ავტორი:

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

ცოტა ხნის წინ თბილისში ემბრიოლოგ ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობითა და გერმანელი ექსპერტების სვეტლანა და ივან ჰოფმანების პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი გაიხსნა. რეპროდუქციული მედიცინის სფეროში აღიარებულმა გერმანელმა დედა-შვილმა ჰოფმანებმა დიდი ხნის შრომის შედეგად ახლახანს გახსნეს ასეთივე კლინიკა ბერლინში, რომელიც მეტად პრესტიჟული და წარმატებულია. კლინიკა მუშაობს ISO სტანდარტების სრული დაცვით და სახელმწიფო პროგრამებშიც ჩართულია. ბერლინში მხოლოდ ეს ცენტრი არის აღჭურვილი მიკრო ტესას მიკროსკოპით, რაც რეპროდუქციული ცენტრისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ კლინიკასთან პარტნიორობით დაიწყო ფუნქციონირება GGRC-იმ და საქართველოშიც ანალოგიური სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

„გერმანულ ხარისხსა და სტანდარტებზე ვართ ორიენტირებული, ვაპირებთ გავიაროთ აკრედიტაცია და ჩვენც მივიღოთ ISO სერთიფიკატი. გარდა რეპროდუქტოლოგებისა, გვყავს გინეკოლოგები, უროლოგები, თერაპევტები, ენდოკრინოლოგები და ერთ გუნდად ვმუშაობთ ქალის და მამაკაცის ჯანმრთელობისთვის,“ - განმარტავს ცენტრის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე.

მოგვიყევით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის შესახებ

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩამოვიტანოთ მიკრო ტესას მიკროსკოპი. მამაკაცის უშვილობისას ტესას (სპერმის აღების) რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და დამზოგავი პროცედურა მიკრო ტესას მიკროსკოპით სრულდება. ოპერაციული ჩარევის გარეშე, ერთი ჩხვლეტით, მიკროსკოპის ქვეშ ხდება ოპერირება და მამაკაცის სპერმის აღება. თავდაპირველად ჩვენი პარტნიორები ჩამოვლენ გერმანიიდან და ჩვენს უროლოგებთან ერთად ჩაატარებენ ოპერაციებს, სრულად ათვისების შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელებთ მუშაობას.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჰაერის სისუფთავეს ლაბორატორიაში. ვაპირებთ, შევიძინოთ სპეციალური დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ჰაერის თითოეული ნაწილაკიც კი მოწმდება ლაბორატორიაში. ეს დაგვეხმარება ემბრიონებისთვის იდეალური გარემოს შექმნაში, რათა ემბრიონმა ჰაერთან შეხვედრის დროს მინიმალური სტრესი მიიღოს და შესაბამისად, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი შედეგები.

ცნობილია, რომ თქვენი ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებსაც აძლევს შანსს, გახდნენ მშობლები

როდესაც ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და სხვა პროცედურები, ხშირ შემთხვევაში, მათი რეპროდუქციული ფუნქცია ზარალდება. ვიცით, რომ ონკოლოგია დღეს განაჩენი აღარ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენც ვზრუნავთ ასეთ პაციენტებზე, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მათ ჰყავდეთ შვილები. არსებობს კვერცხუჯრედისა და სპერმის ბანკი, რომელსაც მაქსიმალურად ვუფრთხილდებით. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისათვის და ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ სრულფასოვანი ოჯახების შენარჩუნება და ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილები.

მოგვიყევით გუნდის შესახებ, რომელიც GGRC-ში არის დასაქმებული

მინდა, მთელ ჩემს გუნდს მადლობა ვუთხრა, მათთან ერთად მოვდივარ უკვე ბევრი წელია. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანის დახმარებაა, ღირსეულად კეთება იმ საქმის, რომლის შედეგიც ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, ჩემი გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს პაციენტების დასახმარებლად. ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ცხოვრების წესი.

ცენტრის პარალელურად ხელმძღვანელობთ ფონდს „შენთვის“, რომელიც უშვილო წყვილებს ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას სთავაზობს. როგორ დაიბადა იდეა?

ინ ვიტრო განაყოფიერებაში ჩემი პირველი ნაბიჯები ჟორდანიას ინსტიტუტიდან დაიწყო და 15 წელია, ახალი სიცოცხლის დაბადებას ვემსახურები. ფონდის დაფუძნების იდეა გაჭირვებული უშვილო წყვილების მომართვამ გაგვიჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან უშვილობის პრობლემით, ვუტარებდით კონსულტაციებს, კვლევებს, რომ გაიგებდნენ, შვილის ყოლის ერთადერთი გზა ინ ვიტრო განაყოფიერება იყო, აღმოჩნდებოდა, რომ მათ საამისოდ თანხა არ ჰქონდათ, ასეთი პაციენტების რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდებოდა. სულ ვცდილობდი, შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდი ამ ადამიანებს... საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს ასეთი პაციენტების თანადგომის შესაძლებლობა გაუჩნდა და გადავწყვიტეთ კიდეც ფონდის შექმნა.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები გავიზიარეთ, გავეცანით უშვილობის თანადაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს და ასე დავიწყეთ _ მცირერიცხოვანი დონორების დახმარებით ნაწილობრივ ვუფინანსებთ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებს. სრულად ვერ ვაფინანსებთ, მაგრამ თანადაფინანსების ის პროცენტიც, რომელსაც ფონდი უხდის პაციენტს, დამეთანხმებით, მაინც დიდი დახმარებაა დღევანდელ ვითარებაში.ჩვენი ფონდის დახმარებით უკვე 7 ბავშვი დაიბადა, სადღეისოდ კიდევ 32 ორსული გვყავს, ეს ხომ ძალზე მნიშვნელოვანია! ყველა ქვეყანაში, სადაც კი ვყოფილვარ ტრენინგზე, სადაც კი მიმუშავია, ეხმარებიან უშვილო წყვილებს ინ ვიტრო განაყოფიერებაში, ყველგან ზრუნავენ ერის გამრავლებაზე, ახალი სიცოცხლის შექმნაზე; მჯერა, რომ საქართველოშიც მალე დადგება ეს დრო, და თუ ჩვენმა პატარა ჯგუფმა შეძლო ამ კეთილი საქმის კეთება იმ კომპანიებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან, დადგება დრო, ქვეყანაც შეუდგება უშვილო წყვილების დახმარებას.

როგორ ხვდებიან თქვენთან უშვილო წყვილები და რა პრინციპით ეხმარებით მათ?

ფონდი „შენთვის“ ამჟამად ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს და კლინიკაში შემოსულ მცირეშემოსავლიან ყველა პაციენტს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ვეხმარებით. რა თქმა უნდა, გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი, ტელევიზიითაც არაერთხელ გავახმოვანეთ ფონდის შესახებ ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად ვეწევით სხვადასხვა აქტივობასაც.

თანადაფინანსების პროცენტი შვილის ყოლის შანსებთან ერთად იზრდება. ფონდის შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ვუწვდით დახმარების ხელს. დონაცია და სუროგაცია ჩვენი დაფინანსების სფეროში არ შედის. ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ ცოლისა და ქმრის, ანუ მეუღლეების გენეტიკურ მასალაზე დაყრდნობილ დამხმარე ტექნოლოგიურ ჩარევას ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.

როგორ ხდება თანხების მოძიება, ვინ არიან ფონდის დონორები?

ფონდების მოძიების ტრადიციულ ხერხებთან ერთად გვაქვს ასეთი საინტერესო პრინციპი: ჩვენს კლინიკაში, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს ფონდი, არაერთი უცხოელი პაციენტი იტარებს პროცედურებს, მათ შორის სუროგაცია-დონაციის კუთხით. ყველა უცხოელი პაციენტის მიერ შემოტანილი თანხის ნაწილი შემდგომ ფონდის ბენეფიციარ ქართველ უშვილო წყვილებს ხმარდება, ასე ვაკეთებთ ქართულ საქმეს უცხოური ინვესტიციით. გვყავს რამდენიმე პარტნიორი ქართული კომპანია, სხვათა შორის, ერთი არაბული კომპანიაც, მათ შორის, ფონდში ყოველთვიური შემომტანები, დონაციის სახით, გვყავს საწევროს გადამხდელი ფონდის წევრი დონორები, მოქალაქეები, ვისთვისაც დემოგრაფია და ახალი სიცოცხლის დაბადება მნიშვნელოვანია.

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს