალიან დავუახლოვდი და ბევრ რამეს ვსწავლობ. თითქოს ეს პროექტი ზურგსაც მიმაგრებს. მაგარია, რომ საქართველოში ამ გუნდის სახით ადამიანები მელოდებიან და აქ სწორედ მათი იმედი მაქვს. აქამდე მხოლოდ მშობლების, მეგობრების და ჩემი გულშემატკივრების იმედი მქონდა, ახლა მათ ეს ჯგუფი დაემატა. ისინი ყოველ ჩემს შემოქმედებით სიახლეზე რეაგირებენ, უხარიათ, იზიარებენ, მეხმარებიან. მიხარია, რომ წელსაც მათთან ერთად ვთანამშრომლობ.

რაც შეეხება კონკურსს, 23 წლის ასაკში ჟიურის წევრობა მიწევს და ვაფასებ კონკურსანტებს. მათ ნამღერს ვუწონებ და რაღაც მიმართულებასაც ვაძლევ. ეს ჩემი, როგორც ჟიურს წევრის, მოვალეობაა. საბოლოოდ კი, მათში ის შესაძლებლობები უნდა შევაფასო, რაც "ევროვიზიისთვის" შესაფერისი იქნება.

- არ ხარ მკაცრი ჟიური...

- ვცდილობ, ისე შევაფასო კონკურსანტი, როგორც ეს მე, როგორც კონკურსანტს გაუმჯობესებაში დამეხმარებოდა. იმდენად კარგი კონკურსანტები არიან, არც ვიცი, ვინ შეიძლება ფინალში დარჩეს. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტები, თორნიკე ყიფიანი და მარიამ გოგიბერიძე, 18 წლის გოგონა, ჩემთვის აღმოჩენაა. არ მეგულება ამ ასაკში არც ერთი ასეთი შესაძლებლობის მქონე ადამიანი. ამ ბავშვის სახით ქართულ სცენას დიდი მომღერალი ეყოლება.

- წლევანდელ "ევროვიზიაზე" რა შედეგებს ელოდები?

- ისეთი საინტერესო კონკურსანტები გვყავს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, "ევროვიზია" ჩვენთვის მორგებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომელიც არ უნდა წავიდეს, 2020 წელს საკუთარ თავს ყველა განსხვავებულად აჩვენებს და ქვეყანას გამორჩეულ პრეზენტაციას გაუკეთებს, ვიდრე აქამდე სხვებისგან მახსოვს. ყველა ინდივიდუალური, თავისებურებითაა გამორჩეული და გამახსოვრდება. ეს კონკურსისთვის ძალიან მომგებიანია. მნიშვნელოვანია ის, ვინ ხარ და არა ის, რა იმღერე და შეასრულე. ამიტომ მათი დიდი იმედი მაქვს...

- საკუთარი წარმატების ფორმულად რას მიიჩნევ?

- ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს, როცა არ ვაკეთებ. არ ველოდები იმას, ვინ შემაფასებს და როგორ. ცხოვრებამ ასეთი გამოცდილება მომცა, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობ თვითონ შენ და რას გრძნობ...

გერმანიამ კი მასწავლა, რომ ხარისხზე უნდა იყო დამოკიდებული და არა გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, საკუთარი სიმღერაა, თუ ვინმეს ქავერია, სადაც არ უნდა ვმონაწილეობდე, ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავზე ორიენტირებული ვიყო და არ დაველოდო იმას, ვინ დამიკრავს ტაშს და ვინ ადგება ფეხზე. ვინ გაგიჟდება ჩემს შესრულებაზე. მოკლედ, არ ველოდები შედეგს და შეფასებას, ვცდილობ, იყოს ხარისხიანი, რასაც ვაკეთებ.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა